ახალგაზრდა თურქების რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალგაზრდა თურქების რევოლუცია

ახალგაზრდა თურქების რევოლუციათურქეთის პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია, რომელმაც დაამხო სულთან აბდულჰამიდ II-ის დესპოტური რეჟიმი ოსმალეთის იმპერიაში და აღადგინა 1876 წლის კონსტიტუცია.

ოსმალეთის იმპერიაში ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ბატონობა, ფეოდალური წყობილების გადმონაშთები აფერხებდა თურქეთის ეკონომიკურ განვითარებას, ზრდიდა გლეხობისა და ახლადწარმოქმნილი მუშათა კლასის უკმაყოფილებას. ამავე დროს მწვავდებოდა წინააღმდეგობა ოსმალეთის იმპერიაში თურქ და არათურქ ეროვნებათა შორის. ბრძოლას კონსტიტუციის აღდგენისათვის სათავეში ჩაუდგა „ერთიანობისა და პროგრესის“ საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის გარშემო შეიქმნა აბდულჰამიდ II-ის რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალების ბლოკი. რევოლუციის მომზადებასა და ჩატარების პერიოდში „ერთიანობისა და პროგრესის“ კომიტეტთან ერთად იბრძოდნენ ოსმალეთის იმპერის არათურქ ხალხთა ეროვნული ორგანიზაციები. მაგრამ არათურქ ხალხთან კავშირი „ერთიანობისა და პროგრესის“ ორგანიზაციასთან მხოლოდ დროებითი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან ეს ძალები სულ სხვადასხვა მიზნებს ისახავდნენ. თუ ორგანიზაციის მიზანი იყო შეზღუდვა აბდულჰამიდ II-ის ერთპიროვნული მმართველობა, გაეძლიერებინა სახელმწიფო ცენტრალიზაცია და არ დაეშვა თურქეთის ტერიტორიების დანაწილება, არათურქი ხალხები იბრძოდნენ იმისათვის, რომ შეესუსტებინათ სახელმწიფო ცენტრალიზაცია, მიეღწიათ ოსმალეთის იმპერიიდან გამოყოფისათვის. მათთვის მიუღებელი იყო ახალგაზრდა თურქების შორის იმ დროის პოპულარული ოსმანიზმი, ასევე ისმალიზმი და თურქიზმი.

რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე თურქეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციამ, კერძოდ რევოლუციამ ამიერკავკასიაში. 1906 წელს მოხდა ოსმალეთის სამხედრო ფლოტის მეზღვაურთა აჯანყება, 1906-1907 წლების - მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები ანატოლიაში; ამავე ხანებში გაძლერდა პარტიზანული მოძრაობა მაკედონიაში და მღელვაება არაბულ ქვეყნებსაც მოედო. 1907 წელს ოსმალეთის იმპერიის ბურჟუაზიულ-რევოლუციური ირგანიზაციების პარიზის კონგრესმა, რომელშიც ახალგაზრდა თურქთა გარდა მონაწილეობდნენ თურქი ლიბერალები, სომხების პარტია დაშნაკცუტუნი და სხვა. პარტიები, ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნია შეიარაღებული აჯანყება.

ახალგაზრდა თურქების რევოლუციამ დააჩქარა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ისა და და ინგლისის მეფე ედუარდ II-ის 1908 წლის შეთანხმება მაკედონიაში რეფორმების გატარების შესახებ. „ერთიანობისა და პროგრესის“ ორგანიზაციის ლიდერებმა გადაწყვიტეს დაუყონებლივ გამოსულიყვნენ აბდულჰამიდ II-ის წინააღმდეგ, ვინაიდან, მათი აზრით, მხოლოდ რეჟიმის შეცვლა გადაარჩენდა ოსმალეთის იმპერიას ტერიტორიის დანაწილების საფრთხისაგან.

აჯანყება დაიწყო ქალაქ რესენის (მაკედონია) გარნიზონმა 1908 წლის 3 ივლისს ლეიტენანტ ნიაზი-ბეის მეთაურობით. აჯანყებულებმა მოითხოვეს პარლამენტის მოწვევა. ნიაზი-ბეიმ თავის რაზმთან ერთად მაკედონიის მთებს შეაფარა თავი. მალე მას შეუერთდა მაიორ ენვერ-ბეის რაზმი. აჯანყება სწრაფად მოედო მაკედონიას და მხარდაჭერა პოვა მთელ ოსმალეთში, მის ჩასაქრობად გაგზავნილი ჯარების ნაწილი აჯანყებულთა მხარეს გადავიდნენ. 1908 წლის 23 ივლისს სულთანი იძულებული გახდა აღედგინა 1876 წლის კონსტიტუცია.

რევოლუციის გამარჯვებას ხალხი აღტაცებით შეხვდა. ბერძნების, ალბანელებისა და ბულგარელების პარტიზანულმა რაზმებმა შეწყვიტეს ბრძოლა თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ, ვინაიდან რევოლუციისგან ეროვნულ თავისუფლებას ელოდნენ, მაგრამ იმედი არ გაუმართლდათ. დაპირებული მიწა ვერც თურქებმა ვერ მიიღეს. ძველებურად უუფლებო დარჩა მუშათა კლასი. გაძლიერდა არათურქი მასახლეობის ეროვნული ჩაგვრა.

მიუხედავად სისუსტისა ახალგაზრდა თურქების რევოლუციამ მაინც შეაშფოთა იმპერიალისტური სახელმწიფოები.

„ერთიანობისა და პროგრესის“ ორგანიზაცია, რომელსაც თავის მხრივ აშინებდა რევოლუციის გაღრმავების პერსპექტივა, ცდილობდა ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერა მოეპოვებინა. ასეთმა პოლიტიკამ ახალგაზრდა თურქებს ხალხის ფართო მასებში პოპულარობა დაუკარგა. თურქეთის 1908 წლის ბურჟუაზიული რევოლუცია არ გადაზრდილა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]