ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (ინგლ. International Young Physicists' Tournament ან IYPT) — გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში, ამოხსნის მოხსენებაში და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს რამდენიმე თვის განმავლობაში, ამიტომაც ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება.

ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი 17 ამოცანას აქვეყნებს. ეს ამოცანები კვლევითი ტიპისაა და საგამოცდო და საოლიმპიადე ამოცანებისგან განსხვავებით რამდენიმე საათში არ იხსნება. ამოცანის ამოხსნა რომ სრულად ჩაითვალოს, მოსწავლეებმა მოვლენის თეორიული მოდელის აგების გარდა ექსპერიმენტულად უნდა შეამოწმონ მოდელის სისწორე. ასევე საჭირო არის ხოლმე, მოვლენის სვხადასხვა პარამეტრზე დამოკიდებულების შესწავლა.

ამოცანების ამოსხნისას ინფორმაციის მოპოვებაზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ მასალა მოიპოვონ ნებისმიერი ლიტერატურიდან, დარგის ექსპერტისგან, მასწავლებლისგან ან/და ყოფილი მონაწილეებისგან. შესაბამისად, ტურნირზე წარმატებისთვის, გუნდური და ორგანიზებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ტურნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უშუალოდ ტურნირი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითო ნაწილს "ბრძოლას" ეძახიან. პირველ ხუთ ბრძოლას შესარჩევი ბრძოლები ეწოდება. მათში მონაწილე გუნდები აგროვებენ ქულებს, შესარჩევი ბრძოლების ბოლოს კი სამი ყველაზე მაღალ ქულიანი გუნდი გადის ფინალურ ბრძოლაში. ფინალური ბრძოლა კი ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი შესარჩევი ბრძოლის წინ ტურნირში მონაწილე გუნდები სამ ან ოთხ გუნდიან ჯგუფებად იყოფიან. თითოეული ჯგუფი მონაწილეობს საერთო ბრძოლაში. ბრძოლის განმავლობაში გუნდების რაოდენობის მიხედვით ტარდება 3 ან 4 ეტაპი. თითოეულ ეტაპზე გუნდებს რიგრიგობით ხვდებათ შემდეგი როლები:

  • მომხსენებელი
  • ოპონენტი
  • რეცენზენტი
  • დამკვირვებელი (მხოლოდ 4 გუნდიან ჯგუფებში)

თითო ეტაპი, როგორც წესი, 45-55 წუთი გრძელდება, ეტაპებს შორის 5-15 წუთი შესვენებით. ეტაპის დასაწყისში ოპონენტი მომხსენებელს სთავაზობს ერთ-ერთ ამოცანას 17-დან. მომხსენებელს უფლება აქვს უარი თქვას ამოცანაზე, მაგრამ ტურნირის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. სამზე მეტი უარის შემთხვევაში მომხსენებელს ქულები აკლდება. თუ მომხსენებელი უარს ამბობს ამოცანაზე, ოპონენტი მას სხვა ამოცანას სთავაზობს.

როდესაც მომხსენებელი დათანხმდება ამოცანაზე, მას 5 წუთი ეძლება მოსამზადებლად, შემდეგ კი 12 წუთი მოხსენების გასაკეთებლად. მოხსენების შემდეგ ოპონენტის უფლება აქვს შეკითხვები დასვას. შეკითხვების შემდეგ ოპონენტი აფასებს მომხსენებლის ამოხსნას და მიუთითებს მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ასევე იმართება დისკუსია მომხსენებელსა და ოპონენტს შორის ამოცანის გარშემო წამოჭრილი საკითხების შესახებ. ეტაპის ბოლოსკენ, რეზენზენტი უსვამს შეკითხვებს როგორც მომხსენებელს ისე ოპონენტს. ამ შეკითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ რეცენზენტი აფასებს როგორც მოხსენების ისე ოპონენტის დადებით და უარყოფით მხარეებს ამოცანის შესახებ დისკუსიის დროს. ბოლოს, მომხსენებელს უფლება აქვს რამდენიმე დასკვნითი შენიშვნა გააკეთოს.

ეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის ჟიური აფასებს სამივე გუნდის გამოსვლას 1-დან 10-მდე ქულით. რადგან დამკვირვებელი გუნდი (4 გუნდიანი ჯგუფების შემთხვევაშ არ იღებს მონაწილეობას მოცემულ ეტაპში, ეს გუნდი არ ფასდება) მიღებული საშუალო ქულა მომხსენებლისთვის მრავლდება სამზე, ოპონენტისთვის ორზე, ხოლო რეზენზენტსთვის არაფერზე არ მრავლდება.

თითო ეტაპის დროს გუნდს ერთი წევრი წარმოადგენს. გუნდის სხვა წევრებს უფლება აქვთ დაეხმარონ წარმომადგენელს ტექნიკურ საკითხებში (მაგალითად ექსპერიმენტული დანადგარის აწყობა) მაგრამ უშუალოდ ბრძოლაში როგორც წესი მხოლოდ ერთი წევრი მონაწილეობს.

სამივე (ან ოთხივე) ეტაპის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდის ქულები იჯამება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]