ახალციხის რაბათის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალციხის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ახალციხის რაბათის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიაIX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხის ძველ ნაწილს, ციხე-ქალაქს, ბატონიშვილი ვახუშტი შემდეგნაირად ახასიათებს: „ხოლო ქალაქი არს მოზღუდული ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით, მას შინა მოსახლენი არიან წარჩინებულნი და ჩენილნი მოჰმადიანნი, და ვაჭარნიცა“. XVII საუკუნის ოსმალო მოგზაური ევლია ჩელები „მოგზაურობის წიგნი“-ს შედგენისას დიდი თავშეკავებით გამოირჩევა, მაგრამ ახალციხის ციხის ხილვისას ემოციას ვერ მალავს. „ციცაბო გორაკზე ქვით მტკიცედ ნაგები მომხიბვლელი ციხე-ქალაქია“. ქალაქის დედაციხეში ახალციხის და სამცხის მმართველთა სასახლესთან კარის ეკლესია, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობებიც იყო, რომელთა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეკლესია და სამრეკლო გვიან აგებულ გალავანშია ჩართული (ეკლესია და სამრეკლო გალავანმა გადაარჩინა შემდგომ სრულ განადგურებას). გალავანი მთავარი შესასვლელის აღმოსავლეთით ეკლესიის და სამრეკლოს ჩრდილოეთის კედლებზეა დაშენებული.

დარბაზული ეკლესია ნაგები იყო მონაცრისფრო ფოროვანი ბაზალტისა და ტუფის გათლილი ქვით. კედლის თავდაპირველი წყობის ხასიათი საგრძნობია (ერთ რიგში თანაბარი სიმაღლის ქვის წყობა ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთის კედლის ხილულ ნაწილზე და სამხრეთის კედლის გადარჩენილ სიბრტყეზე ნათლად იკითხება). ჩრდილოეთის ფასადის სიგრძე 11,8 მეტრია (გრაფიკული რესტავრაციით ეკლესიის სიგანე გარედან 7,4 მეტრია). ჩრდილოეთის კარი საკურთხევლის სიახლოვესაა გაჭრილი, მინაშენის კვალი არ შეიმჩნევა. ღიობი ამოვსებულია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილი საფასადო მოპირკეთების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს აღდგენილია ტუფის კვადრებით, რიყის ქვით ან აგურით. მთელ ფასადს კარნიზი მიყვება, რომელიც გვიან არის აღდგენილი (სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეები). საკურთხეველი ოდნავ ნალისებური მოხაზულობისაა და რიყის შერჩეული ქვითაა ნაგები. საკურთხეველს აღდგენის კვალი ნათლად ეტყობა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ქვის წყობაში სავარაუდოდ საკურთხევლის სარკმლის სწორკუთხა ფილაზე ამოკვეთილი თავსართია ჩატანებული.

ფასადის თავდაპირველი წყობის ხასიათი, აბსიდის ოდნავ ნალისებური გეგმა, საკურთხევლის სიახლოვეს გაჭრილი კარი ძეგლის აგების თარიღზე მიგვანიშნებს და ის IX-X საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ეს ახალციხეში აგებული ყველაზე ადრეული მართლმადიდებლური ტაძარია და ციხე-ქალაქის ჩამოყალიბების თანადროულია.

მშენებლობის შემდეგი ეტაპია ეკლესიის დასავლეთით, ორიარუსიანი სამრეკლოს და ტალანის აგება. სამრეკლოს ჩრდილოეთის ფასადის შემორჩენილი ნაწილი სრულად აღიქვება. დასავლეთის ფასადის სამხრეთის კიდე დაფარულია გალავნის კედლით (გალავნის სიგანეა 2,04 მ.). ორივე მხარეს ქვედა მოცულობა საკმაოდ განიერი თაღით იყო გახსნილი. სავარაუდოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზეც ანალოგიურად თაღიანი ღიობი იქნებოდა და სამრეკლოს პირველი სართული მსვლელობის მიმმართვლელ ოთხმხრივ თაღით გახსნილ ღიობს წარმოადგენდა (თაღით გახსნილი დასავლეთის ღიობი ადრევე ამოუშენებიათ ტუფის თლილი კვადრებით). სამრეკლოს ჩრდილოეთის ფასადის სიგრძე 5,4 მეტრია (თაღით შემოსაზღვრული ღიობის სიგანე 3,29 მეტრია), დასავლეთის ფასადი ჩრდილოეთის ფასადთან შედარებით განიერია.

სამრეკლო ნაგებია მოყვითალო ფერის დამუშავებული ქვიშაქვით. საინტერესოა სამრეკლოს მეორე სართული, რომელიც ქვედა კუბისაგან სამნაწილიანი კარნიზით გამოიყოფა. კარნიზი ხილულ ფასადებზე თითქმის სრულადაა გადარჩენილი, შედგება ორი ლილვისა და თაროსაგან. შუა ლილვი საკმაოდ განიერია, დამუშავებულია ორღარიანი გრეხილი წნულით.

მეორე იარუსი საქართველოში სამრეკლოს ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულოდაა გადაწყვეტილი (შესაძლოა ფიტარეთის ორიარუსიანი სამრეკლო გამოდგეს პარალელად). ორიარუსიანი სამრეკლოები სწორკუთსა გეგმის თაღებით გახსნილი ფანჩატურით იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება. მაგ. ფიტარეთი (XIII საუკუნე), ნიქოზი (XV-XVI საუკუნეები), სვანეთში გვაქვს რამდენიმე პარალელი, სამიარუსიანი სამრეკლო მცხეთის სამთავროს მონასტერშია შემორჩენილი (XIII საუკუნე).

სამრეკლოს ჩრდილოეთის ფასადზე ზედა ღიობი ორი თაღით იყო გახსნილი, თაღები კედლებს და მასიურ სწორკუთხა სვეტს ეყრდნობა, რომლის საფასადო სიბრტყე დაფარულია წრეების უწყვეტი ჯაჭვით და რომბების ხლართით შედგენილი ორნამენტით. სვეტის კიდეებზე ლილვებია (როგორც ეტყობა სვეტის ორი საფასადო კუთხე დიაგონალური ღარებით დამუშავებული ლილვებით იყო დაფარული. ოთხი სიბრტყიდან დეკორით მხოლოდ საფასადო სიბრტყე იყო მორთული). სამრეკლოს დასავლეთის ფასადი, რომელიც ჩრდილოეთის ფასადზე განიერია, ორსაფეხურიანი განიერი ღიობითა იყო გახსნილი. თაღების გასაძლიერებლად ღიობის შუა ნაწილში დამატებით სვეტი და მასზე დაყრდნობილი ნახევართაღებია, სვეტის ზემოთ აქცენტირებულია რელიეფური მოცულობა (გირჩა). შუა საყრდენი სვეტი აქაც, ჩრდილოეთის ფასადის მსგავსად, რელიეფითაა შემკული. თაღის გასაძლიერებლად დამატებული სვეტები სადაა, დეკორისა და მორთულობის გარეშე (შემორჩენილ სვეტს კიდეებზე ლილვები აუყვება). ამ ფასადზე ორი თაღედი იყო. ორივე ფასადზე ორნამენტიანი სვეტისათვის გამოყენებულია მომწვანო ფერის შედარებით მტკიცე ქვიშაქვა.

შემორჩენილი ორნამენტაცია სამრეკლოს დასათარიღებლად შეიძლება მოვიშველიოთ. ლილვებზე გრეხილი საუკუნეებში ხშირად გვხვდება, იგი ორღარიანია, დამუშავება „ძარღვიანია“. ქვის ჭრა მიუხედავად დაბალი კვეთისა, ოსტატურადაა შესრულებული მაგრამ ჩუქურთმის შესრულება XIII საუკუნის პირველი ნახევრის დონეს მაინც ჩამორჩება. ორნამენტაციის რეპერტუარი XIV საუკუნის ძეგლებისათვის სახასიათო გეომეტრიულია. წინასწარი ვარაუდით შესასწავლი სამრეკლო ზარზმის მონასტრის მთავარი ტაძრის აგების შემდეგი დროით, XIV საუკუნის შუა წლებით უნდა დათარიღდეს. სამრეკლო, ზომისა და შესრულების გათვალისწინებით, მხოლოდ ფეოდალთა კარის ეკლესიას ან დედაციხეს არ ემსახურებოდა და იმდროინდელი ერთიანი ციხე-ქალაქის სამრეკლო იქნებოდა.

IX-X საუკუნის დარბაზული ეკლესიის აგების შემდეგ, XIV საუკუნეში, ჯაყელთა მმართველობის დროს, ააგეს ორიარუსიანი სამრეკლო და ტალანი. ამ კომპლექსის გაწმენდისა და სათანადო შესწავლის გარეშე მეტი სიზუსტით საუბარი ძნელია. ეკლესიისა და სამრეკლოს გალავანში ჩართვა იმ ძნელბედობის ჟამს ხდებოდა, როდესაც სამცხეს და ახალციხეს მაჰმადიანები მართავდნენ.

XV საუკუნის II ნახევარში და XVI საუკუნეში სამცხე-საათაბაგო ხანგრძლივი ბრძოლების ასპარეზად იქცა. ამ კუთხის დასაპყრობად ირანი და ოსმალეთი იბრძოდა. ამ ძირძველ ქართულ მხარეში ოსმალეთი XVI საუკუნის II ნახევარში დამკვიდრდა. მაჰმადიანობასთან ერთად სამცხე-საათაბაგოში ვრცელდება ოსმალური ენა, ზნეჩვეულებანი, სამართალი და მწერლობა. ამ პერიოდმი შეაკეთეს ან გაამაგრეს ქალაქის მთავარი სიმაგრე, მაგ. მუსტაფა ნაივას ცნობით 1636 წელს „... ანატოლიის ბეგლარ-ბეგ გურჯი მეჰმედ ფაშას მიენდო ახალვაცის ციხის შეკეთება, სათანადო სახარჯო სახსარიც მიეცა“. ახალციხის ციხე-სიმაგრის „აღდგენა გამაგრებას“ ახალციხის ეკლესია და სამრეკლოც შეეწირა. როგორც წესი ოსმალები მართლმადიდებლურ ტაძარს საპირე ქვას თუ მოხსნიდნენ, მთლიანად ტაძარს არ ანგრევდნენ და მას სხვა დანიშნულებით, სავარაუდოდ საწყობად გამოიყენებდნენ. ტაძრის თუ საწყობის სამხრეთის ფასადი (იმ დროისათვის საწყობის), აგურისა და ქვის ვერტიკალურ ზოლებად მონაცვლეობა ამ მხარის რუსეთის იმპერიაში დაბრუნების, სავარაუდოდ მეჩეთზე საკურთხევლის მიშენების და აქ ეკლესიის გამართვის შემდეგ ააგებინეს.

1752 წელს ჰაჯი ახმედ ფაშამ ციხეში, ჯაყელების რეზიდენციის ადგილზე, სულთან სელიმ პირველის ჯამეს ნაცვლად ააგო მეჩეთი და მედრესე.

2011 წელს რაბათის ციხის რეკონსტრუქციასთან ერთად დაიწყო და 2012 წლის აგვისტოში დასრულდა ეკლესიისა და სამრეკლოს სრული რესტავრაცია. ეკლესიამ და სამრეკლომ დაიბრუნა თავდაპირველი იერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ახალციხის რაბათის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 520-523
  • ევლია ჩელები, „მოგზაურობის წიგნი“, გიორგი ფუთურიძის გამოცემა, თბ., 1971, გვ. 300
  • ს. მაგალათია, „მესხეთ-ჯავახეთი“, თბ., 1938, გვ. 62
  • მუსტაფა ნაიმა, „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“, თბ., 1979, გვ. 216