ბადრი მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბადრი მაისურაძე
Badri Maisuradze Otelo.jpg
ბადრი მაისურაძე. ოტელო, ტალინი, ესტონეთი, 2005
დაბ. სახელი ბადრი მაისურაძე
დაბ. თარიღი 13 ნოემბერი, 1966 (1966-11-13) (52 წლის)
საქმიანობა ტენორი და მსახიობი

ბადრი მაისურაძე (დ. 13 ნოემბერი 1966, თბილისი) — ქართველი დრამატული ტენორი და მსახიობი. მოღვაწეობს რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში. თანამშრომლობს ევროპის ცნობილ საოპერო დასებთან: Deutche Opera (ბერლინი), Real Opera (მადრიდი), San Carlo (ნეაპოლი). ცნობილია მისი როლები ოპერებში აიდა (რადამესი, დებიუტი 1996), მაზეპა (დებიუტი 1999, ლა სკალა), ტოსკა (კავარადისის პარტია, 2000, ვენის შტაატსოპერა), ოტელო (2003)[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადრი მაისურაძე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. რვა წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ლ. რობიტაშვილის საბავშვო ოპერის „პატარა იას დაბადების დღე“ სტუდიურ ჩაწერაში. გახდა საბჭოთა მასშტაბით ჩატარებული ორი საბავშვო კონკურსის გამარჯვებული. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, რის შემდეგაც რამდენიმე ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა: ნეილონის ნაძვის ხე, ახალი წელი, პირველი სიყვარული.

თავდაპირველად სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე; ერთხანს მუშაობდა კინომსახიობის თეატრში (ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ თუმანიშვილი)

„სამ გროშიან ოპერაში“ მონაწილეობისას იგი აღმოაჩინა ქართველმა ტენორმა ზურაბ ანჯაფარიძემ. მისი რჩევით ბადრიმ პროფესიული მუსიკალური განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ 1989 წელს კი ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში გაიარა.

ბადრი მაისურაძის დებიუტი შედგა 1980 წელს, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიაში“. პაატა ბურჭულაძის შუამავლობით მისით დაინტერესდა რამდენიმე უცხოელი იმპრესარიო. 1989–1993 წლებში იყო სოლისტი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრში, რომლის სცენაზეც, 1990 წელს შედგა მისი დებიუტი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“. პროფესიონალური კარიერა 1993 წელს დაიწყო, რასაც საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი გამარჯვება მოჰყვა (1994 წელს, შვედეთი, ესპანეთი). დიდ წარმატებას მიაღწია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში[1].

1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 2002 წლიდან კი — გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.

მომღერალი არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 1994 წელს, მან ლაურეატის წოდება მოიპოვა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში და ბიერლინგის საერთაშორისო კონკურსზე შვედეთში.

ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო — ლიეჟის ოპერის თეატრში შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ, 40-ზე მეტი პარტია შეასრულა მსოფლიოს მრავალ წამყვან თეატრში, მათ შორის: ბერლინის Deutsche Opera („ტრუბადური“, „აიდა“, „ნაბუქო“), ვენის Staatsoper („ტოსკა“), მილანის La scala („მაზეპა“), ფლორენციის Teatro Comunale („მადამ ბატერფლაი“, „ქალიშვილი დასავლეთიდან“), მადრიდის Teatro Real („აიდა“, „ერნანი“, „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“), ნეაპოლის Teatro di San Carlo („ლედი მაკბეტი“), პალერმოს Teatro Massimo („ტურანდოტი“, „აიდა“), ბარსელონას Gran Teatre del Liceu („ბალ-მასკარადი“), დრეზდენის Semprer Oper („ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „დონ კარლოსი“), პეტერბურგის მარიას თეატრი („აიდა“, „მოსასხამი“), სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი („ოტელო“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „მაკბეტი“), დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალი შვედეთში („ტოსკა“, „სამსონი და დალილა“), მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ოტელო“, „სამსონი და დალილა“), კანადის ოპერის თეატრი („მანონ ლესკო“, „ტოსკა“, „ჟანა დ’არკი“, „მადამ ბატერფლაი“), ოპერა ავსტრალია („აიდა“, „სამსონი და დალილა“, „ჯამბაზები“), პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგოში („მედიჩი“), მესინას Teatro Vittorio Emanuele („ქალიშვილი დასავლეთიდან“, „მოსასხამი“), მოსკოვის დიდი თეატრი („ტოსკა“, „პიკის ქალი“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „აიდა“, „ნორმა“, „ლუჩია ლამერმურიდან“, „ტრავიატა“, „მაკბეტი“), უნგრეთის ნაციონალური ოპერა („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „პიკის ქალი“, „ბედის ძალა“), ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი („აიდა“), ტულონის ოპერის თეატრი („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „ოტელო“), ესტონეთის ნაციონალური ოპერის თეატრი („პიკის ქალი“, „ტოსკა“, „სიმონ ბოკანეგრა“), ლიტვის ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ტოსკა“). მას შესრულებული აქვს ოტელოს პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში ასევე კოპენჰაგენში, ნანსიში, ლისაბონში, მალტაში, კეიპტაუნში, რიგაში.

2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის ლა სკალას საოპერო სეზონის გახსნაში (დირიჟორი რიკარდო მუტი).

ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მომღერალს აგრეთვე უმუშავია ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა: სეიჯი ოძავა, ზუბინ მეთა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პიტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, რიჩარდ ბრედშოუ, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.

ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, რიკარდო ზანდონაის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფლავიანო ლაბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრისა და სეულის ოპერის თეატრის კონსულტანტი, ასევე მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) მენეჯერია.

რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]