ბაბის ტაძარი
| ბაბის ტაძარი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 32°48′52″ ჩ. გ. 34°59′14″ ა. გ. / 32.81444° ჩ. გ. 34.98722° ა. გ. |
| ქვეყანა | ისრაელი |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული სტილი | ნეოკლასიციზმი |
| თარიღდება | 1909 |
| ბაბის ტაძარი | |
ბაბის ტაძარი (სპარს. مقام اعلی, ებრ. מקדש הבאב, არაბ. ضريح الباب) — ბაჰაიზმის რელიგიის მნიშვნელობით მეორე სიწმინდე, რომელიც მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში. ტაძარში დაკრძალულია ბაბი — ბაბიზმის დამფუძნებელი, რელიგიისა, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით ბაჰაიზმი აღმოცენდა.
ბაჰაიზმის მიმდევრებისთვის ცნობილია ორი უმთავრესი საპილიგრიმო ადგილი, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიის დამფუძნებლებთან: ბაჰაულას აკლდამა ბაჰჯში (აკო) და ბაბის ტაძარი (ჰაიფა), ასევე მათ გარშემო არსებული ბაღები, შენობები და ძეგლები.[1] ტაძარი განთავსებულია 19-ტერასიანი ბაღების (ცნობილი როგორც „19 საფეხური“) შუა წელზე, სადაც ცხრა ტერასა ტაძრის ზემოთ მდებარეობს, ხოლო ცხრა — მის ქვემოთ.[2]
ბაბის აკლდამის ალტერნატიული სახელწოდებებია ბაჰაის ტაძარი და ოქროს გუმბათი.[2]
ბაჰაის ბაღები, რომელთა ტერიტორიაზეც ტაძარი მდებარეობს, ქალაქ ჰაიფაში, ქარმელის მთის სამივე დონეზეა განფენილი. შესაბამისად, ბაღებში შესასვლელი სამი გზა არსებობს — ქვედა, შუა და ზედა. უშუალოდ ტაძარში მოსახვედრად გამოიყენება შუა შესასვლელი, რომელიც ზედა ადარის რაიონში მდებარეობს.
მომავალი ტაძრის ადგილმდებარეობა 1891 წელს თავად ბაბის მიმდევარმა და ბაჰაიზმის დამაარსებელმა — ბაჰაულამ განსაზღვრა, თუმცა აკლდამა მრავალი წლის შემდეგ, მისი უფროსი ვაჟის, აბდულ-ბაჰას ხელმძღვანელობით აიგო.[3] ბაბის ნეშტი აქ 1909 წლის 21 მარტს დაკრძალეს. ნაგებობა, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი,[4] უშუალოდ სამარხის თავზე 1949-1953 წლებში, შოღი ეფენდის ხელმძღვანელობით აშენდა.
ტაძრის არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის საფუძველს რვაკუთხედი წარმოადგენს (ჩვეულებრივ, ბაჰაიზმში იყენებენ ცხრაწახნაგოვან დიზაინს, რაც სიმბოლურად ბაჰაიზმის ერთიანობას განასახიერებს ცხრა დიდ მსოფლიო რელიგიასთან).[2] მიუხედავად ბაჰაიზმისთვის ტრადიციული ცხრაწახნაგა სტრუქტურისა, ბაბის აკლდამის საფუძველი სწორედ რვაკუთხაა, რაც მას არქიტექტურულად გამორჩეულს ხდის.
ბაბის ტაძრის ასაშენებელი ქვების უმეტესობა (იტალიური მარმარილო[2]) მოპოვებული იქნა იტალიაში, რის შემდეგაც ისინი ისრაელში გადაზიდეს. სვეტები შესრულებულია ვარდისფერი გრანიტით.[2] გუმბათი მოპირკეთებულია ნიდერლანდებიდან ჩამოტანილი 14 ათასი ხელით ნაკეთი ოქროს ფირფიტით (აგურით).[2]
ტაძრის არქიტექტორი იყო წარმოშობით კანადელი ბაჰაი, შოღი ეფენდის სიმამრი[3] — უილიამ საზერლენდ მაქსველი,[5] რომელიც თავის პროექტებს ბოზ-არტის (Beaux-Arts) სტილში ქმნიდა. გუმბათის სტრუქტურული დაპროექტების გარკვეულ ასპექტებზე ტექნიონის (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) პროფესორები მუშაობდნენ.[3]
ევროპული გრანიტის კოლონადა, აღმოსავლური ქვის თაღები და ოქროს გუმბათი[2] ერთმანეთთან აკავშირებდა აღმოსავლურ და დასავლურ (ნეოკლასიციზმი) არქიტექტურულ სტილებს, რაც ბაჰაიზმის გამაერთიანებელი იდეოლოგიის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა.
1909 წლისთვის, ბაბის ნეშტის დაკრძალვის დროს, ტაძარი 6 ოთახისგან შედგებოდა.[2] 1921 წელს ერთ-ერთ მათგანში დაკრძალეს აბდულ-ბაჰა.[6] 1929 წელს ტაძარს კიდევ 3 ოთახი დაემატა, ხოლო თავდაპირველი ნაგებობის თავზე გუმბათოვანი დაშენება მხოლოდ 1953 წლისთვის დასრულდა.[2] დაშენება წარმოადგენდა 11 მეტრის სიმაღლის ცილინდრს 18 ვიტრაჟული ფანჯრით, რომლებიც ბაბის პირველ მოწაფეებს ასიმბოლოებენ.[3] სალოცავი გარშემორტყმული იყო არკადით (38 სვეტი, 28 ქვის თაღი).[6] ტაძარი ორსართულიანად ითვლება და მისი სიმაღლე 40 მეტრს აღწევს.[7]
2008-2011 წლებში ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.[8] გუმბათის ოქროს აგურები შეიცვალა ოქროს ფირფიტებით.[6]
ტაძრის სიმბოლიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფასადზე გამოსახული ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.[6]
- 18 ტერასა და სარკმელი, რომლებიც ბაბის პირველი მოწაფეების პატივსაცემად არის შექმნილი.[3]
- სპეციალური სიმბოლო — სიტყვა „ბაჰას“ განსაკუთრებული კალიგრაფიული წარწერა, რომელიც ჩასმულია ორ ხუთქიმიან ვარსკვლავს შორის. ეს სიმბოლო ორ წინასწარმეტყველს — ბაბსა და ბაჰაულას შორის კავშირს განასახიერებს.[6]
ადგილი ჰაიფის ღირსშესანიშნაობებს შორის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაბის აკლდამა ჰაიფის ერთ-ერთი ყველაცე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ბაჰაიზმის მიმდევრები ბაბის ტაძარსა და მის გარშემო არსებულ ბაღებს (რომლებიც ასევე შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში) „კაცობრიობისთვის მიძღვნილ საჩუქრად“ მიიჩნევენ.
ასახვა ხელოვნებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე გოროდნიცკის სიმღერა „ბაჰაის ტაძარი“,[9] მუსიკალური ალბომიდან „Беженцы-листья“ (1988-1994).[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Святые места Бахаи в Хайфе и на западе Галилеи (2008). ციტირების თარიღი: 2022-09-08
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Святилище Баба. ციტირების თარიღი: 2022-09-10
- 1 2 3 4 5 Золотой юбилей королевы Кармель (2003-10-12).
- ↑ UNESCO World Heritage Centre. (2008-07-08) Three new sites inscribed on UNESCO’s World Heritage List. ციტირების თარიღი: 2008-07-08.
- ↑ William Sutherland Maxwell. ციტირების თარიღი: 2022-09-10
- 1 2 3 4 5 6 Юрий Полторак, Хайфа : путеводитель по городу, Хайфа: G.M.C., 2016. — გვ. 320, ISBN 9789655559514.
- ↑ Адар Элион. ციტირების თარიღი: 2022-09-10
- ↑ „Beauty of restored Shrine set to dazzle visitors and pilgrims“. Bahá'í World News Service. 2011-04-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-26. ციტირების თარიღი: 2011-04-12.
- ↑ А.Городницкий. (1991) Бахайский храм.
