ახალი სხივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი სხივი — სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანო. ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ოთხგვერდიანი (ზოგჯერ მეტგვერდიანიც) გაზეთი. გამოიცემოდა თბილისში.

სხვადასხვა დროს გამოცემის რედაქტორები იყვნენ: გრ. გიორგაძე და კ. ნინიძე. გამომცემელი-საქართველოს სოციალურ-დემოკრატიიული მუშათა პარტიის ოპოზიციის მეთაურები. 1921 წლის მე-10 და მე-11 ნომრებში გაზეთი მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანო“. სულ გამოიცა 46 ნომერი. გაზეთში თანამშრომლობდნენ: შ. რევია, ნ. ჯიხაიშვილი, ი. ძეშანგანი, კ. ნინიძე, ი. ელიანი და სხვა. [[1920]]-[[1921]] წლების მიჯნაძე მმართველ, სოციალ-დემოკრატების ფრაქციაში თავი იჩინა რღვევის ნიშნებმა, რის შედეგადაც ხუთი წევრი დემონსტრაციულად გამოეყო მის რიგებს, სწორედ განდგომილებმა დაარსეს გაზეთი „ახალი სხივი“ და მიზნად დაისახეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკური კურსის პირუთვნელი კრიტიკა (აქედან - სახელწოდება „სხიველები“), 1920 წლის მეხუთე ნომრის მეთაურ სტატიაში „ჩვენი სიტყვა“ გაზეთის რედაქცია განმარტავს თავის პოზიციას და ბრძოლის მიზნებს. აღნიშნავს, რომ „ოპოზიციის გაჩენის შემდეგ პასუხისმგებელი პირები უფრო გრძნობდნენ პასუხისმგებლობას “.

სტატიაში „ივნისის ყრილობა და უკანასკნელი კონფერენცია“ გაკრიტიკებულია კონფერენციის რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, განზრახული იყო „ოპოზიციის დამუნჯება და „ახალი სხივის“ დახურვა“, მათ უნდა დაეტოვებინათ პარტია ან უარი ეთქვათ ოპოზიციურ პლატფორმაზე. ამ თემას შეეხება სტატიები: „რევოლუციური თუ ანარქიული“, „ახალი სხივის მტერ-მოყვარენი“, „იდეური მონასტერი უნდა დაინგრეს“, „ოპოზიცია და ახალი სხივი“ და სხვა. გამოცემა თავადვე ბეჭდავს რეზოლუციას „ახალი სხივის შესახებ“, რედაქციის განცხადებით, „ახალი სხივი გათვიცნობიერებული ორგანოა, რომელშიც მუშათა თავისუფალი აზრია დაცული, ვინაიდან მუშათა კლასისათვის აუცილებელია თავისუფალი აზროვნება“, გაზეთის ფურცლებზე განხილულია პარტიული საკითხები, გაშუქებულია პარტიის ყრილობის მუშაობის მასალები, საერთაშორისო ცხოვრების ამსახველი სტატიები (მაგ: „ჩვენი ანტანტა და რუსეთი“), პუბლიკაციები კონსტიტუციის განხილვის შესახებ და სხვა. გაზეთს აქვს რუბრიკები: „ახალი ამბები“, „პროვინცია“, „პრესა“, „მუშათა წერილები“. ზოგჯერ შუქდება უცხოეთის ამბებიც. იშვიათად იბეჭდება ლიტერატურული მასალა, მაგ: 1921 წლის ნომერ 11-ში გამოქვეყნებული „ობოლი მუშისა“ და გ.ქუჩიშვილის ლექსები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 48.