ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ლოგო
ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი
მურმან პატარაია, ფონდის დირექტორის მოადგილე

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი — ორგანიზაცია საქართველოში, რომლის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა. შეიქმნა 2000 წელს. ფონდს აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული კანონის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. ეს კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებასა და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით 2010 წლამდე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. 2010 წლის ზაფხულიდან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პროექტების დაფინანსებას. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და მათ რეგიონულ განვითარებას. ამასთან, ფონდი ისწრაფვის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს მართავს დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. 2012 წლის 3 დეკემბრიდან ფონდის დირექტორია ირაკლი ჟორჟოლიანი. ფონდის დირექტორის მოადგილეა მურმან პატარაია.

ფონდის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფინანსურ-ადმინისტრაციული სამსახური და პროგრამების სამსახური.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიზანია ახალგაზრდულ კავშირთა მხარდაჭერა, რომელიც შემდეგი პრინციპების დაცვით ხორციელდება:

  • ორგანიზაციათა საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა;
  • საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება;
  • სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი უფლება.

ფონდი ყოველწლიურად გამოავლენს პრიორიტეტებს, რომლის საფუძველზეც ცხადდება საგრანტო კონკურსები და ფინანსდება ახალგაზრდული პროექტები.

მხოლოდ 2012 წელს ფონდმა 78 პროექტი დააფინანსა. ბენეფიციართა საერთო რაოდენობამ კი 32 299 შეადგინა. მაგალითად, 2012 წელს დაფინანსებული პროექტებს შორისაა:

  • საზაფხულო სკოლა განდაგანა, საერთაშორისო, გაცვლითი ტიპის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროპელი და ქართველი ახალგაზრდებისათვის მოეწყო კულტურული და შემეცნებითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
  • საქართველოს ახალგაზრდული ეკონომიკური დებატები 2012“ — პროექტში მონაწილეობას ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული 27 წლამდე 140 ახალგაზრდა იღებდა. ჩემპიონატში საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. პროექტის პირველი შესარჩევი ნაწილი თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. საუკეთესო გუნდები ერთმანეთს ფინალში შეეჯიბრნენ. გამოვლინდა ათი საუკეთესო მედებატეც.
  • 14 აპრილი“ — წიგნის პრეზენტაცია; წიგნში თავმოყრილია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მონაწილეთა ზეპირი ისტორიები. აღნიშნული ისტორიების ავტორები ძირითადად უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, დისიდენტური მოძრაობის წევრები არიან. ეს იყო პირველი მცდელობა, 1978 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ მასალების თავმოყრისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]