ხარათ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახიელის ციხე)
ხარათ ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ხარათ ციხე — საქართველო
ხარათ ციხე

ხარათ ციხე (ჴარათ ციხე), ახიელის ციხე — ციხე პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში. ციხე ეკუთვნის ცისკარაულებს და აუშენებია მათ წინაპარს აბა ჯურჯიაულს, რომელსაც ციხის ამგებ ქისტი ოსტატისათვის 50 ძროხა მიუციაო.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარათ ციხე ქვა-კირით არის ნაგები და თავისი კონსტრუქციით და არქიტექტურული ფორმით სიმეტრიულია და ლამაზი. მისი საძირკველის ფართობი უდრის 5х6 მეტრს.

პირველი სართული ანუ „ქვეთვალი“ წარმოადგენს დახურულ სარდაფს, რომლის სიმაღლე ორმეტრ-ნახევარია. ქვეთვალი ბნელია და ჭერში გამოჭრილი აქვს ჩასავალი („საკვამი“) 34х50 სმ.

მეორე სართული „ზეთვალია“, მას სამხრეთის მხარეზე გამოჭრილი აქვს შესავალი კარი 1,18х0,70 მ, რომელიც კედით იკეტება. საკედურის სიღრმე უდრის 50 სმ-ს. ზეთვალი წარმოადგენს ოთხკუთხა ოთახს, რომლის კედლები შეკრულია საფეხურის ქვებით. ოთახის ფართობის მოცულობა 3,14х3,14 მეტრია. ჭერი თაღიანია და გუმბათივით არის გამოყვანილი. ოთახის სიმაღლე უდრის 3,40 მ. იატაკზე მორებია გადებული, ზედ აყრია დატკეპნილი მიწა და მასზე ფიქალი ქვებია დაწყობილი. შუა იატაკში გამოჭრილია ქვეთვალში ჩასავალი საკვამი.

აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედელში დატანებული აქვს თითო სათოფური. სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში დატანებული აქვს მესამე სართულში საძრომი საკვამი. ამ სართულის კედლის სისქე 80 სმ უდრის.

მესამე სართულის ანუ „მესამე თვალის“ ფართობი 2,7х2,7 მეტრია. სამხრეთ დასავლეთ კუთხეში საკვამია მოთავსებული 55х58 სმ. სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში კი თითო სათოფურია დატანებული. ამ სართულის სიმაღლე უდრის 3,40 მ. კედლის კუთხეები ქვის საფეხურებითაა შეკრული. მიწით დატკეპნილი იატაკი დაფენილია სიპი ფიქალებით, კედლის სისქე 70 სმ-ია.

მეოთხე სართული ანუ „მეოთხე თვალის“ ფართობი 2,5х2,5 მ. აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთის კედლებში სათოფურებია დატანილი, სამხრეთით მოჭედილი აქვს თაღიანი სარკმელი 60х40 სმ. ამ სართულის სიმაღლე 3,30 მ, კედლის სისქე კი 55 სმ-ია. ჭერის აღმოსავლეთ-სამხრეთის კუთხეში საკვამია გამოჭრილი 60х50 სმ, საიდანაც ხის კიბით მეხუთე სართულში ადიან.

მეხუთე სართული ან უ მეხუთე თვალის ფართობი 2х2 მ-ია. მას ოთხივე კედელში დატანებული აქვს მაღალთაღიანი და განიერი სარკმელები. ღია თაღის სიმაღლე 1,55 მ, განი 60 სმ. ციხის ჩარდახი წარმოადგენს თავ-ძირღია ყუთს, საიდანაც მეციხოვნენი ისროდნენ. ჩარდახის მოცულობა 85х60 სმ. ჩრდილოეთის მხარეზე ციხეს ორი სათოფური აქვს, სამხრეთით და აღმოსავლეთით კი თითო. ციხის ჭერი მაღალია და გუმბათისებრი. სართულის სიმაღლე 5,50 მ. კედლის სისქე 50 სმ.

ციხე კიბურად არის სიპი ქვებით გადახურული, რომელსაც სიპედი ეწოდება. ეს სიპედიანი სახურავი პირამიდული ფორმისაა და ათი საფეხურისაგან შედგება. ციხის სამხრეთის კედლის ზემო სართულში ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]