ახაშნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახაშნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის სამხრეთ განაპირას გაშლილ ადგილზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

კოშკი გეგმით მრგვალია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლის ჩრდილოეთ მხარე. შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთიდან, კარი თაღოვანია. კარის პირდაპირ თაღოვანი ბუხარია, კედლის დანარჩენ ნაწილში კი — ხუთი ღრმა თაღოვანი ნიშა. მათგან ოთახში თითო ვიწრო ხვრელი და ორ-ორი სათოფურია მოწყობილი, ხოლო ერთში ორი სათოფური, ნიშების თაღები და ბუხარი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. კამარის წყობაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, თაღოვანი სარკმელია, რომლის ღიობი შიგნიდან გარეთ მკვეთრად მაღლდება. 1-ლი სართულის კედლის დასავლეთ ნაწილში, კედლის სისქეში, მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, რომლის შემოსასვლელი კოშკში შესასვლელის დასავლეთ წერტილშია.

მეორე სართულის შემორჩენილ კედელში, პირველ სართულზე მდებარე ბუხრის ასწვრივ, თაღოვანი ბუხარია. ბუხრის ორივე მხარეს შემორჩენილია ნიშების კვალი, ხოლო ზემოთ ბრტყლად გადახურული სარკმელი და გუმბათოვანი კამარის ქუსლის წყობის მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]