შინაარსზე გადასვლა

ახაცხის კლუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახაცხის კლუზი — კლუზი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბზიფის ხეობაში, სოფელ ფსხუს ქვემოთ, ზღვის დონიდან 350–400 მეტრ სიმაღლეზე. კლდეკარი ბზიფის ხეობის კირქვული მონაკვეთის უვიწროეს უბანში მდებარეობს, რომელიც გამომუშავებულია ზედაიურული და ქვედაცარცული წყებების საზღვარზე. კლუზის სიგრძე — 0,7 კილომეტრია, სიღრმე — 200 მეტრი, ხოლო სიგანე ზედა ნაწილში — 7-8 მეტრს აღწევს. ზოგიერთ რაიონში სიგანე უფრო ნაკლებია. ზედ გადებულია პრიმიტიული ხიდი. კლუზის კიდეები ალაგ-ალაგ თითქმის ერთიმეორეს ეხება, ხოლო ერთგან, კერძოდ, მდინარე ფშიცის შესართავთან გაჩხირული ლოდი ზედ ამოსული ხეებით ბუნებრივ ხიდს ქმნის. სახელწოდება „ახაცხა“ მთავრის ხიდს ნიშნავს და მიუთითებს შერვაშიძეების სამფლობელოზე. საყურადღებოა, რომ აქ ოდესღაც აფხაზეთის მთავართა დიდი ბაღი იყო. ძეგლს ძლიერ უხერხული მისადგომები აქვს. ამ ადგილში მოხვედრა შეიძლება სხვადასხვა მხრიდან, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭიროა სიძნელეთა გადალახვა. ბზიფის ხეობა კანიონს ზემოთ, კერძოდ, სოფელ ფსხუსაკენ და ქვემოთ, კერძოდ, მდინარე გეგის შესართავისაკენ, სრულიად უგზოა, ხოლო ბილიკი, რომელიც ხიდისაკენ ბზიფის ქედიდან ჩამოდიოდა, კერძოდ, უღელტეხილ ძინიდან, და მდინარე ფშიცის ხეობით რიხვის მასივზე ადიოდა. ამ გზით 1890 წელს იმოგზაურა სახელგანთქმულმა რუსმა ბოტანიკოსმა ნიკოლოზ ალბოვმა. დღეს, თითქმის წაშლილია და თანაც მოითხოვს საკმაოდ მაღალი უღელტეხილების გადალახვას. ახაცხის კლუზი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 215, წელი 1982.