შინაარსზე გადასვლა

აჰმედ აბდალა სამბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ აბდალა სამბი
არაბ. أحمد سامبي
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1958(1958-06-05)[1] [2] (67 წლის)
დაბადების ადგილი მუცამუდუ
მოქალაქეობა  კომორის კუნძულების კავშირი

სეიდი აჰმედ აბდალა მოჰამედ სამბი (არაბ. أحمد عبدالله محمد سامبي დ. 5 ივნისი, 1958) — კომორის ისლამური ლიდერი და პოლიტიკოსი, რომელიც 2006-დან 2011 წლამდე კომორის კუნძულების მერვე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ხალხში იგი ცნობილია ზედმეტსახელით „აიათოლა“. მას შემდეგ, რაც 2006 წლის 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 58.02%-ით აშკარა გამარჯვება მოიპოვა, იმავე წლის 26 მაისს სამბის ინაუგურაცია შედგა. ეს იყო ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაბარება კომორის კუნძულების კავშირის ისტორიაში.

სამბი დაიბადა მუცამუდუში, კუნძულ ნძუანზე. იგი შვიდი შვილის მამაა, მათ შორის არიან ინტისვარე და ფატუმატი. სამბი ფლობს ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ მატრასებს, ჩამოსასხმელ წყალს და პარფიუმერიას — კომორის კუნძულების ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტს. იგი ცხოვრობს ანჟუანის დედაქალაქ მუცამუდუში, მაღაზიის ზემოთ, რომელსაც „მატრასების სახლი“ ჰქვია. მან ასევე დააფუძნა ტელეკომპანია სახელწოდებით „ულეზი“ (განათლება).[3]

იგი წარმოშობით ჰადრამავთელი სეიდი არაბია და ეკუთვნის იემენის, კერძოდ ჰადრამავთის „ბა ალავი სადაჰის“ საგვარეულოს. ეს ტომი აჰმედ ალ-მუჰაჯირის შთამომავალია, რომელიც თავის მხრივ ალი ალ-ურაიდის შვილიშვილი იყო — იმამ ჰუსეინის, ისლამის წინასწარმეტყველის, მუჰამედის შვილიშვილის მეოთხე თაობის შთამომავლის.[4]

მან ისლამური განათლება სუდანში, საუდის არაბეთსა და ირანის ქალაქ ყუმში მიიღო. თეირანში ბაზირებული საინფორმაციო სააგენტო „ტაბნაკის“ ცნობით, ირანში ყოფნისას სამბი აიათოლა მესბაჰ იაზდისთან სწავლობდა.[5] მიუხედავად მისი სუნიტური წარმომავლობისა, ირანში გატარებული დროისა და ჩალმის ტარებისადმი მიდრეკილების გამო, მან ზედმეტსახელი „კომორის აიათოლა“ დაიმსახურა.[3][5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 16 აპრილს, კუნძულ ნძუანზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სამბი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. მან ცამეტ კანდიდატს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ხმების 23.70% მოიპოვა.

14 მაისის არჩევნებში გამარჯვებულად სამბი 15 მაისს გამოცხადდა. საარჩევნო საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ალი აბდალას განცხადებით, მან დაამარცხა საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ოფიცერი მუჰამედ ჯანფარი და გამოცდილი პოლიტიკოსი იბრაჰიმ ჰალიდი. აღსანიშნავია, რომ ჰალიდის კანდიდატურას მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტი აზალი ასუმანი.[6]

ბრალდებები კორუფციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს სამბის ბრალი წაუყენეს ბაშარ კივანთან ერთად „კომორის პასპორტების სქემის“ დაგეგმვაში, რის შედეგადაც მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობისგან 200 მილიონი აშშ დოლარი მიითვისეს.[7][8]

2018 წლის აგვისტოში, კომორის კუნძულების ხელისუფლებამ ყოფილ პრეზიდენტ აჰმედ აბდალა სამბის და ბაშარ კივანს ბრალი წაუყენა კორუფციაში, სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და კომორის პასპორტების გაყიდვასთან დაკავშირებულ გაყალბებაში.[9] სამბი დააპატიმრეს, რის შემდეგაც, 2018 წლის სექტემბერში, მან უზენაეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ კორუფციის საქმეზე საკუთარი თავის დასაცავად ადვოკატთან შეუზღუდავი წვდომის უფლება ჰქონოდა.[9]

2022 წლის 21-დან 24 ნოემბრამდე აჰმედ აბდალა სამბი, ბაშარ კივანი, მაჯდ სულეიმანი და სხვა Comoro Gulf Holdings-ის დირექტორები, კომპანიის რომელიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა პასპორტების გაყიდვას წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. მათ ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ღალატი, მითვისება და იმ სახელმწიფო სახსრების გათეთრება, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ეკონომიკური მოქალაქეობის პროგრამიდან იყო მითვისებული.[10][11] პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი თანამზრახველებისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.[12] 2022 წლის 28 ნოემბერს სამბის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[13]

პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბის განცხადებით, კომორის კუნძულები არ იყო მზად ისლამურ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამასთანავე, მისი პრეზიდენტობის პერიოდში არავინ იქნებოდა ვალდებული, ეტარებინა ჩადრი. მან ასევე პირობა დადო, რომ იბრძოლებდა კორუფციასთან, შექმნიდა სამუშაო ადგილებს და ააშენებდა უკეთეს საცხოვრებელ სახლებს სიღარიბეში მცხოვრები კომორელების უმრავლესობისთვის.[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Encyclopædia Britannica
  2. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. 1 2 „Profile: The 'Ayatollah' of Comoros“. BBC News. 2006-05-16. ციტირების თარიღი: 2006-07-21.
  4. (2009) {{{title}}} (Arabic). Al-Jazeera. ციტირების თარიღი: 2013-05-21. 
  5. 1 2 Javedanfar, Meir (2009-05-06). „Ahmadinejad's messianic connections“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2009-05-21.
  6. „Islamist elected Comoros leader“. BBC News. 2006-05-16. ციტირების თარიღი: 2006-07-21.
  7. Former Comoros president charged in passport scandal (22 August 2018). ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  8. Amir, Ali; Lewis, David. Ex-Comoros president charged with graft in connection to passports scheme (21 August 2018). ციტირების თარიღი: 15 April 2019.
  9. 1 2 „Comoros Ex-Leader Held Over Passport Sales Demands Lawyer Access“. Bloomberg.com (ინგლისური). 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2022-07-30.
  10. „Comoros Ex-leader Refuses To Attend High Treason Trial“. AFP News. November 22, 2022.
  11. „Comores : l'ancien président Sambi jugé pour "haute trahison". Le Figaro. November 21, 2022.
  12. „Comoros Seeks Life Term For Ex-president Sambi For High Treason“. AFP News. November 24, 2022.
  13. 1 2 „Comoros court sentences former president to life in prison“. FRANCE 24. 28 November 2022. ციტირების თარიღი: 28 November 2022.