ახალი შუამთის სამრეკლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი შუამთის სამრეკლოეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსში. გადმოცემის თანახმად აუგია კახეთის დედოფალ თინათინის ძიძას. სამრეკლო ტაძართან ერთადაა აგებული XVI საუკუნეში, რასაც ადასტურებს რუსეთის მეფის ელჩების მიშეცკისა და კლიუჩარევის მუხლობრივი სია, რომელიც შეადგინეს 1640-1643 წლებში კახეთში ელჩობისას.

სამრეკლო ოთხსართულიანია. პირველი სამი სართული მონაზვნად აღკვეცილი თინათინ დედოფლის საცხოვრებელ და მისაღებ აპარტამენტებს წარმოადგენდა. მეოთხე სართული კი ფანჩატური იყო. შენობა 1833 წელს მეხის დაცემის შედეგად ძლიერ დაზიანებულა. XIX საუკუნეში რუსული მმართველობის გავლენით სამრეკლო მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ახალი შუამთის კოშკს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

2007-2008 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამრეკლოს (ეკლესიასთან ერთად) ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. კეთილმოეწყო მონასტრის ტერიტორია, ეკლესიის ფასადები და გუმბათის ყელი. სამრეკლოს კედლები, შიგნიდან და გარედან გაიწმინდა გვიანდელი ნალესობისაგან. ინტერიერში შელესილობის მოხსნის შემდეგ, გამოჩნდა კიდევ ერთი ოთახი. ფანჩატურზე მოიხსნა თუნუქის სახურავი, რომლის ქვეშაც გამოჩნდა სამრეკლოს თავდაპირველი, აგურით გამოყვანილი სახურავი. აღდგა ლავგარდნის დაზიანებული ნაწილები. კედლის საპირე წყობა გადაეწყო და რიგ შემთხვევებში შეცვალა ახლით. რესტავრაციის შემდეგ სამრეკლოსაც და ტაძარსაც დაუბრუნდა ისტორიული სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]