აჰბიუქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰბიუქიმუსტიეს ხანის ნამოსახლარი-სახელოსნო. მდებარეობს ქ. სოხუმის ჩრდილოეთით 6 კმ-ზე, იაშთხვისა და აჰბიუქის მთათა ფერდობებს შორის მოქცეულ ველზე. შეისწავლა ს. ზამიატნინმა 1934-1938 წლებში. მასალა შეგროვებულია მიწის ზედაპირზე. ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და იარაღი დამზადებულია ე. წ. დანიური იარუსის კაჟისაგან და დაფარულია მოთეთრო პატინით. ანატკეც-ფირფიტების დიდი უმრავლესობა ლევალუას ტიპისაა - დიდი ზომისა და სწორი პროპორციული მოყვანილობისა. ნუკლეუსზე დარტყმის მოედანი შესწორებულია. აღსანიშნავია ნუკლეუსებიდან გადაკეთებული საჩეხები, სახოკები, ლევალუაზური და მუსტიჟური წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღის ფრაგმენტი და ა. შ. სხვა პერიოდის ქვის ინვენტარი აჰბიუქის მასალაში არ ურევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 2, გვ. 112, თბ., 1977