აწანგვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აწანგვარა (აფხ. აწან-გუარა — წანთა სადგომი) — ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია. ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რომელშიც ზაფხულობით მწყემსთა ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი. კლასიკური ფორმით ეს საცხოვრისები აფხაზეთშია დაცული. პირველად აქაური აწანგვარები იქნა აღწერილი. აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში შემონახული გადმოცემების მიხედვით, ერთნი მათ ქონდრის კაცთა (აფხ. "აწან") საცხოვრისებად თვლიან, მეორენი — ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომის — წანების (აწან-გუარა) სადგომად.

აწანგვარა ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი სათავსებისაგან შემდგარი რთული ნაგებობაა. განირჩევა განცალკევებული აწანგვარები და აწანგვართა კომპლექსები, რომლებსაც აფხაზები „წანთა ქალაქს“ (აფხ. „აწანაა რიქალაქ“) უწოდებენ. აწანგვარები გავრცელებულია კავკასიის ალპურ ზონაში, განსაკუთრებით მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მეჯოგეთა სადგომი აწანგვარები აღმოჩენილია აგრეთვე არქეოლოგიური გათხრებისას თეთრი წყაროს მახლობლად. გამდლისწყაროს განძში ნაპოვნია ბრინჯაოს სკულპტურული ჯგუფი — საკულტო აწანგვარა ბრინჯაოს ხანაში მეჯოგეთა მკვიდრად ნაგები საზაფხულო საცხოვრისების არსებობა მოწმობს, რომ ამ დროს განვითარებული ყოფილა სამთაბარო მეცხოველეობა. აწანგვარებს მეჯოგეები შემდეგაც დიდხანს იყენებდნენ. აფხაზეთში უასლეს ხანაშიც დადასტურებულია აწანგვარების გადახურვა და გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]