ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია
Mother of God's church.jpg
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
რაიონი ზაქათალა
ადგილმდებარეობა ბაზარის (ზაგემის) ნაქალაქარი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი
თარიღდება ~XVI სკ.

ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია, ბახთალას ღვთისმშობლის ეკლესიაშუა საუკუნეების ქართული ტაძარი საინგილოში, დღევანდელი აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონში, რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 20-22 კილომეტრის დაშორებით, ალაზნის მარცხენა სანაპიროზე. დგას გაღმამხარის უძველესი სავაჭრო ქალაქის — ბაზარის, იგივე ზაგემის, ნაქალაქარის ტერიტორიაზე, იქ სადაც ამჟამად არის სოფელი ბახთალო. ხშირად მას ფალდახლოს ტაძარსაც უწოდებენ. ადგილობრივი „ლეკები ამ ეკლესიას ფერიყალას ეძახიან, რაც თამარის ციხესა ნიშნავს“.

განეკუთვნება მაღალი გუმბათის მქონე, მცირე მოცულობის ეკლესიების ჯგუფს. აგებულია კარგად გამომწვარი ქართული აგურისაგან იმ ყაიდაზე, როგორც ეს ახასიათებს კახეთის ამ სახის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ფასადები სადაა. ეკლესიის კედლები მდიდრულად ყოფილა მოხატული, მაგრამ იმდენად დაზიანებულია, რომ უმეტესი ნაწილი ჩამოფხეკილია და გამქრალი. ზოგიერთი გადარჩენილი ფრაგმენტი ძალზე დასახიჩრებულია. გახუნებულ ფრესკებსაც კი „თვალები დანის წვერითა აქვთ ამოჩიჩქნილი, მაგრამ მაინც ეტყობა მირქმა ქრისტესი, მიძინება ღვთისმშობლისა“. ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი დასახიჩრება-განადგურება უპატრონობისა და მოუვლელობის გამო გრძელდება.

მიწის თხრის დროს, 1858 წელს, ინგილოებს აქ უპოვნიათ  ზარი, რომელსაც ჰქონია ქართული მხედრული წარწერა. ამ წარწერიდან ირკვევა, რომ ზარი ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავს კახთა მეფეს ლეონს, რომელიც მეფობდა 1520-1574 წლებში, ამიტომ ამ ძეგლის მშენებლობასაც ლეონს მიაწერენ და ტაძარს XVI საუკუნით ათარიღებენ. რა თქმა უნდა, ძეგლის დათარიღებისათვის ეს სრულიად არ არის საკმარისი საბუთი, რადგანაც ზარზე არსებული წარწერა ძეგლის ეპიგრაფიკულ, რაიმე სამშენებლო ხასიათის უშუალო ამსახველ მასალას არ წარმოადგენს. პირველი ცნობები და ფოტოგრაფიული სურათი ამ ძეგლის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1898 წელს.

1970 წელს საბჭოთა პერიოდში გუმბათის ყელი ააფეთქეს.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]