ახალსოფლის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის განაპირას. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. მოგვიანებით გადაუკეთებიათ. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აქვს სამი შესასვლელი - დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. მათგან ბოლო ორი ამოშენებულია. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის სამრეთით, ერთი სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის გეგმით სწორკუთხა, ნალისებრ-აფსიდიანი მინაშენი, რომელიც სამხრეთით მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი ორი ვიწრო თაღით იყო გახსნილი. მოგვიანებით სამხრეთი კედლის შუაში განიერი, სწორკუთხა შესასვლელი მოუწყვიათ. ერთი მსგავსი კარი დასავლეთ კედელშიცაა, რომლითაც მინაშენი მასზე დასავლეთიდან მიდგმულ სათავსს უკავშირდებოდა. მინაშენის ჩრდილოეთ კედელში გამოყვანილია ორ სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი სამი სხვადასხვა სიგანის თაღი. მათგან შუა თაღის გვერდები ეკლესიის შესასვლელის წირთხლებთან ერთ სიბრტყეშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]