ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია — ახალგაზრდების პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, „მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის “ სახელწოდებით, ქალაქ ქუთაისის მე-5 სწავლებელში, 90 მოსწავლის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციამ ჰექტოგრაფიული წესით ჟურნალის „ჩვენი მიზანი“ რამდენიმე ნომერი დაბეჭდა. მანვე შეიმუშავა ორგანიზაციის წესდება და სამეცადინო გეგმა. მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის პირველმა კონფერენციამ 1912-1916 წლებში შექმნილი ახალგაზრდების მარქსისტ მოსწავლეთა კავშირები გააერთიანა და მას „ამიერკავკასიის მარქსისტ-მოსწავლეთა კავშირი“ უწოდა. მან დაამტკიცა ამ ორგანიზაციის წესდებაც. მეორე კონფერენციაზე (1918 წლის მარტი) ორგანიზაციის შიგნით ფრაქციულობა და ბოლშევიკებთან თანამშრომლობა მიუღებლად იქნა მიჩნეული. იმავდროულად, ორგანიზაციას ოფიციალურად „ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია“ უწოდეს. ამ კონფერენცის მუშაობაში 16 ორგანიზაციის 39 დელეგატი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. წარმოდგენილი დელეგატებიდან 38 ქართველი და 1 რუსი იყო. მუშაობა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. კონფერენციაში მხოლოდ ქართველები მონაწილეობდნენ და ორგანიზაციისთვის ამიერკავკასიის სახელის მიკუთვნება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მეორე კონფერენციის მსვლელობაში ორგანიზაციაში მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობები გამოიკვეთა. ეს ფაქტი შემდეგში საფუძვლად დაედო ახალგაზრდების მენშევიკური და ბოლშევიკური ორგანიზაციების შექმნასა და ცალ-ცალკე ორგანიზაციულად გამოყოფას 1917 წლის აგვისტოში. 1918 წლის იანვრის მონაცემებით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციები საქართველოს მრავალ რეგიონსა და ქალაქში შეიქმნა. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა (მოსწავლე, სტუდენტი და მუშა ახალგაზრდობა) 2300 კაცს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები ერთმანეთისაგან დაქსაქსულად მოქმედებდნენ, ამიტომ მათი გაერთიანება დადგა დღის წესრიგში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქუთაისის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციებმა გადადგეს. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების გაერთიანების საქმეში გარდამტეხი როლი ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების მეორე თავისუფალმა კონფერენციამ შეასრულა. ახალგაზრდების ამ ფორუმს 44 დელეგატი ესწრებოდა. ფორუმი, ცენტრალური კომიტეტის სახელით, ა. მექანარიშვილმა გახსნა. კონფერენციის თავმჯდომარედ ს. მიხეილიძე აირჩიეს, მოადგილედ ვ. ნუცუბიძე. კონფერენციამ ორგანიზაციის სახელწოდების შეცვლის შესახებ იმსჯელა და, მიღებული დადგენილებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია ეწოდა. 1919 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მეორე თავისუფალმა კონფერენციამ. დაესწრო 41 დელეგატი, სხდომა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ სოსო მიხეილიძემ გახსნა. დაამტკიცეს ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობა (მ. ჩაჩუა, მ. კვატაშიძე, ა. თარაიანი, დათიკო ლომთაძე, დ. ყიასაშვილი, მ. დუდუჩავა, დავით ორაგველიძე, კ. ჭავჭანიძე, ვალერი ნუცუბიძე.). ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ დათიკო ლომთაძე იქნა არჩეული, ხოლო მოადგილეებად, დ. ორაგველიძე და დ. ყიასაშვილი. ჟურნალი „ახალი კვალის“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში შევიდნენ: მ. ჩაჩუა, შ. დუდუჩავა, დ. ყიასაშვილი, მ. კვატაშიძე, მ. ჩოგოვაძე. იმავე კონფერენციამ საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა და წევრთა უფლება-მოვალეობები. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მესამე კონფერენციის (1920 წლის მარტი) მონაცემებით, ორგანიზაცია 5000 -ზე მეტ წევრს აერთიანებდა. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა მეოთხე კონფერენციის (1921 წლის იანვარი) მონაცემებით, მის რიგებში მუშა, გლეხი, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდების 6000 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. 1921 წლის თებერვლის უმძიმეს პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციამ წევრთა მობილიზაცია გამოაცხადა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩააყენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 45-46.