ახალგორის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასაფეთქლეები ახალგორის განძიდან (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი)

ახალგორის განძი — ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა 1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი). ნივთები შეაგროვა და ყოფილ კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა ე. თაყაიშვილმა. ინახება აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ახალგორის განძში შემავალი ნივთები არის წარჩინებული ქალის მდიდრული სამარხეული მასალა (ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, ლითონის, ძვლის, მინისებრი პასტისა და ქვის სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები და სხვა). ნივთების დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია და მოწმობს მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეს ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებში. განძის ოქროს სამკაული (სასაფეთქლე საკიდები, საყურეები, გომბეშოების გამოსახულებიანი ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, რომელთა ფარაკებზე ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული) ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ვერცხლის ნივთებიდან აღსანიშნავია იმდროინდელ კულტურის სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობიდან - რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტები, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები. ახალგორული ტიპის ლაგმები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია აღმოჩენილი.

ახალგორის განძის ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტურის გავლენის კვალი ემჩნევა. ბრინჯაოს ნივთებს ეს გავლენა არ ატყვია. განძი ძვ. წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება და მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიკურ და სოციალურ დიფერენციაციაზე ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 83.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 267-268.