აჩხოტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჩხოტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის განაპირას. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, გეგმით თითქმის კვადრატული (11,9x12,4 მეტრი), ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით. შენობა რამდენჯერმეა გადაკეთებული: ცენტრისა და ჩრდილოეთის ნავების კამარები აღდგენილია ხის კამაროვანი გადახურვით. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადების საპირე ქვებიც. არ შემორჩენილა ჩრდილოეთ და დასავლეთ მინაშენები. შესასვლელი ცენტრი ნავის დასავლეთ კედლის ღერძზეა გაჭრილი. გარედან სწორკუთხა კარი შიგნით ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ნავები ერთამანეთისგან გამოყოფილია ოთხკუთხა ბოძებზე დაყრდნობილი სამი წყვილი თაღით. თაღები ეყრდნობა მარტივი პროფილის კაპიტელი. ბოძებს, შუა ნავის მხარეს, პილასტრები აუყვებათ, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენითაღები. თავდაპირველი სახით მოღწეულია სამხრეთის ნავის კამარა, რომელიც ვიწრო საბჯენ თაღს ეყრდნობა. შუა ნავი დანარჩენებზე განიერია და მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც კარით შესაბამის გვერდით ნავებს უკავშირდება. ორივე სათავის რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეღის მიმართულებითაა წაგრძელებული და გადახურულია ნახევარსფერული კამარით. კამარის კვადრატული საფუძვლის შესაქმნელად ორივე ოთახში, აფსიდის მხარეს, თითო თაღია მოწყობილი. კვადრატიდან წრეზე გადასვლა სადიაკვნეში აფრების საშუალებით ხდება, სამკვეთლოში - ტრომპებით. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ორივე მათგანი გარედან მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეში არის მოქცეული. საკურთხეველის სარკმელი ჩასმულია ვიწრო და მაღალ სწორკუთხა ჩარჩოში, რომელიც გრეხილისა და სადა ლილვისგან შედგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]