აჭარის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჭარის ქვაბული[1] — მთიანი ქვაბული დასავლეთ საქართველოში. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მესხეთის, სამხრეთიდან - შავშეთის, აღმოსავლეთიდან - არსიანის ქედებით, დასავლეთიდან აჭარა-გურიის მთისწინეთი კეტავს.

აჭარის ქვაბული აგებულია ძირითადად შუაეოცენური ნალექებით - ტუფბრექჩიებით, ტუფებით, ანდეზიტებით, ზოგან ეოცენური სიენიტ-დიორიტებით, აგრეთვე ტუფქვიშაქვებით, ქვიშაქვებითა და არგილატებით. აბსოლუტური სიმაღლე 100-1000 მ-იდან (ხეობათა ძირი) 1400 - 1500 მ-მდეა (ქვაბულის კიდეები). აჭარის ქვაბული ხასიათდება საშუალმთიანი ეროზიული რელიეფით.

აჭარის ქვაბულში 1000-იდან 1500 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ქვემოთ ჰავა შედარებით მშრალია, ზაფხული - ცხელი. 1000 მ-მდე იანვრის ტემპერატურა 1-იდან 3 °C-მდეა (ხულო 1 °C, ქედა 3,1 °C, ფურთიო 1,5 °C). ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 20 - 20,5 °C, საშუალო წლის ტემპერატურა 10-იდან 12,7 °C-ის ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური - 15 °C, -18 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 39-40 °C აღწევს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700-1800 მმ შორის მერყეობა.

აჭარის ქვაბულის ჰიდროგრაფიულ ქსელს შეადგენს მდ. აჭარისწყალი და მისი შენაკადები, აგრეთვე მრავალი მიწისქვეშა წყარო.

აჭარის ქვაბულში გაბატონებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. ქვებულის ყველაზე დაბალ ადგილებში, მთისწინეთზე არის წითელმიწები. ტყის ქვედა სარტყელში გაბატონებულია მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, აგრეთვე ფიჭვი; ზედაში - ნაძვი, სოჭი, არყი. ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპური მდელოებია. აჭარისწყლის ხეობის ფსკერზე და სამხრეთი ფერდობის ქვედა ზონაში მცენარეულობა ქსეროფიტულ იერს ატარებს.

აჭარის ქვაბულის ძირითადი ლანდშაფტებია: ნოტიო სუბტროპიკული ბორცვიანი მთისწინეთი ფართოფოთლოვანი ტყითა და წითელმიწებით, დაბალი და საშუალო მთის მთა-ხეობათა რელიეფის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები და ფიჭვნარები; საშუალო მთის მუქწიწვიანები ტყის ყომრალ ნიადაგებზე; სუბალპური და ალპური მდელოთა ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]