დავით ბადრიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბადრიძე, დავით)
Jump to navigation Jump to search

დავით გიორგის ძე ბადრიძე (დ. 4 აპრილი [ ძვ. სტ. 23 მარტი], 1899, ქუთაისი ― გ. 26 იანვარი, 1987, მოსკოვი), ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა თსუ სამედიცინო ფაკულტეტი, 1926 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). 1926–1934 თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო (დებიუტი - ჰერცოგის პარტია ვერდი, ჯუზეპე | ჯ. ვერდის "რიგოლეტოში"). 1934–1936 მღეროდა ეკატერინბურგის, 1936–1944 კვლავ თბილისის, 1944–1948 მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1937-იდან სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში 1957-1958, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბადრიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო (1972-დან პროფესორი). 1967-1970 მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის.

ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია, რომელთაგან აღსანიშნავია: მალხაზი ( ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მეურმე ( დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ერეკლე ( ი. გოკიელის "პატარა კახი"), კოტე ( ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ჰერცოგი და ალფრედი ( ჯ. ვერდის "რიგოლეტო" და "ტრავიატა"), ფაუსტი ( შ. გუნოს "ფაუსტი"), ჯერალდი ( ლ. დელიბის "ჰოდმანის ზღაპრები"), ვერთერი ( ჟ. მასნეს "ვერთერი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), სალოსი ( მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") და სხვა. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში "ჯურღაის ფარი" (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, 1944; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]