აცუში ნაკაჯიმა
| აცუში ნაკაჯიმა | |
|---|---|
| იაპონ. 中島敦 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1909[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | ტოკიო, იაპონია |
| გარდაცვალების თარიღი | 4 დეკემბერი, 1942[1] [2] [3] (33 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ტოკიო, იაპონია |
| დასაფლავებულია | ტამის სასაფლაო |
| საქმიანობა | რომანისტი[1] , მწერალი, მასწავლებელი[4] და მთარგმნელი[4] |
| მოქალაქეობა | იაპონია |
| ალმა-მატერი | ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტი |
| ნათესავ(ებ)ი | ბუზან ნაკაჯიმა |
აცუში ნაკაჯიმა ( დ. 5 მაისი, 1909 – გ. 4 დეკემბერი, 1942) — იაპონელი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური სტილითა და თვითრეფლექსიური (ინტროსპექციული) თემებით. მისი ძირითადი ნამუშევრებია „The Moon Over the Mountain“ და „Light, Wind and Dreams“; მათგან პირველი იაპონიის ბევრ სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი.[5]
თავისი ცხოვრების განმავლობაში მან დაწერა დაახლოებით 20 ნაწარმოები (დაუსრულებელი ნაშრომების ჩათვლით), რომლებიც, როგორც წესი, შთაგონებული იყო კლასიკური ჩინური ისტორიებითა და მისი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებით.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აცუში ნაკაჯიმა დაიბადა ტოკიოში, იოცუიას რაიონში, 1909 წლის 5 მაისს, კონფუციანელი მეცნიერების ოჯახში — მამამისი, პაპა და სამი ბიძა თავადაც სწავლულები იყვნენ.[6] ნაკაჯიმას ბავშვობა სავსე იყო მშფოთვარე პერიოდებით: მისი მშობლები ქორწინებიდან ორ წელიწადში განქორწინდნენ. ჩვილი ნაკაჯიმა საიტამის პრეფექტურაში გაგზავნეს აღსაზრდელად ბებიასთან და ბაბუასთან. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა.[7]
1914 წლის თებერვალში აცუში მამასთან გაგზავნეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე ხელმეორედ იყო დაქორწინებული. მამამისი მასწავლებლად მუშაობდა და ხშირად უწევდა სხვადასხვა ადგილას გადასვლა. მამის სამსახურის გამო, 1918 წელს ნაკაჯიმა სეულში გადავიდა, მოგვიანებით კი, 1920 წელს — მანჯურიაში.[8] ხშირი გადასვლების გამო პატარა ნაკაჯიმას სკოლების შეცვლა უხდებოდა, რამაც მას იზოლაციის განცდა გაუჩინა. მიუხედავად ამისა, ნაკაჯიმა ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც სტაბილურად მაღალ ნიშნებს იღებდა.[7]
მისი ოჯახური ცხოვრება ისეთივე მძიმე იყო, როგორც ბავშვობა — მას მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, დედინაცვალი კი მასზე ძალადობდა.[7] 1914 წლამდე ის ერთადერთი შვილი იყო, სანამ დედინაცვალს მისი ნახევარდა არ შეეძინა; სამწუხაროდ, დედინაცვალი მშობიარობას გადაყვა. 1924 წელს მამამისმა მესამედ იქორწინა, თუმცა ახალი დედინაცვალიც სასტიკად ეპყრობოდა მას. მთელი ბავშვობის განმავლობაში ნაკაჯიმას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. 17 წლის ასაკში მას ასთმა განუვითარდა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა.[8]
მიუხედავად ოჯახის ღრმა კავშირისა ჩინურ მეცნიერებასთან და ნაკაჯიმას ცოდნისა ამ სფეროში, მან გადაწყვიტა ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაბარება, სადაც იაპონურ ლიტერატურას სწავლობდა.[9] მისი სადიპლომო ნაშრომი ესთეტიზმის თემას ეხებოდა. ნაშრომი, სახელწოდებით „ესთეტიზმის შესწავლა“, იკვლევს ედგარ ალან პოს, ოსკარ უაილდისა და შარლ ბოდლერის გავლენას თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაზე. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ტანიძაკი ჯუნიჩიროს, მორი ოგაის, უედა ბინისა და ნაგაი კაფუს[7][10] შემოქმედება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ტაკა ჰაშიმოტოზე იქორწინა. წყვილს სამი შვილი შეეძინა: ტაკეში, მასაკო (გარდაიცვალა დაბადებიდან სამ დღეში) და კაკუ.
ლიტერატურული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ლიტერატურული კარიერა ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე დაიწყო. სეულის სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ტოკიოს პირველი უმაღლესი სკოლის ლიტერატურულ პროგრამაზე, სადაც დაიწყო პროზაული ნაწარმოებების წერა. 1927 წლიდან მან დაიწყო ნამუშევრების გამოქვეყნება სკოლის ლიტერატურულ ჟურნალში, ხოლო 1929 წლისთვის უკვე სარედაქციო კოლეგიის წევრი გახდა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი ხელწერა: მოთხრობების მოქმედება ხშირად ისეთ ეგზოტიკურ ადგილებში ხდება, როგორიცაა ჩინეთი ან კორეა, ხოლო ძირითადი თემებია თვითგვემა, კითხვები ცხოვრების აზრის შესახებ, იზოლაცია, ბედისწერა და ადამიანის არსებობის ბუნება. მის ზოგიერთ გვიანდელ ნამუშევარში ირონია და სატირაც იგრძნობა.[7]
მიუხედავად მისი მწერლური ნიჭისა, ნაკაჯიმა თითქმის არ აქვეყნებდა ნამუშევრებს ლიტერატურულ ჟურნალებში. ამის მიზეზი მისი მაღალი სტანდარტები და თავდაჯერებულობის ნაკლებობა იყო.[8]

მთვარე მთის თავზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკაჯიმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებია „The Moon Over the Mountain“ (山月記, Sangetsuki), რომელიც ზოგჯერ ცნობილია სახელით „ვეფხვი-პოეტი“ (人虎伝, Jinko-den). ნაწარმოები დაფუძნებულია ტანის დინასტიის პერიოდის ამბავზე.[11] მოთხრობა პირველად 1942 წლის თებერვალში, ჟურნალ „ბუნგაკუკაის“ (Bungakukai)[12] ნომერში დაიბეჭდა.
„The Moon Over the Mountain“ მოგვითხრობს იუან ცანის შესახებ, რომელმაც შეიტყო მის მხარეში მოხეტიალე კაციჭამია ვეფხვის შესახებ. ერთ დღეს ის შეეჩეხა ვეფხვს, რომელმაც მასთან ლაპარაკი დაიწყო. იუან ცანმა აღმოაჩინა, რომ ვეფხვი მისი მეგობარი, ლი ჯენგი იყო. ლი ჯენგი ჭკვიანი კაცი იყო და შეეძლო სახელმწიფო მოხელე გამხდარიყო, თუმცა მისი ნამდვილი ოცნება პოეტობა იყო. სამწუხაროდ, მან წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა საჯარო მოხელედ ემუშავა.
ლი ჯენგი ჰყვება, რომ ერთხელ, სამსახურებრივი მივლინების დროს, ჭკუიდან შეიშალა და ვეფხვად გადაიქცა. მისი თქმით, ეს ტრანსფორმაცია გამოიწვია მასში არსებულმა „ლაჩრულმა სიამაყემ“ და „ამპარტავნულმა სირცხვილმა“. ლი ჯენგი ნანობს, რომ ვეფხვის ტყავში მყოფი ვეღარასდროს გახდება ცნობილი პოეტი. ამის შემდეგ მეგობრების გზები გაიყო.[11]
პედაგოგიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს მან იოკოჰამას გოგონათა უმაღლეს სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში ნაკაჯიმა უფრო მეტად გაეცნო დასავლურ ლიტერატურას, მათ შორის ბლეზ პასკალის, ანატოლ ფრანსისა და რობერტ ლუის სტივენსონის შემოქმედებას. ამავე დროს, იგი პარალელურად წერდა მხატვრულ ლიტერატურას და იაპონურ ენაზე თარგმნიდა დეივიდ ჰერბერტ ლოურენსის, ოლდოს ჰაქსლისა და ფრანც კაფკას ნაწარმოებებს.[7]
მიკრონეზია და პალაუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს მან დატოვა მასწავლებლის პოზიცია და მუშაობა დაიწყო იაპონიის მთავრობაში რედაქტორად იაპონური ენის სახელმძღვანელოსთვის, რომელიც პალაუში[7] უნდა გამოცემულიყო. მას სჯეროდა, რომ პალაუს თბილი კლიმატი მის ასთმას განკურნავდა.[10] ნაკაჯიმას გადაწყვეტილებაზე, სწვეოდა სამხრეთ ზღვებს, შესაძლოა გავლენა იქონია რობერტ ლუის სტივენსონის „ვაილიმას წერილებმა“, სადაც აღწერილია სტივენსონის ცხოვრება სამოაში.[8]
პალაუში ყოფნის შემდეგ, 1941 წლის 15 სექტემბერს, მან გემით მიკრონეზიაში იმოგზაურა რეგიონის სკოლების შესამოწმებლად. პალაუში 1941 წლის 5 ნოემბერს დაბრუნდა. ცხოვრების ამ პერიოდში ნაკაჯიმა აწარმოებდა დღიურს, სადაც აღწერდა ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს.[10]
თავის წერილებში ნაკაჯიმა გამოხატავდა უკმაყოფილებას იაპონიის მიერ კუნძულის მკვიდრთა ექსპლუატაციის გამო. მას სურდა, პალაუსა და მიკრონეზიის მოსახლეობისთვის სწავლებაზე მეტი გაეკეთებინა. იგი წერდა, რომ ასთმის შეტევები აღარ ჰქონია, თუმცა ტროპიკული სიცხისგან დაქანცულობას (ლეთარგიას) გრძნობდა. მიკრონეზიაში იაპონელების მიერ მიწოდებული საკვებიც არასაკმარისი იყო. ამ მიზეზით, მას სურდა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა სამსახური.[10] 1941 წლის ბოლოს ნაკაჯიმამ გადაყვანა ითხოვა და იაპონიაში 1942 წლის მარტში დაბრუნდა.[8]
უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წელს, პალაუდან დაბრუნების შემდეგ, ნაკაჯიმას პნევმონია დაემართა. ორი თვის განმავლობაში ის ლოგინად იყო მიჯაჭვული, რა დროსაც გამოაქვეყნა "სინათლე, ქარი და ოცნებები" — რობერტ ლუის სტივენსონის მხატვრული ბიოგრაფია. ნაწარმოებმა კრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა და აკუტაგავას პრემიის ფინალისტიც კი გახდა.[8]
ამ პერიოდში მან დატოვა სამსახური "სამხრეთის ზღვების სააგენტოში" და მთლიანად მწერლობას მიეძღვნა. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ასთმის წამლების გამო, რომლებსაც ის იღებდა, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მწერალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჰოსპიტალიზაციისას არავინ მოელოდა, რომ ის მოკვდებოდა. მამამისმა, რომელიც ფიქრობდა, რომ მკურნალობა ხანმოკლე იქნებოდა, შვილი საავადმყოფოში არც კი მოინახულა. ასთმის შეტევებით გატარებული ღამის შემდეგ, ნაკაჯიმა 1942 წლის 4 დეკემბრის დილას გარდაიცვალა.[8]
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აცუში ნაკაჯიმაზე დაფუძნებული პერსონაჟი გვხვდება მანგას სერიაში Bungo Stray Dogs (ლიტერატურული ძაღლები), სადაც პერსონაჟებს იაპონიისა და მსოფლიოს გამოჩენილი მწერლების სახელები ჰქვიათ. სერიაში ნაკაჯიმა "შეიარაღებული დეტექტიური სააგენტოს" წევრია და ფლობს ზებუნებრივ უნარს, რომელსაც მისივე მოთხრობის, "მთვარე მთის ზემოთ", სახელი ჰქვია. ეს უნარი მას ვეფხვად გადაქცევის საშუალებას აძლევს.
ნაკაჯიმა ასევე ჩნდება ონლაინ თამაშში Bungo and Alchemist — ეს არის კოლექციური ბანქოს თამაში, რომლის პერსონაჟებიც ლიტერატურულ მოღვაწეებზეა დაფუძნებული.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Moon Over the Mountain (იაპონ. 山月記 'Sangetsuki'?) (1942)
- Light, Wind and Dreams (იაპონ. 光と風と夢 'Hikari to kaze to yume'?) (1943)
ინგლისურად თარგმნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Legend of the Master (名人伝), translated by Reiko Seri and Doc Kane. Kobe, Japan, Maplopo, 2020
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Maplopo | Atsushi Nakajima, "Legend of the Master" (in English)
- J'Lit | Authors : Atsushi Nakajima | Books from Japan (in English)
- აცუში ნაკაჯიმა — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- აცუში ნაკაჯიმა — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #119012928 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 Babelio — 2007.
- 1 2 Národní autority České republiky
- ↑ Kasumata, Hiroshi (2004). 中島敦の遍歴. Chikuma Shobō. ISBN 4480823565.
- ↑ Cheng, Ching-mao (1972). „"Chinese History in the Writings of Nakajima Atsushi"“. The Journal of the Association of Teachers of Japanese. 8 (1): 45–57. doi:10.2307/489092. JSTOR 489092.
- 1 2 3 4 5 6 7 Langton, Scott Charles (1992). „The Works of Nakajima Atsushi: 'War is war and literature is literature'“. Ohio State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-31. ციტირების თარიღი: 2026-02-10 – წარმოდგენილია OhioLINK-ის მიერ.
- 1 2 3 4 5 6 7 Ochner, Nobuko Miyama (April 1987). „A Japanese Writer in Micronesia: Nakajima Atsushi's Experiences of 1941–42“. The Journal of the Association of Teachers of Japanese. 21: 37–58. doi:10.2307/488892. JSTOR 489092.
- ↑ Kawamura, Minato. (2009) A Biography of Self-Loss: The Life and Works of Atsushi Nakajima. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2015. ციტირების თარიღი: 1 September 2021
- 1 2 3 4 Huang, Evelyn (2009). „Nakajima Atsushi Influences of Romanticism and Taoism“ (PDF). Seton Hall University.
- 1 2 The Moon over the Mountain | The 2nd Selected Works | Translation Works | Japanese Literature Publishing Project:JLPP. ციტირების თარიღი: 9 September 2021
- ↑ Nakajima, Atsushi (2003). Li Ling & Moon Over the Mountain, Revised, Japan: Shinchō Bunko, გვ. 207–215. ISBN 978-4101077017.