ბაგულალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაგულალებიდაღესტნის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ანდური მოდგმის ხალხი ბაგულალები არიან. მკვიდრობენ დასავლეთ დაღესტანში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითსახელწოდებაა ბაგულალ. ბაგულალები განსახლებულნი არიან ბოგოსის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდ. ან დის ყოისუს მარჯვენა მხარეს. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად მდებარე სოფლებში. ოქტომბრის გადატრიალებამდე ბაგულალები ადმინისტრაციულად შედიოდნენ ანდიის ოკრუგის კარატიის სანაიბოში. XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ბაგულალების საერთო რაოდენობა 1989 კაცს შეადგენდა (577 კომლი), XX საუკუნის 20-იან წლებში 3054 კაცს (დაღესტნის მთელი მოსახლეობის 0,39%). დღეისათვის სასოფლო ადმინსტრაციის დავთრებით ბაგულალების რაოდენობა ხუთი ათას კაცს აჭარბებს.

ბაგულალებს ჩრდილოეთიდან ემეზობლებიან კარატაელები, ახვახელები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - თინდალები, დასავლეთით - ჭამალალები, ღოდობერიელები. ბაგულალები სამ ჯგუფად იყოფიან, რომლებსაც ენის, კულტურის და ყოფის სპეციფიკური თავისებურებები გააჩნიათ. ბაგულალურის თქმებია: ხუშტადიური, ტლ ონდოდიური, ტლიბიშიური . ლაპარაკობენ ხუნძურ ენაზეც. დამწერლობაც ხუნძურ ენაზე აქვთ. ბაგულალები კავკასიონურ ანთოპოლიგიურ ტიპს მიეკუთვნებიან.

ბაგულალების მეურნეობისა და კულტურის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინა ეკოლოგიურმა გარემომ, სამეურნეო და კულტურულმა ლანდშაფტმა, სოციალ-ეკონომიკურმა პირობებმა. ისინი თანაბრად მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მიწათმოქმედება მათი უძველესი სამეურნეო საქმიანობაა. მისდევდნენ აგრეთვე მებაღეობას, მევენახეობას, მეფუტკრეობას. სახვნელი მიწები და სათიბები კერძო საკუთრებაში იყო. ცალკეულ სახვნელ, სათიბ ნაკვეთებზე, ტყის ნაწილზე თუხუმური საკუთრება არსებობდა. სათემო საკუთრებად ითვლებოდა საძოვრები.

მესაქონლეობაც ბაგულალების უძველესი საქმიანობა იყო. ჰყავდათ როგორც მსხვილფეხარქოსანი, ისე წვრილფეხარქოსანი საქონელი. XIX საუკუნის 80-იან წლებში ექვსი ბაგულალური სოფლის მოსახლეობას კერძო საკუთრებაში 21000 ცხვარი ჰყავდა, 2200 მსხილფეხარქოსანი საქონელი, 1100 ცხენი, სახედარი, ჯორი. მეცხვარეობა ძირითადად მომთაბარული იყო. ზამთარში ცხვარი თერგ - სულაკის დაბლობში ჰყვადათ, ზაფხულში _ მთებში. მეცხოველეობის პროდუქტები ბაგულალების ძირითადი საკვები იყო. მას პურსა და სხვა პროდუქტებზე ცვლიდნენ, აგრეთვე იმ ნაწარმზე, რომლებსაც არ აწარმოებდნენ. განვითარებული იყო შინამრეწველობისა და ხელოსნობის ზოგიერთი დარგი. რეწვის ნედლეული იყო მეცხოველეობის პროდუქცია (მატყლი, ტყავი, რქა, ძვალი), ხე, ქვა. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო საფეიქრო საქმე, ქეჩის წარმოება, მაუდის ქსოვა, მატყლის წინდებისა და ჩექმების ქსოვა, ვერცხლის ნაკეთობების დამზადება, ხანჯლის ქარქაშების კეთება. ოჯახისათვის ქალები ამზადებდნენ შუამოსართავებს, ხურჯინებს, ტომრებს. მამაკაცები სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს აკეთებდნენ.

კონფესიური თვალსაზრისით ბაგულალები მუსლიმი სუნიტები იყვნენ. ისლამი საბოლოოდ XIX საუკუნეში განმტკიცდა. ხალხში შემორჩენილი იყო ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები (რწმენა სულების არსებობის შესახებ, მაგია, ჯადოქრობა). პატივს მიაგებდნენ წინაპრებს, მზეს, მთვარეს.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ დღეს ბაგულალური ენის გამოყენების არე შეზღუდულია, რადგან ის უდამწერლობო და ოჯახში სალაპარაკო ენაა. ამიტომ მისი გაქრობის საშიშროება არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]