ახალციხის მურა ნახშირის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალციხის მურა ნახშირის საბადო, მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ქალაქ ვალესა და სოფელ ნაოხრების მიდამოებში.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახშირის შემცველი ნალექები გავრცელებულია 90-100 კმ² -ზე. ნახშირიანი წყება ზედაოლოგოცენური ასაკისაა. გამოიყოფა სამი ჰორიზონტი: ქვედა ქვიშაქვები - 20-40 მ, ნახშირის ფენებიანი პროდუქტიული თიხიანი წყება - 60-150 მ და ზედა ქვიშაქვები - 30-50 მ სიმძლავრისა. ნახშირიანი წყება შუა- და ქვედაოლიგოცენურ თიხებს და ქვიშაქვებს (600-750 მ) მოსდევს, ზევიდან კი გადაფარულია ზედაოლიგოცენური ფერადი თიხიანი და თიხიანი ქვიშაქვების წყებით (450-650 მ). საბადოზე დადგენილია 5 ნახშირიანი ჰორიზონზი: სამი - საკუთრივ ნახშირიან პროდუქტიულ წყებაში და ორი - ფერად წყებაში. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მესამე ჰორიზონტს, რომელიც პროდუქტიული წყების სულ ზედა ნაწილშია. გამოკვლეულია ფართობი, რომელზედაც ფენები სამუშაო სიმძლავრეს ინარჩუნებენ (დაახლოებით 25 კმ²). ახალციხის ნახშირი ტიპურ ჰუმუსურ მაღალნაცრიან მურა ნახშირს განეკუთვნება. ნახშირის სიმკვრივე ნაცრიანობასთან დაკავშირებით 1210-1750 კგ/მ³-მდეა, საშუალო ტენიანობა 12-13%, ნაცრიანობა 35%, ქროლადები 48%, გოგირდი 2,5$, თბოუნარიანობა 3200-4500 კკალ/კგ. ორგანული მასის შედგენილობა: ნახშირბადი 68-70%, წყალბადი 5,3%, ჟანგბადი 24,5%, აზოტი 1%. ამოღების ნახშირი იფშვნება, შენახვიდან 1,5-2,5 თვის შემდეგ მოსალოდნელია თვითანთება. საბადოს გეოლოგიური მარაგი 110-120 მლნ. ტ-მდეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხის მურა ნახშირის საბადოს ათვისება ადგილობრივი მრეწველობამ 1931 წელს დაიწყო, 1941-იდან შეუდგნენ კაპიტალური შახტების მშენებლობას, ხოლო 1946 საექსპლუატაციოდ გადაეცა პირველი შახტი. ამჟამად არახელსაყრელი ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების გამო საბადოს დამუშავება დროებით შეჩერებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]