შინაარსზე გადასვლა

ახთამარის წმინდა ჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახთამარის წმინდა ჯვრის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა სომხური სამოციქულო ეკლესია
ფუნქციური სტატუსი მუზეუმი
ხელმძღვანელობა ახთამარის საკათალიკოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი მანუელი
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
ხუროთმოძღვრული სტილი სომხური არქიტექტურა
თარიღდება 915-921 წლები
ახთამარის წმინდა ჯვრის ეკლესია ვიკისაწყობში

წმინდა ჯვრის ეკლესია ახტამარის კუნძულზე (სომხ. Ախթամարի Սուրբ Խաչ եկեղեցի, თურქ. Akdamar Kilisesi, Surp Haç Kilisesi) — ადრეული შუა საუკუნეების სომხური მონასტერი ახთამარის კუნძულზე, აშენებულია 915-921 წლებში.

წმინდა ჯვრის ეკლესია სომხური არქიტექტურის უნიკალური ძეგლთაგან ერთი და IX-X საუკუნეების სომხური მხატვრული მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.[1] იგი აშენდა 915-921 წლებში არქიტექტორ მანუელის მიერ. 1113 წლიდან ის ხდება სომხური ეკლესიის ახთამარის კათოლიკოსის რეზიდენცია.[2] ამის მიზეზი იყო ხუთი ეპისკოპოსის შეუთანხმებლობა პატრიარქის მიერ ახალგაზრდა გრიგორ III ფახლავუნის კათოლიკოსად დანიშვნა. 1114 წელს შუგრაში (კილიკია) გამართულმა საეკლესიო კრებამ გადააყენა ახთამარის ეპისკოპოსი დავითი, თუმცა ის არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას და თავი ახთამარის კათოლიკოსად გამოაცხადა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა მხოლოდ ვასპურაკანის ტერიტორიის ნაწილზე. მონღოლთა ბატონობის ხანაში, XIII საუკუნიდან, ახთამარის კათოლიკოსები არჩეულნი იყვნენ არწრუნი-ხედენეკიანთა საგვარეულოდან, ამ დროიდან მოყოლებული ეს წოდება მემკვიდრეობით გადადიოდა. კარაქოღლუს ჯაჰან-შაჰის მფარველობის ქვეშ მყოფმა კათოლიკოსმა ზაქარია III-მ შეძლო დროებით გაეერთიანებინა ახთამარის კათოლიკოსატი ეჩმიაძინის კათოლიკოსატთან, თუმცა მხოლოდ 14 ეპარქიის ფარგლებში. XVIII საუკუნის ბოლოს, ორ კათოლიკოსატს შორის იურისდიქციის გამიჯვნის საკითხზე ხანგრძლივი დავების შემდეგ, ეჩმიაძინის უპირატესობა ოფიციალურად იქნა აღიარებული. უკვე XIX საუკუნის ბოლოსთვის ახთამარის კათოლიკოსატს ჰქონდა 2 ეპარქია, 302 ეკლესია და 58 მონასტერი. 1895 წელს ეს ეპარქიები გადავიდნენ სომხური ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში. მონასტერი დაცარიელდა 1915 წლის სომეხთა გენოციდის შემდეგ.

ახთამარის ეკლესია წარმოადგენს ჯვრულ-გუმბათოვან ნაგებობას, ოდნავ შეცვლილი გეგმით.[3] მისი სიგრძე შეადგენს 17 მეტრს, სიგანე — 14 მეტრს, ხოლო სიმაღლე — 24 მეტრს.[4] ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიის არქიტექტურა, კუთხეებში მდებარე ნიშებით, სათავეს იღებს VII საუკუნის ძეგლებიდან.[5] ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1316 წელს აშენდა სამლოცველო, ხოლო 1763 წელს — მაღალი სამრეკლო. XVIII საუკუნეში ეკლესიის დასავლეთ მხარეს აშენდა ოთხსვეტიანი გავიტი (სასახლის მსგავსი შენობა). ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს სასაფლაო XIII—XVII საუკუნეების ხაჩკარებით (სომხური ჯვრიანი ქვებით).

ტაძარი შენარჩუნებულია არსებითი ცვლილებების გარეშე.[6]

სკულპტურა და რელიეფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ჯვრის ეკლესია მორთულია ფრესკებითა და მდიდარი ქვის მხატვრული ჭრილობით, განსაკუთრებით ცნობილია ორიგინალური და სიუჟეტებით გამორჩეული რელიეფებით. მიუხედავად ტაძრის სილუეტის და მასის ექსპრესიულობის შენარჩუნებისა, ამ რელიეფებს დამოუკიდებელი კულტურული მნიშვნელობა აქვთ. არქიტექტორი მანუელი, რომელიც ასევე მოქანდაკე იყო, ეკლესიის მთელი ფასადი დაფარა როგორც რელიგიური, ისე საერო ხასიათის რელიეფებით. რელიეფები მდიდარია ცხოველურ და მცენარეულ მოტივებზე აგებული ორნამენტებით. გვიანდელი ეპოქის მხატვრების მიერ ხშირად გამოყენებული მოტივი — „ნადირობის სცენა“ (XII—XIII სს.), რომელიც გამოსახულია ტაძრის ქვედა ნაწილის ფრიზებზე, ასევე გვხვდება ირანისა და კავკასიის ხელოვნების ნიმუშებზე.[7] თემატური მრავალფეროვნებით და განსაკუთრებით საერო შინაარსით გამოირჩევა რელიეფური სარტყელი, რომელიც გარს ერტყმის მთელ ეკლესიას და ფასადის ზედა ნაწილზე გადის — ე.წ. „ყურძნის ფრიზი“ (ან „ყურძნის კრეფა“). რელიეფზე ვაზის რტოების ფონზე წარმოდგენილია მოსავლის აღების სცენები, ნადირობა, წვეულება, ცხოველები, ადამიანთა ფიგურები და სხვ. აღმოსავლეთი ფასადის ნაწილზე რელიეფური სარტყელი წყდება სკულპტურით, რომელიც ასახავს ვასპურაკანის მეფეს — ქტიტორ გაგიკ არწრუნს. როგორც ხელოვნებათმცოდნე ა. კაკოვკინი აღნიშნავს, რომ ამ რელიეფებს „სიუჟეტური და იკონოგრაფიული მრავალფეროვნებითა და ღრმა სიმბოლიზმით არ ჰყავს ტოლი… მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში“.[8] კომპოზიციაში „ჯვრის ამაღლება“, რომელიც განთავსებულია დასავლეთის ფასადის ცენტრალური ფანჯრის ქვემოთ, ასახულია ტაძრის კურთხევის თემა: მეფე გაგიკი გადასცემს ტაძრის მოდელს იესო ქრისტეს. ტაძრის ზედა ფრიზზე მოთავსებულია ჰორელიეფები, რომლებზეც ადამიანური სახეებია გამოსახული. გ. გოიანის აზრით, ეს სახეები თეატრალური ნიღბებია.[9] საერთო ჯამში, არქიტექტორი მანუელი ისწრაფოდა ორნამენტულობისკენ და თანდათან შორდებოდა ადრე დამკვიდრებულ პლასტიკურ სიცხადეს.

ეკლესიის ფასადები სრულად დაფარულია რელიეფებით, რომლებიც წარმოდგენილია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებით, წინასწარმეტყველებისა და მოციქულების სახეებით, ზოგ შემთხვევაში კი — წმინდანების პორტრეტებით, ჩასმული წრიულ სტრუქტურაში. ახტამარის რელიეფების სტილისტურმა თავისებურებებმა შემდგომში გავლენა მოახდინა „ვანის“ ან „ვასპურაკანის“ მინიატურების სკოლის ნამუშევრებზე[3] ტაძრის რელიეფებში, იკონოგრაფიული მოტივების რიგში, შეინიშნება კავშირი სასანიდური ხელოვნების ტრადიციებთან.[10] ცხოველთა ზოგიერთ გამოსახულებაში აღინიშნება მუსლიმური გავლენა, ხოლო რელიგიური სცენების შემთხვევაში — ბიზანტიური იკონოგრაფიის გავლენა.[11]

მიჩნეულია, რომ ახთამარის ეკლესიის ფრესკები შესრულებულია არქიტექტორისა და მოქანდაკე მანუელის უშუალო ხელმძღვანელობით.[12] ახთამარი, არსებითად, არის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლი თავისი ეპოქიდან, რომლის ფრესკებიც შედარებით სრულადაა დაცული და გვაძლევს წარმოდგენას იმ დროის მხატვრობაზე და მის სტილურ თავისებურებებზე.[12] შენობაში ორი ფენა ფრესკაა შემონახული.[4] ვარაუდობენ, რომ გუმბათში გამოსახული იყო ჯვარი ან კომპოზიცია „ჯვრის ამაღლება“. ფრესკათა ციკლი იწყება ადამისა და ევას ისტორიით, რომელიც განთავსებულია გუმბათის ყელზე, ხოლო ქვედა ნაწილში, ოთხი საკურთხევლის სამ იარუსზე განლაგებულია იესოს მიწიერი ცხოვრების ვრცელი ფრესკული ციკლი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფრესკების განლაგების თანმიმდევრობა განსხვავდება როგორც ბიზანტიური, ასევე დასავლური მოხატვის პროგრამებისგან. ითვლება, რომ სამხრეთ ექსედრის შესასვლელზე გამოსახული კომპოზიცია „იესო ქრისტეს მეორე მოსვლა“ ბიზანტიური რედაქციის „საშინელი სამსჯავროს“ პროტოტიპია[4] ასევე შესრულებულია სახარებისეული სცენები, მოციქულთა და წმინდანთა ფიგურები, ორნამენტული ზოლები.[13] როგორც ხელოვნებათმცოდნე ლ. დურნოვო აღნიშნავს, ახთამარის ტაძრის ფრესკები „აოცებს არა მხოლოდ ფიგურების, არამედ ტანისამოსის ნაკეცების დინამიკითაც“.[14]

2007 წელს თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესია იქნა აღდგენილი.[15][16] 2010 წლის 19 სექტემბერს, 95 წლის შემდეგ პირველად, ტაძარში ჩატარდა ლიტურგია, ხოლო 30 სექტემბრის ღამეს, 1 ოქტომბერს, ტაძრის გუმბათზე აღმართული იქნა ჯვარი.[17] ამას წინ უძღოდა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გუმბათზე ჯვრის დაყენების თაობაზე უარის თქმა, რამაც გაომიწვია მსოფლიო მასშტაბით სომხების მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთელ მსოფლიოში. ამჟამად ახთამარი ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი. 2013 წლის 8 სექტემბერს, ეკლესიაში გაიმარტა 6 ადამიანის საიდუმლო ნათლობა, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვის. საიდუმლო ნათლობა აღასრულა ეპისკოპოსმა არამ ატეიანმა.[18]

გეოგრაფიული იზოლაციის (კუნძულზე განლაგების) გამო, ეკლესია შედარებით კარგადაა შემონახული. ერთ-ერთი წამყვანი სომეხი სპეციალისტი სომხური არქიტექტურის საკითხებში, სამველ კარაპეტიანი, აღნიშნავს, რომ რეკონსტრუქცია მაღალ დონეზე განხორციელდა,[19] თუმცა რამდენიმე სხვა სპეციალისტი მიუთითებს მცირე ხარვეზებზე.[20]

  • И. А. Орбели. Памятники армянского зодчества на острове Ахтамар // Избранные труды. — М., 1968. — Т. I.
  • S. Der Nersesian. Aghtamar. Church of the Holy Cross. — Harvard, 1969.
  • M. S. Ipsiroglu. Die Kirche von Achtamar. — Berlin und Meinz, 1963.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Robert Fossier., The Cambridge illustrated history of the Middle Ages, Cambridge University Press, 1997. — გვ. 374.
  2. ↑ Austen Henry Layard, Layard Austen Henry., Discoveries in the Ruins of Nineveh and Babylon: With Travels in Armenia, Kurdistan and the Desert: Being the Result of a Second Expedition Undertaken for the Trustees of the British Museum, ტ. I, Cambridge University Press, 2010. — გვ. 114—115.
  3. 1 2 В. В. Шлеев., Всеобщая история искусств, ტ. 2, кн. 1, М.: Искусство, 1960.
  4. 1 2 3 А. Ю. Казарян., Ахтамар, 2002, ტ. 4, გვ. 216—217, დაარქივებულია ორიგინალიდან (26 აგვისტო, 2010)
  5. ↑ The Oxford companion to architecture, ტ. I, Oxford University Press, 2009. — გვ. 39.
  6. ↑ С. Мнацаканян, Б. Аракелян, С. Балян., Ахтамар, ტ. 1, გვ. 225.
  7. ↑ Токарский Н.М, Архитектура Армении 4-14 в, Ер.: Армгосиздат, 1961. — გვ. 213.
  8. ↑ Каковкин А. Я. Рецензия: Мнацаканян С. Х. Ахтамар // ВВ. 1987. Т. 50. С. 201—203
  9. ↑ Г. Гоян., 2000 лет армянского театра, ტ. 2. Театр средневековой Армении, М.: Искусство, 1952. — გვ. 182—185.
  10. ↑ В. В. Шлеев., Всеобщая история искусств, ტ. 2, кн. 1, М.: Искусство, 1960.
  11. ↑ Тер-Нерсесян С.М., Армения, М: Центрполиграф, 2008. — გვ. 144—147.
  12. 1 2 Л. Р. Азарян., Фресковая живопись, История армянского народа, 1976, ტ. III, გვ. 406—409.
  13. ↑ Лазарев В. Н., VI. 10. Искусство Армении // История византийской живописи, М.: Искусство, 1986.
  14. ↑ Г. Гоян., 2000 лет армянского театра, ტ. 2. Театр средневековой Армении, М.: Искусство, 1952. — გვ. 215—216.
  15. ↑ Ankara restores Armenian church, BBC:NEWS, 29 March 2007
  16. ↑ The official opening of the «Van Akdamar Church Memorial Museum» on the 29th March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-22. ციტირების თარიღი: 2010-10-07
  17. ↑ Турция: на церкви Сурб Хач ночью установили крест. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2010-10-04
  18. ↑ Таинство крещения впервые после 100-летнего перерыва совершено в армянской церкви на о. Ахтамар (восточная Турция). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-18. ციტირების თარიღი: 2013-09-11
  19. ↑ Э. Мандалян. Турецко-армянские чудеса, Русский Базар № 37(752) 16 — 22 сентября, 2010
  20. ↑ The restoration of the Holy Cross church on Aghtamar (Akdamar) island: photographs and observations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-18. ციტირების თარიღი: 2010-10-04