ახოს ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახოს ჯამე

ახოს ჯამე

ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აჭარა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ახო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უსტა ხუსეინი
თარიღდება 1817-1818
დეტალები
სიგრძე 9.3 მ.
სიგანე 8.8 მ.

ახოს ჯამეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

სოფელ ახოში ძველად ქრისტიანული სამლოცველო, ხის ეკლესია ყოფილა. XV საუკუნის ბოლოს ოსმალთა შემოსევისას ტაძარი დაანგრიეს და ეკლესია მაჰმადიანურმა სამლოცველომ ჩაანაცვლა. გადმოცემის თანახმად, მეჩეთის მშენებლობისას ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ, რამდენიმე ქვა კი, რომლებზეც ჯვრები და ქრისტიანული რელიქვიები იყო გამოსახული, ჩაბრუნებული სახით ჩაუშენებიათ. მეჩეთის არქიტექტურა და ხუროთმოძღვრული მოკაზმულობაც კლესიის არსებობას ადასტურებს.

დღევანდელი სახით ახოს ჯამე 1817-1818 წლებში ლაზმა ხელოსანმა, უსტა ხუსეინმა ააშენა. ის ორსართულიანია: პირველ სართულზე სარდაფია განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე — ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ჯამეს ზომებია 9.3 მ. X 8.8 მ. სახურავად კრამიტია გამოყენებყლი. აივნის ჩათვლით ჯამე გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. სამხრეთით კბილანათაღიანი მიჰრაბი აქვს, რომლის თავზეც არაბული წარწერაა. ცენტრალური სივრცის ჭერს გუმბათი ფარავს, რომელიც შიგნიდან ზეთის საღებავებითაა მოხატული. ჯამე ოთხივე მხრიდან აჟურული მოაჯირითაა დაფარული, რომლის სამხრეთი მხარეც დეკორაციულ მორთულობას წარმოადგენს. ჩრდილოეთით მცირე ზომის ნახევარწრიული აივანია გამოყოფილი.

ინტერიერში დეკორაციულად აქცენტირებულია მიმბარი, ქოროს მოაჯირი და კათედრა. ხის ორნამენტები აპლიკაციის სახითაა შესრულებული და დაფერილია. ახოს ჯამის ყველა კედელი სარკმლებითაა დანაწევრებული. მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მინარეთის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ჯამის ქვის წყობა მშრალია. სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. მეჩეთი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არსებულ ჯამეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელია. ჯამე დღემდე მოქმედია.

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ახოს ჯამეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]