ახალი მეჩეთი (სტამბოლი)
| ახალი მეჩეთი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 41°01′01″ ჩ. გ. 28°58′20″ ა. გ. / 41.01694° ჩ. გ. 28.97222° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა | ისლამი |
| ქვეყანა | თურქეთი |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიკური ოსმალური სტილი |
| თარიღდება | 1597-1665 |
| ახალი მეჩეთი | |
ახალი მეჩეთი (თურქ. Yeni Cami), ასევე ცნობილი როგორც ვალიდე სულთნის მეჩეთი (თურქ. Valide Sultan Camii) ან ახალი ვალიდე სულთნის მეჩეთი (თურქ. Yeni Valide Sultan Camii) — სტამბოლის ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი. მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში, იენი-ჯამის მოედანზე, ემინონუს რაიონში, გალათას ხიდის მახლობლად.
მშენებლობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტორად არჩეულ იქნა დიდი სინანის მოწაფე, დავუდ-აღა. როდესაც ორი წელიწადში დავუდ-აღა გარდაიცვალა, ის დალგიჩ აჰმედ-აღამ შეცვალა.
საფიე სულთანმა, სულთან მეჰმედ III-ის დედამ, თავისი ქონების ნაწილი გამოყო „მეჩეთის, ქარვასლისა და ღარიბთა სამზარეულოს“ ასაშენებლად და ამისთვის ემიონუს ნავსადგურის რაიონში მდებარე ებრაული კვარტალი შეარჩია. მომზადდა საქველმოქმედო კომპლექსის პროექტი, რომელიც ემინის ნავსადგურზე უნდა აშენებულიყო, ხოლო პირველი ქვის დასადებად „ხელსაყრელი დრო“ განისაზღვრა.[1] საჭირო რაოდენობის ადგილობრივი ქვის სახლები დაინგრა და დაიწყო სამშენებლო კომპლექსის მომზადება. შავი საჭურისების მეთაურის, ოსმან-აღას მოურავი ყარა მეჰმედი დაინიშნა პროექტის ხელმძღვანელად, ხოლო დიდ ვეზირი ჰასან-ფაშა – სახლების დანგრევასა და ნაციონალიზაციაზე პასუხისმგებელ პირად.[2][3] პირველი ქვის დადების ცერემონია შედგა 1598 წლის 7 აპრილს,[1] ხოლო სხვა მონაცემებით – 9 აპრილს.[2] იმ დღეს თოფჰანედან და გემებიდან საზეიმო ზალპები გაისმა, ხოლო ხადიმ ჰასან-ფაშას, რომელიც ცერემონიაზე ვალიდე-სულთნის დასწრების წინააღმდეგი იყო, ბოსტანჯიბაშმა დიდი ვეზირის ბეჭედი წაართვა. „ინჟინრების დახელოვნებული არმიის მეთაურმა, არქიტექტორმა დავუდ-აღამ“, მთელი თავისი ნიჭი გამოიყენა წყალთან ბრძოლაში, რომელიც ისე ავსებდა ქვაბულებს (ორმოებს), რომ წისქვილების ტრიალიც კი შეიძლებოდა, და საბოლოოდ შეძლო საძირკვლის ჩაყრა დაეწყო 1598 წლის 20 ივლისს.[1]
მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთის საძირკველი ჯერ კიდევ 1598 წელს ჩაიყარა, მეჰმედ III-ის გარდაცვალებისა და საფიე-სულთნის ძველ სასახლეში გადასახლების შემდეგ, მშენებლობა ფანჯრების დონეზე შეჩერდა, შენობა დაუსრულებელი[2][3] და გამოუყენებელი დარჩა. კომპლექსის მშენებლობისას კორუფციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მისი დაფარვა შეუძლებელი გახდა. საძირკვლის ჩაყრიდან ორი წლის შემდეგაც კი, ნაციონალიზაციის პროცესი არ დასრულებულა, ასობით სახლი და დუქანი სათანადო ანაზღაურების გარეშე დაანგრიეს, ასევე დაინგრა ეკლესია და სინაგოგა. სამრევლოებმა სახელმწიფო საბჭოში მიმართვით ვერაფერს მიაღწიეს, ამიტომ ვალიდეს ქრთამი გადაუხადეს და მიიღეს საბუთი, რომელიც მათ საკუთარი „ნანგრევებად ქცეული ტაძრების“ ხელახლა აშენების უფლებას აძლევდა. ამ სიტუაციამ განხეთქილება შეიტანა ღვთისმეტყველებს შორის და ახლადაშენებული ეკლესია კვლავ დაინგრა. ზოგიერთმა ღვთისმეტყველმა წერილი მისწერა საფიე-სულთანს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ შეუძლებელი იყო სხვა სამყაროში სიმშვიდის მოპოვება, თუკი ამქვეყნად ხალხის უფლებებს ფეხქვეშ თელავდი. მათ გააფრთხილეს, რომ: „თქვენი ქველმოქმედება თქვენი ქვეშევრდომების უფლებებს თელავს“. საბოლოოდ, პროექტის ხელმძღვანელი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ის შეცვალეს, ხოლო ვალიდე-სულთანი დოკუმენტურად (ოფიციალურად) გამართლდა.[1]
დაუსრულებელი მეჩეთის ნაწილი ხანძრის დროს განადგურდა. ვენეციის ელჩი, პიეტრო ფოსკარინი, იტყობინებოდა, რომ 1637 წელს სულთანი მურად IV მეჩეთის დასრულებას გეგმავდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა იძულებული გახდა, უარი ეთქვა პროექტის მაღალი ღირებულების გამო. საბოლოოდ, 1660 წელს მეჩეთის აღდგენისა და დასრულების პროექტი შემუშავდა და შესრულდა თურჰან ჰატიჯე სულთანის ბრძანებითა და სახსრებით, რომელიც მოქმედებდა დიდი ვეზირის, ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას შუამავლობით.[3] პროექტს მთავარი არქიტექტორი მუსტაფა-აღა ხელმძღვანელობდა. მშენებლობა დასრულდა 1665 წელს, ხოლო გახსნის ცერემონია შედგა პარასკევს ამავე წლის 30 ოქტომბერს. საერთო ჯამში, მშენებლობაზე დაიხარჯა 3080 ქისა აქჩე. მეჩეთთან, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ახალი მეჩეთი, ვალიდე-სულთნის მეჩეთი ან ახალი ვალიდეს მეჩეთი, აშენდა და მოქმედებდა სულთნის პავილიონი, ყურანის მკითხველთა განყოფილება, დაწყებითი სკოლა, შადრევანი-სებილი, შადრევანი-ჩეშმე, საფლავი-მავზოლეუმი ისლამურ არქიტექტურაში და სანელებლების ბაზარი. [4]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარეგნული იერსახე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩეთს გვირგვინად ადგას 66 გუმბათი, რომლებიც პირამიდულადაა განლაგებული, და ორი მინარეთი, თითოეულზე სამი აივნით. მთავარი გუმბათის სიმაღლე 36 მეტრს უტოლდება. მას ოთხი ნახევარგუმბათი ეყრდნობა, ხოლო ჭერი სხვადასხვა ზომის მრავალი გუმბათითაა დაფარული. გუმბათების ასეთი განლაგება მანამდე გამოიყენეს სინანის შეჰზადეს მეჩეთისა და სულთან აჰმედის მეჩეთის მშენებლობისას. მეჩეთის ფასადი შემკულია იზნიქური კერამიკით.
შიდა ხედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩეთი კარგად განათებულია შიგნიდან, ხოლო იატაკზე ხალიჩებია დაგებული. ფანჯრები შემკულია ფერადი ვიტრაჟებით. ყველა ფანჯარაზე მოცემულია აიები (ყურანის უმცირესი სტრუქტურული ერთეული) და სურები ყურანიდან. მეჩეთი ფაიანსით არის მოპირკეთებული და აქვს ხუთი კარი, რომელთაგან ერთი მეჩეთის წინა ეზოში გადის.
კომპლექსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტამბოლის სხვა იმპერიული მეჩეთების მსგავსად, ახალი მეჩეთი ჩაფიქრებული იყო როგორც შენობათა კომპლექსი, რომელიც რელიგიური და კულტურული საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. ორიგინალური კომპლექსი შედგებოდა თავად მეჩეთისგან, საავადმყოფოსგან, დაწყებითი სკოლისგან, სააბაზანოსგან, სამარხისგან, ორი შადრევნისგან, ბაზრისგან (რომელიც მეჩეთის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებდა) და სულთნის პალატებისგან. თურბეში, თავად თურჰანისა და მისი ვაჟის, მეჰმედ IV-ის გარდა, დაკრძალულია კიდევ ხუთი სულთანი (მუსტაფა II, აჰმედ III, მაჰმუდ I, ოსმან III და მურად V), ასევე მათი ოჯახის მრავალი წევრი. ჰიუნქარ ქასრი აშენდა სპეციალურად თურჰანისთვის და შედგებოდა ორი დიდი ოთახისგან, ტერასისა და საპირფარეშოსგან.[5]
მეჩეთს აქვს მონუმენტური შიდა ეზო. ეზოს ცენტრში მდებარეობს ელეგანტური შადრევანი რელიგიური განბანვისთვის (თუმცა, ფაქტობრივად, განბანვის რიტუალი მეჩეთის სამხრეთ კედელთან არსებული ონკანებიდან ტარდებოდა). ეზოს გარშემო აშენებულია პორტიკიანი გალერეა, რომელიც 24 გუმბათით არის გადახურული. აჰმედ III-ის მმართველობის დროს დაემატა ბიბლიოთეკა. XIX საუკუნეში დაინგრა გარე ეზოს კედელი. მოგვიანებით კი დაინგრა ყურანის საკითხავი ოთახი და მექთაბი (დაწყებითი სკოლა).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
იენი ჯამის ხედი ოქროს რქიდან
-
მთავარი შესასვლელი
-
მეჩეთი რამით
-
გუმბათი
-
მთავარი გუმბათი
-
ინტერიერი
-
მინბარი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Akyıldız, Ali. Safiye Sultan (тур.) // TDV İslâm Ansiklopedisi. — İstanbul: Türkiye Diyanet Vakfı, 2008. — C. 35. — S. 472—473.
- Karaca, Filiz. Turhan Sultan (тур.) // TDV İslâm Ansiklopedisi. — İstanbul: Türkiye Diyanet Vakfı, 2012. — C. 41. — S. 423—425.
- Peirce Leslie P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — Oxford: Oxford University Press, 1993. — 374 p. — ISBN 0195086775. — ISBN 9780195086775.
- Sakaoğlu, Necdet. Bu mülkün kadın sultanları (тур.). — İstanbul: ALFA Basım Yayım Dağıtım San. ve T ic. Ltd. Şti., 2015. — S. 279—291. — ISBN 978-605-171-079-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Йени-Джами დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Йени Джами (Новая мечеть)
- Фотографии Новой мечети დაარქივებული 2016-08-17 საიტზე Wayback Machine.
- Йени-Джами на WikiMAPIA
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Sakaoğlu 2015.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Akyıldız 2008.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Peirce 1993, p. 206.
- ↑ Karaca 2012.
- ↑ Комплекс Йени Джами. ციტირების თარიღი: 2013-09-26
