ახმეტის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახმეტის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ახმეტის რაიონში. ტერიტორია შეიცავდა უფრო მეტად მთაგორიან ტყიან ადგილებს. მის ფართობში სუბალპური ზონაც შედიოდა. ველობები შედარებით მცირე და მთლიანად ათვისებული იყო სოფლის მეურნეობის კულტურებისათვის.

აქ გვხვდებოდა ირემი, შველი, არჩვი, კურდღელი და ჯიხვი. ეს უკანასკნელი ზამთრობით ტყის ზონაში აფარებდა თავს. მრავლად იყო ბეწვეულის მომცემი ცხოველები: კვერნა, მაჩვი; აქ იყო გარეული ღორის გამრავლების შესაძლებლობა; მოიპოვებოდა დათვი; გვხვდებოდა როჭო, შურთხი, ქედანი და მტრედი.

ახმეტის ველობებს ამშვენებდა კავკასიური ხოხობი. მიმოფრენის დროს უხვადა იყო ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.

მტაცებელი ცხოველებიდან აქ მოიპოვებოდა მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ.

1965 წელს ალავერდის ტერიტორიაზე მიწერილ სანადირო მეურნეობაში მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მონადირეებისათვის ააგეს ორსართულიანი სახლი. მეურნეობის ეს უბანი მოიცავდა 2.500 ჰექტარ ფართობს. მეურნეობაში გაძლიერებული იყო დაცვა, გაკეთებული იყო მეურნეობის საზღვრების აღმნიშვნელი წარწერები, ტყის ზოლი დაჰყვებოდა მდინარე ალაზანს და მასში ფშების სახით მოედინებოდა ალაზნის ნაჟური წყალი, რაც კარგ პირობებს ქმნიდა ცხოველთათვის. აქ ტყე შედგებოდა ჭალის ტყეებისათვის დამახასიათებელი ფოთლოვანი ჯიშებისაგან, კარგადა იყო განვითარებული ქვეტყე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]