ახმეტის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტი დროშა ახმეტის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ახმეტა

რეგიონი

კახეთის მხარე

სიმჭიდროვე

18,9 [1] კაცი/კმ²

ფართობი

2207,6 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

44 100 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 69,7%
ქისტები 20,9%
ოსები 5,1%
ჩეჩნები 3,2%
აზერბაიჯანელები 0,4%[2]

ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.


ახმეტის ცენტრალური მოედანი
ცენტრალური სკვერი
ახმეტის რუკა

ახმეტის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიგა კახეთში. 1930-მდე ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თიანეთის მაზრაში, 1930 წლიდან თელავის მაზრაში, 1951 წლიდან გამოიყო ცალკე რაიონად, 1963-1964 ისევ შეუერთეს თელავის რაიონს. 1964 წლის აგვისტოდან კვლავ გამოიყო ახლანდელ საზღვრებში. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ფართობია – 2207,6 კმ².

გეოგრაფია

რელიეფი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიურად კონტრასტებით ხასიათდება. უდიდესი ნაწილი გარშემორტყმულია მაღალი ქედებითა და მთებით. შედარებით დაბალი ადგილები გვხვდება მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ალაზნის ვაკის სახით.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის საწყისი მონაკვეთი და მათთან დაკავშირებული განშტოებები : პირიქითი ქედი, აწუნთის ქედი, მაკრატელას ქედი, კახეთის ქედი, გომბორის ქედი, ტბათანის ქედი, ნაქერალის ქედი და სპეროზის ქედი. უფრო მცირე ოროგრაფიული ერთეულებია თუშეთის ქვაბული, პანკისის ხეობა და ალაზნის ვაკის მცირე მონაკვეთი.

პირიქითი ქედი – განფენილია მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის განშტოებას. იგი მდინარე ანდის ყოისუს ზემო წელის აუზის მდინარე შაროარღუნის აუზისაგან და ჭანთირგუნის მარჯვენა სათავეებისაგან განჰყოფს. ქაჩუს უღელტეხილის აღმოსავლეთით ქედი ერთობლივად არის მაღალი და თანამედროვე მყინვარებით არის შემოსილი. გამყინვარება უფრო ძლიერ წარმოდგენილია ჩრდილოეთ ფერდობებზე კერძოდ კი მდინარე შაროარღუნის სათავეებში. პირიქითი ქედის აღმოსავლური ნახევარი საგრძნობლად არის მაღალი დასავლურ მონაკვეთთან შედარებით (თუ არ ჩავთვლით პირამიდის ფორმიან ტებულოს მთას). ქედზე აღმართულია მწვერვალები: ტებულოს მთას, დიკლოსმთა, ქომიტო, დანოსმთა, ყვავლოსმთა, ჭეშოსმთა, კურკუმასწვერი, ქაჩუ პატარა და შავი ქვიშა.

უღელტეხილებიდან გამოსაყოფია ტებულო (მდინარე პირიქითი ალაზნის სათავეს აკავშირებს ტებულოს ხეობასთან), ქაჩუ (პირიქითის ხეობას აკავშირებს მდინარე შაროარღუნის აუზთან), ქერიღო (პირიქითის ხეობას აკავშირებს ტებულოს ხეობასთან). წარმოდგენილია თანამედროვე მყინვარები: აღმოსავლეთ დიკლო და დასავლეთ დიკლო.

პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომლებიც ადვილად იფიტება, ინგრევა და თხემურ ზონაში მძლავრ ღორღნალებს, ლოდნარებსა და მორენულ გროვებს წარმოშობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილშია ასევე აწუნთის ქედი, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილო განშტოებაა. არის მერიდიანული მიმართულების ქედი, რომელიც აერთებს ბორბალოს მთას ტებულოს მასივთან. აწუნთის ქედის ჩრდილო ნაწილში არის თანანამედროვე მყინვარები (მ.შ. მყინვარი აწუნთა). აღმართულია მწვერვალი ამღა (3840 მ) და უღელტეხილი აწუნთა (3431 მ). ეს უკანასკნელი თუშეთს ხევსურეთთან აკავშირებს.

აწუნთის ქედის აღმოსავლურ გაგრძელებას წარმოადგენს მაკრატელას ქედი, რომელიც წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მასზე მდებარეობს მწვერვალები: ცივა (3362 მ), მაკრატელა (3106) მ და სამრულისმთა (3482 მ). მაკრატელას ქედს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამრულისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული.

კახეთის ქედის წარმოადგენს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებას. გამოეყოფა ქართლის ქედს 3279 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალთან და მიემართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ. აღმართულია მთები: დიდი ველევი, მუხათი, დამასტი, ბუშათისმაღალი, გარეჯა (ბოლო უკანასკნელი ორი მთა განლაგებულია ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე). ჩამოთვლილთაგან უმაღლესია გარეჯა (2496 მ), რომელიც არის მთელი კახეთის ქედის უმაღლესი პუნქტი.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია სპეროზის ქედი, რომელიც კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა. გამოყოფს მდინარეებს ალაზანსა და სამყურისწყალს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ქოჩარა (3111 მ). სპეროზის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ქვედაიურული ასპიდური თიხაფიქლები და ასევე არკოზული ლინზები. კალთები ციცაბოა, დასერილია ვიწრო ხევებით, გვხვდება მყინვარული ფორმებიც.

რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თუშეთის ქვაბული და პანკისის ხეობა. მუნიციპალიტეტის სამხრეთით ალაზნის ვაკეა გაშლილი, რომლის სიგანე აქ 5-11 კმ-ია (ალაზნის ვაკის უმცირესი სიგანე).

შიგა წყლები

მდინარე პირიქითი ალაზნის ხეობა
თუშეთი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური ქსელი ძალზე ხშირია. აქაური მიწები სავსეა მთის სწრაფი მდინარეებით და ზოგადად შიდა წყლებით.

ჩრდილოეთით მთიან მხარეში თუშეთში აღსანიშნავია ორი მდინარე : პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი მრავალი შენაკადებით.

პირიქითი ალაზანი (სიგრძე 49 კმ) სათავეს იღებს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მყინვარზე ზღვის დონიდან 3195 მ-ზე. იკვებება მყინვარული, თოვლის,წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. ნოემბრიდან მარტამდე იგი იძგიფება, ითოშება და ჩნდება ყინულნაპირისი. დინება სწრაფია, წყალი კი ცივი. მისი შემდინარეები ძირითადად მარცხენა მხრიდან არის განვითარებული (ფარსმისწყალი, ჭეშოსწყალი, დიდხევი, ჩიღოსწყალი, ხაისხევი) რომლებიც ჩამოედინებიან პირიქითი ქედიდან. მარჯვნიდან კი მას უერთდება ერთადერთი მნიშვნელოვანი მდინარე ლაროვანისწყალი.

აწუნთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე ზღვის დონიდან 2840 მ-ზე იბადება მდინარე თუშეთის ალაზანი (სიგრძე 59 კმ), რომელიც საკმაო მანძილზე გომეწრის ხეობაში მიედინება. თუშეთის ალაზანი მდინარე პირიქითი ალაზნისაგან განსხვავდება იმით რომ მისი შენაკადები მარჯვენა მხრიდან არიან განვითარებულები (ხისოს ალაზანი და ორწყალი). რაც შეეხება მარცხენა შენაკადებს იგი წარმოდგენილია ერთადერთი მთავარი შენაკადით წოვათისწყალით. მდინარე თუშეთის ალაზნის საშუალო წლიური ჩამონადენია 0,7 კმ³.

მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ალაზანი, რომელიც სწორედ აღნიშნული რაიონის ფარგლებში, ბორბალოს მთის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2750 მ-ზე იწყება. ბახტრიონამდე ჩქარი დინება ახასიათებს, ალაზნის ვაკეზე გამოსვლისას (ბახტრიონის ქვემოთ) იგი ვაკის მდინარედ იქცევა და ახასიათებს შედარებით წყნარი დინება. ალაზნის სათავედ გვევლინება ორო მდინარე : წიფლოვნისწყალი და სამყურისწყალი, რომლებიც ერთიმეორეს უერთდებიან ზღვის დონიდან დაახლ. 950 მ-ზე და დასაბამს აძლევენ სახელგამთქმულ მდინარე ალაზანს.

აქაურ მიწებზე ალაზანი საკმაოდ დიდ მანძილზე მიედინება (მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარის სიგრძე პირდაპირი ხაზით 50 კმ-ზე მეტია). ალაზანს მუნიციპალიტეტის ფარგლებში უერთდება ძალზე ბევრი მდინარე, განსაკუთრებით მარჯვენა მხრიდან. მარჯვენა შენაკადებია : დიდრიყე (შენაკად შავკაბახევით), ლამაზური, ქოჩადალა, ქისტაურა, ილტო, ხევისჭალა, ბაწარა (შენაკად ტოლოშისხევით), ქვაჩადალა, მატნისხევი, ღურულა, ძიბაწყალი და ა.შ. მარცხენა შენაკადები უმნიშვნელოა, სიდიდით გამოირჩევა მდინარე საქორისწყალი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცალკე აღნიშვნის ღირსია მდინარე ილტო (სიგრძე 43 კმ), რომელიც სათავეს იღებს ქართლისა და კახეთის ქედების შესაყართან. აქვს ძირითადად სამხრეთ-დასავლური მიმართულება, სოფელ ნადუქნართან იგი მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ და შეერთვის ალაზანს ქალაქ ახმეტის ჩრდილოეთით.

მთავარი შენაკადებია : ქვარეხი, ქაშანთხევი, ხევგრძელი, ხოშანხევი, ბოხევი, ფშალხევი, თლიხევი (მარჯვ); დიდი ველტეხი, პატარა ველტეხი, შუა ველტეხი, ბოდალხევი, საღორისხევი, ჭირისხევი (მარცხ).

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით გაედინება მდინარე ანდის ყოისუ, რომელიც იქმნება მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის შეერთების შედეგად 1535 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე. საქართველოს ფარგლებში მდინარის სიგრძეა 14,6 კმ. ანდის ყოისუ ტიპური მთის მდინარეა კარგად გამოხატული საფეხურებისებური დინებითა და ვიწრო და ღრმა ხეობით.

ჰავა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ტემპერატურის აბსოლუტურ მაქსიმუმი 38°, ნალექები 770-820 მმ წელიწადში.

ზღვის დონიდან 700 -იდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 3°, ივლისის 22°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 36°, აბსოლუტურ მინიმუმი -26°. ნალექები 1200-2000 მმ წელიწადში. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე განვითარებულია ტენიანი ჰავა, ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°. ნალექები 1500-1700 მმ წელიწადში.

საკუთრივ ქალაქ ახმეტაში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,6°. ნალექები 820 მმ წელიწადში.

ნიადაგები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ფართობი უჭირავს მთა-მდელოს კორდიან ნიადაგს, რომელიც განვითარებულია მუნიციპალიტეტის სუბალპურ და ალპურ ზონაში. საშუალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 1000-2000 მ-ზე გვხვდება ტყის ყომრალი ნიადაგები, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად თუშეთის ისტორიულ მხარეში, მთის ფიჭვნარებში, მდინარე თუშეთის ალაზნის ორივე სანაპიროთა გასწვრივ, აგრეთვე მდინარე პირიქითი ალაზნის ქვემო დინების სანაპიროებზე და მდინარე ალაზნის ზემო დინებაში. კარბონატულ ქანებზე გამოფიტვის ქერქზე ჩამოყალიბებულია ნეშომპალა კარბონატული ნიადაგი. მუნიციპალიტეტში მცირე ფართობით არის ტყის ყავისფერი ნიადაგებიც. ალაზნის ვაკესა და პანკისის ხეობაში გაბატონებულია ალუვიური ნიადაგი.

ლანდშაფტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ალუვიური ვაკე ლეშამბიანი ტყის ფრაგმენტებით;
  2. საშუალო მთები წიფლის ტყით, ყომრალ და ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე;
  3. ყომრალი ნიადაგი არყნარ-ფიჭვნარით;
  4. მთის მდელოს ნიადაგი სუბალპური მდელო ბუჩქნარით;
  5. მთის მდელოს ნიადაგი ალპური მდელოთი;
  6. სუბნივალური ლანდშაფტი;
  7. ნივალური ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

ფაუნა

მუნიციპალიტეტის ალპურ სატყელში ბინადრობს არჩვი, ჯიხვი, იმავე ადგილებში იშვიათად გვხვდება ნიამორი, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. ტყეებში გვხვდება მურა დათვი, ფოცხვერი, შველი, თითქმის ყველგანაა ტურა, მელა, მგელი, დედოფალა, მაჩვი, კურდღელი და სხვ. ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, ორბი, ზარნაშო, ყვავი, შოშია, ბუ და სხვ.

ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია გველხოკერა, ხვლიკი, გველი, გომბეშო და ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის მურწა, კალმახი, ჭერეხი, ქაშაპი, ტობი, წვერა და სხვა სახეობის თევზი.

ფლორა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით. აქაური ფაუნა, ფლორა, შიდა წყლები და რთული რელიეფური პირობები თვალისმომჭრელია თითოეული მნახველისათვის. აქაურ მიწებზე წარმოდგენილია ერთობლივად სამი სახელმწიფო ნაკრძალი (ბაწარის,ბაბანეურის,თუშეთის) და ამრიგად ახმეტა საქართველოში ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ერთობლივად ამდენი ნაკრძალია წარმოდგენილი. ნაკრძალები განთქმულია თავისი სილამაზით, უნიკალურ იშვიათი ტყითა და ასევე ფაუნით.

ახმეტის მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ტყეები და მდელოები. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე წარმოდგენილია არყნარ-ფიჭვნარი ად ფიჭვნარი, ასევე ალპური მდელოები.

თუშეთის ტერიტორიაზე არის მთის ფიჭვნარ-არყნალი და სუბალპური ტყეები. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი შექმნილია მდინარე ბაწარის ხეობაში. ნაკრძალში დაცულია უთხოვარი ანუ ურთხელი (ერთ-ერთი ხის სიმაღლეა 30 მ, ასაკი 1800 წლამდე). საინტერესოა აღინიშნოს რომ ურთხელი ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა ანგელოზის ხედ მიაჩნდათ.

სოფლებს ბაბანეურსა და არგოხთან შექმნილია ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც დაცულია ძელქვის იშვიათი წმინდა და შერეული მასივები. ძელქვის გარდა აქ იზრდება მუხა, ნეკერჩხალი და სხვ. ქვეტყეში არი კვიდო, კუნელი, ზღმარტლი და სხვ.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში ხარობს ძირითადად ფიჭვისა და არყის ხეები. ფიჭვი აქ მაღალი ბონიტეტის კორომებს ქმნის. ნაკრძალი განთქმულია ასევე მინერალური წყლებით.

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 42 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 19 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 76 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 75 სოფელი. დიდი სოფელია მატანი (5,5 ათასი).

მმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • ქალაქის საკრებულო — 1: ახმეტა;
  • თემის საკრებულო — 11: დუისის (წინუბანი), ზემო ალვანის (ხორბალო), ზემო ხალაწანის (დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი), ზემო ხოდაშნის (აწყური, ახალდაბა, ჩარექაული), მაღრაანის (არგოხი, ფიჩხოვანი), ომალოს (დანო, დართლო, დიკლო, დოჭუ, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ხახაბო, ხისო ), ოჟიოს (ალავერდი, კოღოთო, ჩაბინაანი, ხორხელი ), საკობიანოს (ბაყილოვანი, დედისფერულა, კუწახტა, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა) ქვემო ალვანის (ბაბანეური), ქისტაურის (არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე ), შახვეტილას (ბუღაანი, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, ჩაჩხრიალა, ჭართალა), ჯოყოლოს (ბირკიანი, ომალო).
  • სოფლის საკრებულო — 2: მატანი, კასრისწყალი.

ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 830 კვ.კმ. წამყვანი დარგებია მევენახეობა, მემარცვლეობა, სარძევე მეცხოველეობა და მეცხვარეობა. მისდევენ ასევე მეხილეობას, მებოსტნეობას, მეაბრეშუმეობას. მრეწველობის დარგებიდან მთავარია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. რაიონის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

ალავერდის საკათედრო ტაძარი
კვეტერა

კულტურა

მუნიციპალიტეტში 45 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი.

ღირშესანიშნაობანი

მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია, მათ შორის, თავდაცვითი მნიშვნელობისა:

ლიტერატურა

  • ზარდალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 107-108.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;
  • Геоморфология грузии, ТБ., 1971.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 2, 2004 წ.