შინაარსზე გადასვლა

ახალციხის ბრძოლა (1853)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალციხის ბრძოლა.
ახალციხის ბრძოლა
ყირიმის ომის ნაწილი

ბრძოლის სქემა რუსულ ენაზე
თარიღი 14 ნოემბერი 1853
მდებარეობა ახალციხე
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ივანე ანდრონიკაშვილი მეჰმედ ალი-ფაშა
ძალები
7 000 ჯარისკაცი 18 000 ჯარისკაცი
დანაკარგები
361 3 500

ახალციხის ბრძოლაყირიმის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც ძირითადად ქართველი კავალერისტებისაგან შემდგარმა რუსულმა ჯარმა ოსმალები ქალაქ ახლაციხესთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა.

1853-1856 წლებში ერთი მხრივ რუსეთის იმპერიას, ხოლო მეორე მხრივ ოსმალეთსა და მის მოკავშირეებს შორის მიმდინარე ომის უმთავრესი თეატრი ყირიმის ნახევარკუნძული იყო. თუმცა საბრძოლო მოქმედებებმა სხვა რეგიონებიც მოიცვა, მათ შორის იყო სამხრეთ კავკასიაც. 1853 წლის 15 ოქტომბერს ოსმალები თავს დაესხნენ გურიას, შეუტიეს შეკვეთილის საგუშაგოს და დაამარცხეს იქ გამაგრებული გარნიზონი. ამის შემდეგ თურქები 18000 ლაშქრით შეიჭრნენ მესხეთში და იერიში მიიტანეს ახალციხეზე, რომელიც 1828 წელს რუსულ-ქართულმა ჯარმა აიღო, ხოლო 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით რუსეთის იმპერიას ოფიციალურად გადაეცა.

საქართველოში შემოჭრილმა ოსმალებმა ალყაში მოაქციეს ახალციხის რუსული გარნიზონი. კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა გარნიზონის გამოსახსნელად 7000 მოლაშქრისაგან შემდგარი კონტინგენტის სარდლობა გენერალ-ლეიტენანტ ივანე ანდრონიკაშვილს ჩააბარა. 1853 წლის 14 (26) ნოემბერს ძირითადად ქართველთა არარეგულარული კავალერიული ნაწილებისაგან შემდგარმა რუსულმა ჯარმა ქალაქში გამაგრებულ გარნიზონთან ერთად გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა ოსმალებს, დაამარცხა ისინი და იმპერიის საზღვრებს მიღმა განდევნა.