შინაარსზე გადასვლა

ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ჩემი საწოლი", ტრეისი ემინი.

ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრები (ინგლ. Young British Artists ან YBAs, ასევე Brit artists და Britart) — სახელი, შერქმეული ბრიტანეთში მოღვაწე კონცეპტუალურ ხელოვანთა, მხატვართა, მოქანდაკეთა ჯგუფისთვის, რომელთა უმრავლესობა ლონდონის გოლდსმიტის კოლეჯში სწავლობდა. ტერმინი "ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრები" მომდინარეობს ამავე სახელწოდების გამოფენებიდან, წარმოდგენილი სააჩის გალერეის მიერ 1992 წლიდან, რომელმაც სახელი გაუთქვა აქ წარმოდგენილ მხატვრებს (ხელოვანებს). მას შემდეგ ეს ტერმინი ისტორიული გახდა, ვინაიდან ამ ხელოვანთა უმრავლესობა ამჟამად 40 წელსაა გადაცილებული. ისინი გამოირჩევიან "შოკური ტაქტიკით", გადაგდებული მასალის გამოყენებით და აღმოსავლეთ ლონდონის ჰოქსტონის უბანთან ასოცირდებიან. ეს მხატვრები ბრიტანეთის ხელოვნებაში დომინანტურ როლს ასრულებენ 1990-იან წლებში. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული წევრია დამიენ ჰერსტი.

ახალგაზრდა ბრიტანელ მხატვართა გუნდი 1988 წელს წარმოიშვა, პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი ფონდები ხელოვნებისთვის საკმაოდ მწირი იყო (რაც კიდევ უფრო შეკვეცა ტეტჩერის მთავრობამ). გოლდსმიტის კოლეჯის 16 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გამოფენაში სახელწოდებით "Freeze" (ყინვა), რომლის მთავარი ორგანიზატორი დამიენ ჰერსტი იყო, კოლეჯის მეორეკურსელი. კომერციულმა გალერეებმა ამ პროექტის მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიჩინეს, რის გამოც იგი იაფ ალტერნატიულ შენობაში, ლონდონის დოკლენდის ადმინისტრაციულ ბლოკში (რომელსაც ხშირად საწყობს უწოდებენ), განთავსდა. ღონისძიებაში გამოძახილი ჰპოვა იმჟამად პოპულარულმა საწყობებში გამართულმა "ეისიდ ჰაუსის" სცენებმა, თუმცა პრესისგან დიდი ყურადღება ვერ მიიპყრო. მისი ერთ-ერთი ეფექტთაგანი იყო "ხელოვანი-როგორც-კურატორის" მაგალითი (1990-იანი წლებიდან ხელოვანთა მიერ წარმართული საგამოფენო დარბაზები და გალერეები ლონდონის სამხატვრო წრეების დამახასიათებელი თვისება გახდა).

მომდევნო გამოფენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
"ღვთის სიყვარული", ჰერსტის სკულპტურა - ადამიანის თავის ქალა პლატინითა და 8601 ბრილიანტით მოჭედილი - £50 მილიონად გაიყიდა 2007 წლის აგვისტოში.

ჰერსტთან ერთად კარლ ფრიდმანი და ბილი სელმანი კურატორობას უწევენ ორ გავლენიან "საწყობის" გამოფენას 1990 წელს - "Modern Medicine" და "Gambler", ბერმონდსის ყოფილ ქარხანაში, რომელსაც მათ შენობა #1 დაარქვეს. "Modern Medicine"-ის მოსაწყობად მათ ჩარლზ სააჩისგან მოახერხეს £1,000-ის დაფინანსების მიღება. ხელოვნების სამყაროში ამ უდიდესი ფიგურისგან ნებისმიერი დახმარება თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რამაც დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა მხატვრებს. თუმცა ამ ხელოვანთა მიერ მოწყობილ ადრეულ გამოფენებს დიდი რაოდენობით მნახველი არ დასწრებია.

დამკვიდრებული ალტერნატიული სივრცეები, როგორიც იყო "City Racing" ლონდონსა და მილხში ახალბედა ხელოვანებს საზოგადოებაში პირველი გამოსვლის შანსს აძლევდა. 1991 წელს Serpentine Gallery-მ ახალი თაობის პირველი მიმოხილვა გააკეთა გამოფენით "Broken English", რომელსაც ნაწილობრივ კურატორობას ჰერში უწევდა. 1992 წელს კი უკვე თვით სააჩი აწყობს გამოფენების სერიას მის გალერეაში და იყენებს სახელს "Young British Art" (ახალგაზრდა ბრიტანული ხელოვნება). პირველ ჩვენებაში გამოჩნდა ჰერსტის, სარა ლუკასის, მარკ უოლინგერისა და რეიჩელ უიატრედის ნამუშევრები.

ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა მეორე ტალღა 1992-3 წლებში გამოჩნდა გამოფენებით "New Contemporaries" (ახალი თანამედროვეები), "New British Summertime" (ახალი ბრიტანული ზაფხული) და "Minky Manky" (კარლ ფრიდმანის კურატორობით). ამ ჯგუფში იყვნენ: დუგლას გორდონი, კრისტინ ბორლანდი, ფიონა ბანერი, ტრეისი ემინი, ტასიტა დინი, ჯეორჯინა სტარი და დები უილსონები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]