ახატლის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახტალის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ახატლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას ამაღლებასაც უწოდებს. დასავლეთ შესასვლელის წარწერის თანახმად, იგი აუშენებია ვინმე იოსებს - მწიგნობართუხუცეს ბეჟანის შვილს. წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ. არსებით დ[ა] ს[ა] მუფლებით ჴმამაღლად დიდებით ქადაგებული დ[ა] ერთ ღვთაებით თაყვანისცემულო იესო, მხსნელო დ[ა] მაცხოვარო ჩემო ქრისტე. მინდობითა და უსაზღუროთა მით მოწყალებით შენითა და შეწევნით უბიწოდ მშობელის შენისათა. ჴელეყავ და აღვაშენე ეკლესია ესე ამაღლებისა მე ფრიად ცოდვილმა მღვდელთა და მონაზონთა უნარჩევესამ მწიგნობართუხუცესის ბეჟანის შვილმა იოსებ, ცოდვით ჩვენთა საოხად; ყოველნო ღვთის მოყვარენო და ტაძრისა ამის თაყვანის მცემელნო, ღვთის სიყვარულისათვის ჩვენთვისაც შენდობა ითხოვეთ მოწყალისაგან.“

მიუხედავად იმისა, რომ წარწერა გვამცნობს ეკლესიის აღმშენებლის ვინაობას, მასში თარიღი მითითებული არ არის. XVI საუკუნის კახური არქიტექტურის ამ ტიპის ეკლესიებთან (ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია, ზემო ალვანის სამების ეკლესია, მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) შედარებისას, გიორგი ჩუბინაშვილი ახატლის ღვთაების ეკლესიას უფრო გვიანდელ ძეგლად მიიჩნევს და მას XVII საუკუნეს მიაკუთვნებს. ამასთნავე, არ გამორიცხავს XVIII საუკუნესაც კი.

ეკლესია, გუმბათოვანია, ე. წ. ჩახაზული ჯვრის ტიპის. შენობა გეგმით სწორკუთხაა (10,17x7,44 მეტრი). შიგნიდან და გარედან მთლიანად შეთეთრებულია. ნაგებობის გარეთა კედლები, ძირითადად, რიყის ქვითაა ნაგები. გუმბათი მთლიანად აგურისაა, აგურითა ნაწყობი გუმბათქვეშა, საყრდენი სისტემა (საბჯენი თაღები, აფრები, ბურჯები), თაღები და კამარები. შესასვლელი სამია - დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. დასავლეთ კარები შიგნიდან და გარედან თრაზულადაა გადახურული, სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელები კი, გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი სწორკუთხა.

შენომის კორპუსი გრძივი და განივი ღერძების მიმართულებით თანაბარზომიერადაა აგებული. გუმბათი აქ გრძივი ღერძის შუაშია დასმული, მანძილი გუმბათიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებამდე თანაბარია. ჯვრის გვერდითი მკლავები აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავთან შედარებით, თითქმის სამჯერ მოკლეა. აღმოსავლეთ მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის აქეთ-იქით მოწყობილია, გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიულაფსიდიანი, თითო სათვსო - სამკვეტლო და სადიაკვანე. ორივე, როგორც შესაბამის მკლავთან, ისე აფსიდთანაცაა დაკავშირებული, ვიწრო ნახევარწრიულთაღოვანი გასასვლელით. ნახევარწრიული თავი აქვს მკლავებში გასასვლელ ღიობებსაც.

საკურთხევლის აფსიდი, ეკლესიის დანარჩენი დანარჩენი ნაწილის იატაკის მიმართ, ოდნავ შემაღლებულია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შეისრული თაღით დასრულებული სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო, შეისრულთაღოვანი ნიშაა. აფსიდის შუაში დგას კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი, ცილინდრული ტრაპეზი. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე შექმნილი სივრცე დასრულებულია მაღალი გუმბათით, რომელიც საკურთხევლის კედლებს და დასავლეთით მდგარ ორ, რვაწახნაგა ბოძს ეყრდნობა. ბოძები დაახლოებით ადამიანის სიმაღლისაა, დაგვირგინებული არიან კაპიტელებით, რომლებიც კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი, ერთმანეთის მიმართ გადმოშვერილი, სამი რიგითა გამოყვანილი. მათი მეშვეობით ბოძის თავი სწორკუთხა მოხაზულობას იღებს. ამავე კაპიტელებიდან გრძივ კედლებზეა გადაყვანილია პატარა, ნახევარწრიული თაღები, დასავლეთ კედელზე კი მოზრდილი შეისრული თაღები. ყველა თაღი პირდაპირ არის შერწყმული კედლის შესაბამისს სიბრტყესთან იმპოსტის გარეშე. გუმბათის საყრდენ სისტემას ოთხი შეისრული, საბჯენი თაღი ქმნის. გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში, საბჯენი თაღების თავის დონეზე. მოწყობილია ჩვეულებრივი ტიპის აფრები, ტეხილი თაღით. გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია, შიგნიდან კი რვაწახნაგოვანი. გუმბათის ყელში ნახევარწრილუ თაღით დასრულებული, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული, რვა სარკმელია. ეკლესიის თითოეულ მკლავის შუაში, შესასვლელის გასწვრივ, შეისრული თღით დასრულებული თითო სარკმელია.

გარედან შენობის კედლები სრულიად გლუვია, მხოლოდ დასავლეთ ფასადია ნაწილობრივ მორთული. ფასადის ღერძზე გაჭრილი შესასვლელი ჩასმულია აგურით ნაწყობ, კედლის სიბრტყიდან შვერილ, სწორკუთხა ჩარჩოში. კარის გვერდებზე (მიწიდან დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე) მოწყობილია თითო, სწორკუთხა შეღრმავება, რომელთა თავში ორი საფეხურია გამოყვანილი. ერთი, კვადრატული შეღრმავებაა სარკმლის ზემოთ, რომლის თავზე სამსაფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული, წითელი საღებავით შეღებილი, წყობაში შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე შესასვლელთა თაღებს განსხვავებული მოხაზულობა აქვს. სამხრეთ შესასვლელის თაღი შეისრულია, ხოლო ჩრდილოეთის ნახევარწრიული. ორივე თაღი ჩასმულია კედლის სიბრტყეში შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში. ფასადებზე ყველა სარკმლის ღიობი გამოყვანილია აგურით. აგურითა ნაწყობი ლავგარდენებიც. ისინი ოთხსაფეხურიანია, შედგენილია ბრტყლად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით. გუმბათის ყელი, როგორც ზომებით, ისე დამუშავების მხრივაც, შენობის დანარჩენი ნაწილებისგან გამორჩეულია. ყელის წიბოებს, თითქმის მთელ სიმაღლეზე, აუყვება ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი, რომელიც ყელის წრიულ სარტყელზარის დაყრდნობილი. ლილვი ლავგარდნამდე ვერ აღწევს და ერწყმის ლეკალური აგურითვე გამოყვანილ, ჰორიზონტალურ ლილვს, რომლის ზემოთ, ლავგარდნამდე, მცირე მანძილი რჩება. ყოველი წახნაგის ღერძზე ლილვშემოვლებული სარკმელია, საიდანაც აქეთ-იქით, წიბოების ამყოლი ლილვებისკენ, გადაყვანილია შეისრული თაღები. თითოეული სარკმლის თავზე კი აღმართულია ლეკალური აგურით გამოყვანილი, დიდი ჯვარი. გუმბათის ყელი დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდნით, რომელიც ეკლესიის კორპუსის ლავგარდნის ანალოგიურადაა ნაწყობი, კორპუსზე რიგების ორ-ორი წყვილია, ხოლო ყელზე კი სამ-სამი.

ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით, ხოლო გუმბათი თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]