ბათუმის ბულვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის ბულვარი — ზღვისპირა პარკი ქალაქ ბათუმში. პარკს ყოველწლიურად ორ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს. მისი სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს. ამ მონაცემებით ის არის ყველაზე გრძელი ბულვარი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მოიცავს ბაღებს, ხეივნებსა და სკვერებს.

ბათუმის ბულვარი

ბულვარის კოლონადები
მდებარეობა
41.6367° ჩ. გ. 41.6168° ა. გ. / 41.6367° ჩ. გ. 41.6168° ა. გ. / 41.6367; 41.6168
ქვეყანა საქართველო
რეგიონი აჭარა
ქალაქი ბათუმი
ძირითადი ინფორმაცია
დაარსების წელი 1881
ტიპი ბულვარი
სტუმრების რაოდენობა 1000000
არქიტექტორი რესლერი; რეიერი
boulevard.gov.ge
ბათუმის ბულვარი — საქართველო
ბათუმის ბულვარი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 წელს ქალაქ ბათუმს პორტო-ფრანკოს სტატუსი მიენიჭა და დაიწყო მისი ურბანული განვითარების ახალი ეტაპი. იმ პერიოდის ბათუმში მხოლოდ ორი პატარა ზომის ბაღი არსებობდა: კერძო საკუთრება - „გუბერნატორის ბაღი“ და „მელეთ-ბაღჩა“, ბათუმისა და მისი შემოგარენის მოსახლეობის მიერ შეგროვებული სახსრებით გაშენებული ბაღი.[1][2]

ბათუმის ოლქის მაშინდელი მმართველობის წევრებს გაუჩნდათ იდეა, ზღვის სანაპიროზე გაეკეთებინათ სასეირნო ბულვარი, რის განსახორციელებლადაც გამოიყო ბიუჯეტი 2000 მანეთის ოდენობით .[3]

ბათუმის შუქურის რეკონსტრუქცია. 1882 წელი

ევროპელი მებაღეების ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი პარკის შექმნის იდეის განსახორციელებლად,1881 წელს მიწვეულ იქნენ გერმანელი მებაღე-ინჟინრები რესლერი და რეიერი, რომლებმაც იმავე წელს დაიწყეს ბათუმის ბულვარის გაშენება. შავი ზღვის მსხვილქვიშიანი სანაპიროს - ჩამოტანილი ხელოვნური ნიადაგით ჩანაცვლება ძალიან ართულებდა საქმეს, მაგრამ გერმანელი სპეციალისტები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობით ახერხედბნენ შედეგის მიღწევას.[4]

1884 წლის ბოლოს ბულვარში გაშენებული იყო უკვე ორი ხეივანი, მაგრამ ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა მისი კიდევ უფრო განახლება, რისთვისაც შექმნა სპეცილაური კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულები იყვნენ საფრანგეთის და ბელგიის იმდროინდელი კონსულები. კომისიის დადგენილებით, ბათუმის ბულვარის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა დიდგვაროვანი ფრანგი მებაღე-დეკორატორი მიშელ დალფონსი.

პარკის შენახვა, ქალაქისთვის საკმაოდ მსხვირ ხარჯს წარმოდაგენდა რამდენიმე მიზეზის გამო: ზაფხულსა და შემოდგომაზე რამდენიმეკვირიანი ისეთი სიცხეები დაემთხვა, რომ აუცილებელი გადხა მისი ხელოვნური მორწყვა; ბულვარში ნიადაგი საერთოდ არ იყო და მთელი ტერიტორია წარმოადგენდა მსხვილი ქვიშის სქელ ფენას, რის გამოც ხდებოდა ნარგავებისთვის ორმოებისა თუ არხების გაკეთება, რომლებიც გარეუბნებიდან ჩამოტანილი ნიადაგით ივსებოდა.[5] მიშელ დალფონსი საფრანგეთიდან ბათუმში გემებით ეზიდებოდა  ხეებს, რომელთა დიდი ნაწილიც მანამდე საქართველოში საერთოდ არ ხარობდა.[6]

1895 წლიდან შავმა ზღვამ პარკის მიდამოებში უკან დახევა დაიწყო, რითაც გაიზარდა სანაპიროს ტერიტორია და შესაძლებელი გახდა იქ ახალი ხეივნების და პლაჟის მოწყობა[7].

1888 წელს ბათუმს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახთან ერთად. ბათუმში ყოფნის დროს ის ბათუმის ბულვარის ხშირი სტუმარი იყო და ერთ-ერთ ხეივანში ხეებიც დარგო უფლისწულ ნიკოლოზთან ერთად. ნიკოლოზის პატივსაცემად, იმავე პერიოდში ეწოდა მშენებარე ბულვარს  „უფლისწულ ნიკოლოზის ბულვარი“.[8]


1889 წლისთვის ბათუმის ბულვარის ფართობი უკვე 11790 კვ.მ-ს შეადგენდა.

მიშელ დალფონსი

1890-1930 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წელს, ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნების  შედეგების მიხედვით, ქალაქის თავი გახდა ლუკა ასათიანი, რომელიც თავისი ავტორიტეტისა და იმპერიის მაღალჩინოსნებთან კარგი ურთიერთობის საშუალებით, ახერხებდა სოლიდური თანხების მოზიდვას. ამ თანხების დიდი ნაწილი ხმარდებოდა ქალაქის გამწვანებას და მეტწილად ბათუმის ბულვარს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე პარკმა შეიძინა განათება და მუსიკალური მოედნები, სადაც იმართებოდა მეჯლისები. ერთ-ერთ ხეივანში მოეწყო კეგლის მოედანი და ველოტრეკი, რომელიც ნათდებოდა ელექტროენერგიით[9].

1905 წელს, რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო,  პარკის შენება და განვითარება ორ ათეულზე მეტი წლით შეჩერდა. თუმცა, ამ პერიოდის სხვადასხვა წყაროებში ბათუმის ბულვარს და ქალაქის რამდენიმე მონაკვეთს მაინც მოიხსენიებენ როგორც - პატარა ნიცას.[10]

იასონ გორდეზიანის ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ გორდეზიანი

1929 წელს ბათუმის ბულვარის გამგედ დაინიშნა ვერსალის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იასონ გორდეზიანი. საქართველოში დაბრუნებამდე გორდეზიანი  მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის და ნიდერლანდების სხვადასხვა საბაღო მეურნეობებში. ასევე, ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში ეკავა აგრონომ–დეკორატორის თანამდებობდა.

1932 – 1933 წლებში ბულვარი გაფართოვდა 1 ჰექტარით. 1934 წელს ჩატარდა მისი მხატვრული გაფორმება. ამავე წლებში აშენდა  კოლონადები: ერთი შუა ბულვარში და ერთიც ცენტრალურ შესასვლელში, მაგრამ 1952 წელს სსრკ ხელისუფლებამ მეორე მათგანი მოანგრია და მის ნაცვლად იოსებ სტალინის ძეგლი აღმართა. ბათუმის ბულვარს მიენიჭა სტალინის სახელი.

1917 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს გადარჩენილმა იასონ გორდეზიანმა დაარსა და გააშენა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რის შემდეგაც თავისი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა ბულვარის განვითარებას.

იასონ გორდეზიანმა გადაახალისა ბულვარის მცენარეული საფარი. გააფართოვა ძველი და შექმნა ახალი სანერგეები, სათანადო  სათბურებითა და ორანჟერიებით, სადაც გამოჰყავდათ დეკორატიული და სუბტროპიკული მცენარეების ნერგები.[11] ბულვარს დაემატა  1200 მეტრიანი ხეივანი, რომლიც მთლიანად გაშენდა ახალი სახეობის ნარგავებით. ამ პერიოდშივე დაიწყო პატარა შადრევნების გაკეთება პარკის სხვდასხვა მონაკვეთებში.

1960-2000 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-1980-იან წლებში ბულვარი წარმოადგენდა ქალაქის მთავარ სარეკრეაციო ზონას, სადაც ტარდებოდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები[12].

ბულვარი დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლიდან დაიწყო ბულვარის განახლება და გაფართოება. ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა დამატებით 1200 მეტრზე გადაჭიმული ტერიტორია. ამ გაფართოების შემდეგ ბათუმის ბულვარის სიგრძემ 7 კილომეტრს მიაღწია. განახლებული განაშენიანების შედეგად პარკს დაემატა სხვდასხვა სახის სუბტროპიკული დეკორატიული მცენარეები და ბუჩქები, დაიდგა ახალი სკულპტურები და გაკეთდა ველობილიკი სანაპიროს მთელ გაყოლებაზე. საკომუნიკაციო ქსელების გაყვანამ, კერძო სექტორს საშუალება მისცა გაეკეთებინა სხვადასხვა დანიშნულების კომერციული სივრცეები.

2022 წელს დამტკიცდა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც გულისხმობს ბულვარის არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებას.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებობს ასათი სახეობის - ასი ათასამდე ნარგავი, რომელთა განახლებაც ყოველწლიურად მიმდინარეობს. პერმანენტულად ირგვება სხვადასხვა სახეობის  მილიონამდე ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ყვავილები. პარკში ძირითადად ჭარბობს ტროპიკული და სუბტროპიკული ხე-მცენარეები, მათ შორის ძალიან იშვიათი ჯიშებიც: სხვადასხვა სახეობის ფიჭვი, სხვადასხვა სახეობის მუხა, სხვადასხვა სახეობის კვიპაროსი, ბამბუკი, კედარი, ტუია, საკურა, პალმა და სხვა.

პარკის ტერიტორიაზე ხშირად შეხვდებით ციყვებსა და ზღარბებს. სპეციალურად გამოყოფილ ზოოკუთხში 150-ზე მეტი ცხოველი ბინადარობს - მათგან რამდენიმე არის კუ, დანარჩენს კი წარმოადგენენ შემდეგი სახეობის ფრინველებიგედები, მთის ბატები, ვარხვები, იხვები, ფარშევანგები, რამდენიმე ჯიშის თუთიყუში და სხვა. 

სკვერები, ხეივნები, ბაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური ბაღი

1020 კვ/მ-ზე გაშენებული „იაპონური ბაღი“ დაგეგმილია იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი ისეთი ლანდშაფტური დიზაინითა და ელემენტებით, როგორიც არის წყალსატევი, ბუნებრივი ქვის ბილიკები, ტორი, კასუგები და იაპონური ჯიშის ხე-მცენარეები.

ბათუმის ბულვარში ასევე ფუნქციონირებს სამი სკვერი: ტროპიკული სკვერი - სადაც უამრავი სახეობის ტროპიკული ჯიშის მცენარე ხარობს; იასონ გორდეზიანის სახელობის - 4000 ძირზე მეტი დეკორატიული ჯიშის ხე-მცენარით გაშენებული სკვერი და ბათუმელი მწერლის, ამირან შერვაშიძის ინიციატივით გაკეთებული - უკრაინული სკვერი.

ფიჭვების, მაგნოლიების და პალმების ხეივნები ბულვარის „ფილტვების“ როლს ასრულებს. სწორედ ეს სამი ხეივანი წარმოადგენს ძირითად სასეირნო ადგილებს ბათუმის ბულვარში. ამ მცენარეების ნაწილი ას წელზე მეტს ითვლის და დღემდე მიმდინარეობს მათი ახალი ნარგავებით განახლება.

ტროპიკული სკვერი

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა-ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1863 წელს აშენებული „ბათუმის შუქურა" არის ყველაზე ძველი შენობა-ნაგებობა, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1882 წელს ფრანგი ინჟინრების მიერ რეკონსტრუირებული „ბათუმის შუქურა" წარმოადგენს თავისი დროის ინჟინერიის უნიკალურ ნიმუშს,  რომელიც დღემდე ასრულებს თავის ფუნქციას.

1930 წელს, ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ, მაქსიმ გორკის დახმარებით იტალიის ქალაქ სორრენტოდან ჩამოიტანა ბათუმის კოლონადების პროექტი. ანტიკური სტილის კოლონადების მშენებლობა  4 წელს მიმდინარეობდა და 1934 წელს დასრულდა. მის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ პავლე ნადირაშვილი და ბოგდან კირაკოსიანი. ის ზღვის სანაპიროზე გასვლისას კარიბჭის როლის შესასრულებლად აშენდა, თუმცა დღესდღეობით სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების სცენადაც ხშირად გამოიყენება.

„საზაფხულო თეატრი", რომელიც 1948-1949 წლებში აშენდა, წარმოადგენდა ლურსმნის გარეშე აგებულ ხის შენობას. მისი პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები კახა ჯავახიშვილი და ბოგდან კირაკოსიანი. 1998 წელს, ბულვარის „საზაფხულო თეატრი" გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა, მაგრამ 2013 წელს მოხდა მისი აღდგენა და ახალი, ანალოგიური შენობის აშენება.

კაფე ფანტაზია" ე.წ „რვაფეხა" არის მოზაიკური ხელოვნების ყველაზე ცნობილი ფუნქციური ნაგებობა ქალაქ ბათუმში, რომელიც დააპროექტა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ 1975 წელს. 2019 წელს კაფეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დაიბრუნა პირვანდელი სახე.

ვეტერანთა კლუბი "ნონა" - ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის კლუბი, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ტურნირს ჭადრაკსა თუ ნარდში. კლუბი წარმოადგენს ბათუმელი ვეტერანებისა და კოლორიტების თავშეყრის ადგილს.

ანბანის კოშკი" - ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს ესკიზით შექმნილი, 130 მეტრი სიმაღლის რკინის ნაგებობა. კოშკის დიზაინის შთაგონება გახლავთ გენეტიკური კოდის შემცველი დნმ-ის სტრუქტურის შერწყმა ქართულ ანბანთან, როგორც ქართველი ხალხის უნიკალურობის გამოხატულებასთან. აშენდა 2011 წელს.

პანორამული ხედი საოცრებათა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე


ქანდაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930-იანი წლების დასაწყისში, ბათუმის ბულვარში განთავსდა იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ოცამდე სკულპტურა. მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ჯარისკაცებმა ქანდაკებების  სამიზნედ გამოყენება დაიწყეს და სროლაში ვარჯიშობდნენ, რის გამოც ქანდაკებების ნაწილი დაზიანდა, გადარჩენილი ნაწილი კი უკვალოდ გაქრა.

თამარ კვესიტაძის მიერ 2007 წელს შექმნილი, მოძრავი ქანდაკება - „ალი და ნინო“ შექმნილია აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსლიმი კაცისა და ქართველი ქრისტიანი ქალის სიყვარულზე. შვიდმეტრიანი კონსტრუქცია 8-10 წუთის ინტერვალით ასრულებს წრიულ მოძრაობას, რომლის ბოლოსაც, ქალისა და მამაკაცის სილუეტები გეომეტრიული სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს. ის არის მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და კულტურათა შერწყმის სიმბოლო.

„ქალი ველოსიპედზე“ არის კლასიკური სტილის, ბულვარის ერთ-ერთი შადრევნის აუზში ჩადგმული ქანდაკება. კლასიკური სტილის ნიმუშს წარმოადგენს ასევე  ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან განთავსებული „ფერია“ ე.წ „ქალი პეპელა“.

2012 წელს, საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის ბულვარის დამსახურებული ხელმძღვანელების მიშელ დალფონსისა და იასონ გორდეზიანის ძეგლები. გორდეზიანის ქანდაკების ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ირაკლი წულაძე, ისევე როგორც ბულვარში განთავსებული სხვა ქანდაკებებისა: „პირველი სიყვარული“ და „მე, შენ და ბათუმი".

ბათუმის ბულვარში, განსაკუთრებით კი მის ახალ ნაწილში, ასევე შეხვდებით სხვადასხვა პერიოდში შექმნილ, სხვა უამრავ თანამედროვე სკულპტურას.

შადრევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე შადრევანია. მაგრამ ორი მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. "ბულვარის ცენტრალური შადრევნები" - გაკეთდა 1977 წელს. შადრევნები იყოფა სამ ნაწილად: ორი კვადრატული ფორმის და ერთიც წრიული. შადრევნები გარშემორტყმულია „სალამურიანი ბიჭის“ ცვილის ქანდაკებებით. ყოველდღიურად მასპინძლობს ათასობით დამთვალიერებელს.

ძველი და ახალი ბულვარის გასაყარზე, არდაგანის ტბაში განთავსებული „მოცეკვავე შადრევანი" ღამით ფერადი ნათურებით ნათდება, ირთვება მუსიკა და იწყება სამგანზომილებიანი ლაზერული შოუ სპეციალური ჰოლოგრამით, რომელიც მოცეკვავე წყლის ილუზიას უქმნის მნახველებს.

ბულვარის ცენტრლური შადრევნები

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკრეაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველობოლიკი

ბათუმის ბულვარის დასაწყისში მდებარე იახტკლუბში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ პარაპლანით დაათვალიერონ შავი ზღვის ხედები. აქ შესაძლებელია პატარა იახტებისა და წლის სკუტერების ქირაობა და ზღვაში შეცურვა.

პარკის შუაგულში უკვე წლებია რაც არსებობს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის ღია კორტები, სადაც იმართება საერთაშორისო ტურნირები. კორტები ყოველდღიურად არის ხელმისაწვდომი პროფესიონალებისა და უბრალოდ მოყვარულებისთვის.

ბულვარის რამდენიმე ლოკაციაზე განთავსებულია ღია ფიტნეს სივრცეები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ ივარჯიშოს მისთვის სასურველი ტრენაჟორით.

ბულვარის ხეივნებსა და პლაჟს შორის გადაჭიმულია შვიდ კილომეტრიანი ველობილიკი, რომლითაც ნებისმეირ ველომოყვარულს შეუძლია ისარგებლოს. ველობილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ველოტერმინალებში შესაძლებელია ველოსიპედის ქირაობაც.

აქ ფუქნციონირებს რამდენიმე სტადიონი და მცირე ზომის სკეიტპარკი. ასევე, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის მოყვარულებისთვის განკუთვნილი სპეციალური სათამაშო მაგიდები.

გართობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ გახლავთ ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ბათუმის ბულვარში იმართება ყოველ ზაფხულს. ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარმსდგარან ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: სნუპ დოგი, ქულ ენდ ზე გენგი, პროდიჯი, ჯემიროქვაი, ერს ვინდ ენ ფაია და ა.შ

ბათუმის პანორამული ბორბალი არის 55 მეტრი სიმაღლის, 240 ადამიანზე გათვლილი ყველაზე დიდი ზომის ატრაქციონი ბათუმის ბულვარში, რომლის ერთი წრის გაკეთების ხანგრძლივობაც 10 წუთია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2007) ბათუმი ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ქ.ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციის და პერსპექტიული განვითარების ხედვა. თბილისი, გვ. 40. 
  2. მანონ ლილუაშვილი (2019). საქართველოს ქალაქების ურბანული განვითარება 1801-1918 წლებში. დ. ხოშტარიას საერთი რედაქციით, გვ. 166. 
  3. И. С. Месхи (1906). „XII“, Очерк развития батумского городского хозяиства (Городской Александровский сад и бульварь Цесаревича Николая, в сб.-еБатум и его окрестности, К 25-летию присоединения гор. Батума к Россшйской Империи). ბათუმი, გვ. 637-646. 
  4. დავით კლდიაშვილი (1961). ჩემი ცხოვრების გზაზე. თბილისი : საბჭოთა საქართველო. 
  5. (1906) Батумь и его окрестности. Батумь, გვ. 640-644. 
  6. თ.ცეცხლაშვილი (2019). ბათუმის ბულვარი, გვ. 19. 
  7. ნ. გურსკაია. ბათუმის გზამკვლევი, გვ. 28. 
  8. З. Маргиев (2012). Батумский бульвар, История в документах, фотографиях, воспоминаниях. Батуми, გვ. 268. 
  9. ფ. ქარდავა. პირველი ველოტრეკი XIX ს-ის 90-იანი წლების ბათუმში (საარქივო სამმართველოს მასალების მიხედვით), გვ. 370. 
  10. Э. Эриксон (1899). Из воспоминании о Батуме и его окрестностях. Естествознание и география. 
  11. თეიმურაზ კომახიძე (2000). ქ.ბათუმის დაგეგმარებისა და განაშენიანების ისტორია. გამომცემლობა აჭარა, გვ. 635 – 638. 
  12. Д. Комахидзе (1961). Вопросы планировки и застройки города Батуми : Автореферат на соискание научной степени канд. Архитектуры. თბილისი, გვ. 245-248. 

Sosotedrd (განხილვა/წვლილი) 16:01, 27 სექტემბერი 2022 (UTC)