ახალსოფლის თუშის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის თუშის ციხეკოშკი, არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ავანისხევის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სავარაუდოდ, სახელი შეერქვა თუში მეცხვარეების გამო, რომლებიც ციხეს ახლაც იყენებენ ცხვრის საძოვრად.

თავდაპირველად ამ ადგილას მდგარა პატარა დარბაზული ეკლესია, რომლისთვისაც მოგვიანებით, გარედან, სქელი კედლები მიუშენებიათ და სათავდაცვო კოშკად გადაუკეთებიათ. კოშკი ორსართულიანია, შემორჩენილია 5 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, კედლები დაბზარულია, დაზიანებულია გარეთა კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. გარედან კუთხეებმომრგვალებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო ნიშაა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე — თითო პილასტრი, რომლებსაც ეყრდნობა ყალიბით გამოყვანილი შეისრული თაღი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში სათოფურებია გაჭრილი. დასავლეთ კედლის გასწვრივ, ჭერში — ბანზე გასასავლელი, ხოლო ჩრდილოეთი კედლის თავზე ორი ხვრელია.

ციხეს ქვის კედლით შემოღობილი პატარა ეზო აქვს, ეზოში და ციხის ირგვლივ 1969 წელს არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც დ. ჭილაშვილი ხელმძღვანელობდა. ეზოში აღმოჩნდა სქელკედლიანი, მომწვანო-მოყავისფროდ მოჭიქული, ხაზოვანი ორნამენტით შემკული, დიდი ზომის ჯამის ძირის ნატეხები.

თუშის ციხის ირგვლივ, მიწის ზედაპირზე, მიმობნეულია დანგრეული ნაგებობების ქვები, მათ შორის, თლილიც. სადაზვერვო შურფის გათხრით გამოვლინდა კულტურული ფენა, აღმოჩნდა რამდენიმე ქვევრის ნაშთი, მარნის ნაწილი სამი ქვევრით და ნასახლარი ქვის ყორეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]