ალექსანდრე ბაგრატიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე ბაგრატიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბაგრატიონი (დ. 1674, თბილისი — გ. 1711, პიტეო) — ქართველი ბატონიშვილი. მეფე არჩილ II-ის ძე, ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი, რუსეთის პირველი გენერალ-ფელდცოიხმაისტერი (1699).

1684-იდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და პეტრე I-ის ყურადღება მიიპყრო. 1697 მასთან ერთად იმოგზაურა ევროპაში; კენიგსბერგსა და ჰააგაში 1699-მდე სწავლობდა საარტილერიო საქმეს. 1700 წლის 19 მაისს პეტრე I-მა მიანიჭა გენერალ-ფელდცოიხმაისტერის წოდება და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე ბატონიშვილი შეუდგა რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას. შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა ტყვედ ჩაიგდეს. ტყვეობაში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს პეტრე I-მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა, 1711 კი გამოიხსნა ტყვეობიდან, მაგრამ დაავადებული გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

ალექსანდრე ბატონიშვილს რუსულიდან ქართულად უთარგმნია "სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი" (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდი A- 347); ფიქრობენ, რომ მასვე ეკუთვნის იმპერატორ ბასილი მაკედონელის "ტესტამენტის" (ანდერძის) თარგმანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]