ახალსოფლის ეკლესია (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. აგებულია XVIII საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (12,7 x 7 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. საბჯენი თაღები, პილასტრები, კამარა, კარ–სარკმელთა წირთხლები აგურისაა. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. თაღოვანი შესასვლელები გაჭრილია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, ერთი მცირე და ერთი განიერი თაღოვანი ნიშაა. თითო თაღოვანი სარკმელი ჩრდილო–სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. საკურთხეველში დგას აგურით ნაწყობი ტრაპეზი. გრძივი კედლების სამ წყვილ პილასტრზე გადადის შეისრული საბჯენი თაღები, რომლებიც ქვიშაქვის პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთი წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი, საკურთხევლის სივრცეს დარბაზისგან გამოყოფს. კამარა შეისრული ფორმისაა. გარედან ორივე შესასვლელი ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში, რომლის ირგვლივ აგურის წყობით შეღრმავებით გამოყვანილი 16 რომბია განლაგებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, სარკლის ზემოთ, ფრონტონის არეში გამოსახულია თითო შეღრმავებული ჯვარი. აღმოსავლეთის ჯვრის მკლავის გვერდზე თითო მრგვალი ნიშაა. თითო ჯვარია გამოსახული სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი. ეკლესიას აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი ჰქონია. მისი უმეტესი ნაწილი კრამიტის სახურავთან ერთად ჩამოშლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]