აჩირეალე
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
აჩირეალე სიცილ. Jaciriali | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 37°36′45″ ჩ. გ. 15°09′56″ ა. გ. / 37.61250° ჩ. გ. 15.16556° ა. გ. | ||||
| ფართობი | 40.43 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 170 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 50 515 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | 095 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 95024 | ||||
| საავტომობილო კოდი | CT | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.comune.acireale.ct.it/ | ||||
აჩირეალე (სიცილ. Jaciriali; ადგილობრივი შემოკლებით სიცილ. Jaci ან იტალ. Aci) — სანაპირო ქალაქი და მუნიციპალიტეტი კატანიის მეტროპოლიტენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სიცილიის ავტონომიურ რეგიონში, იტალიაში, ეტნას მთის ძირას, იონიის ზღვის სანაპიროზე. ქალაქში ცხოვრობს 50,579 ადამიანი. აჩირეალე კატანიის მეტროპოლიტენში სიდიდით მეორე მუნიციპალიტეტია.[2]
ქალაქი მრავალი ეკლესიის სამშობლოა, მათ შორის არის ნეოგოთიკური წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სიცილიური ბაროკოს სტილის წმინდა სებასტიანეს ბაზილიკა და მე-17 საუკუნის აჩირეალეს საკათედრო ტაძარი, ასევე სემინარია მღვდლების მოსამზადებლად. აჩირეალე ასევე ცნობილია თავისი ხელოვნებითა და ფერწერით: აქ მდებარეობს სიცილიის უძველესი აკადემია — ძელანტისა და დაფნიჩის მეცნიერებათა, ლიტერატურისა და ნატიფი ხელოვნების აკადემია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციის თანახმად, ქალაქის საწყისები ქსიფონიას უკავშირდება — მისტიკურ ბერძნულ ქალაქს, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. რომაულ ხანაში არსებობდა კიდევ ერთი ბერძნული ქალაქი, აკისი, რომელიც პუნიკურ ომებში იყო ჩართული. ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ აღწერილია დიდი სიყვარული მდინარე აკისის სულსა და ზღვის ნიმფა გალათეას შორის. მითოლოგიის მიხედვით, აკისის სიკვდილის შემდეგ გალათეას ცრემლებმა დასაბამი მისცა მდინარე აკისს, რომელიც აჩირეალეს (ძველი აკისი ან აციუმი) გვერდით მიედინება.[3] რომაელები ქალაქს აციუმს უწოდებდნენ და ის კატანიადან ტაორმინასკენ მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობდა.[4] რომაელები აქ არსებულ თერმულ წყაროებსაც იყენებდნენ.[3]
შუა საუკუნეებში ქალაქი ციხესიმაგრის გარშემო გაფართოვდა (რომელიც ახლა აჩი-კასტელოს ნაწილია); ის ბიზანტიელების დროს ცნობილი იყო როგორც იაქიუმი, არაბების დროს — ალ-იაჯი (الياج), მოგვიანებით კი — აკვილია. 1169 წლის მძლავრმა მიწისძვრამ სიცილიაში მოსახლეობა მატერიკის სიღრმეში დაფანტა. მე-14 საუკუნის ბოლოს, უფრო ჩრდილოეთით, დაარსდა კიდევ ერთი ქალაქი — აკვილია ნოვა („ახალი აკვილია“), რამაც შექმნა თანამედროვე აჩირეალეს ბირთვი. ამ შუა საუკუნეების ქალაქის ერთადერთი შემორჩენილი არქიტექტურული ნიმუშია წმინდა ანტონ პადუელის ეკლესიის გოტიკურ-ლომბარდიული სტილის პორტალი.
მე-16 საუკუნეში იმპერატორმა კარლ V-მ ქალაქი ფეოდალური დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა და ის სამეფო კომუნად გამოაცხადა. მე-16 საუკუნის ბოლოს ქალაქში 6 000-დან 7 000-მდე მცხოვრები იყო. ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელიც აჩირეალეს კარნავალს ახსენებს, 1594 წლით თარიღდება. ქალაქმა განიმტკიცა სავაჭრო ცენტრის როლი (მას მიენიჭა თავისუფალი ბაზრობის — Fiera Franca — გამართვის უფლება) და მრავალი ახალი ნაგებობით შეიმკო.
აჩირეალე თითქმის მთლიანად გაანადგურა 1693 წლის დიდმა მიწისძვრამ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი ეკონომიკური ზრდა და ყველა შენობის ხელახალი მშენებლობა გახდა საჭირო. 1861 წელს, „ათასის ექსპედიციის“ დროს, რომელსაც ჯუზეპე გარიბალდი ხელმძღვანელობდა და რომელმაც სიცილია ნეაპოლის ბურბონთა სამეფოს მმართველობისგან გაათავისუფლა, აჩირეალე იყო პირველი ქალაქი, რომელიც ნეაპოლის რეჟიმს აუჯანყდა. 1941 წელს ქალაქი მოკავშირეებმა დაბომბეს, რასაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი მოჰყვა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 50 579 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 48,7% მამაკაცია, ხოლო 51,3% — ქალი. არასრულწლოვნები მოსახლეობის 15,2%-ს შეადგენენ, ხოლო პენსიონერები — 23,7%-ს, იტალიის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სადაც არასრულწლოვნები 14,9%-ს, ხოლო პენსიონერები 24,7%-ს შეადგენენ.[2]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაიზარდა, როგორც „სწავლების ქალაქი“, რადგან არსებობდა რამდენიმე პანსიონისა და უმაღლესი სასწავლებლის მემკვიდრეობა, რაც დღეს, საუნივერსიტეტო კამპუსის არარსებობის პირობებში, დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს. აჩირეალეში არის რამდენიმე საჯარო და კერძო საშუალო სკოლა, რომლებიც დაყოფილია ლიცეუმებად, ტექნიკურ და პროფესიულ ინსტიტუტებად; მათ დიდწილად მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსწავლეებიც სტუმრობენ.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერო ადგილები და შენობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვილა ბელვედერე და პარკო დელე ტერმე — ორი დიდი საჯარო პარკი, და „ლა ტიმპა“ — ბუნებრივი ნაკრძალი, რომელიც გადაჰყურებს იონიის ზღვას, ბუნების შესანიშნავ ხედებს სთავაზობს დამთვალიერებელს.
- პიაცა დუომო, აჩირეალეს კათედრალისა და სანტი პიეტრო ე პაოლოს ტყუპი ეკლესიებით, ქალაქის მთავარ მოედანს წარმოადგენს.
- პალაცო დელა ჩიტა (ქალაქის მოედანი), აჩირეალე.
- პალაცო პენნისი.
- პალაცო მოდო, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება.
- პალაცო მუსმეჩი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება.
- კომერციული ქალაქის ცენტრი ძირითადად განთავსებულია კორსო უმბერტოსა და კორსო იტალიას ქუჩებზე და მათ მიმდებარედ, რომლებიც ქალაქის მთავარი მაგისტრალებია.
- ფორტეცა დელ ტოკო, მე-16 საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც ბუნებრივ ნაკრძალად გადაკეთდა.
- ძველი დიდგვაროვნების სასახლე, რომელიც ხასიათდება ლავის ქვისგან დამზადებული გროტესკული ნიღბებით მორთული აივნებით.
- სადღესასწაულო პლატფორმები კარნავალის სეზონზე.
- ძელანტეას ბიბლიოთეკა და სამხატვრო გალერეა: სათავეს იღებს მეჩვიდმეტე საუკუნეში დაარსებული კოლექციებიდან და მეცნიერთა საზოგადოებიდან. ორივე განთავსებულია ნეოკლასიკურ სასახლეში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ინჟინერ მარიანო პანებიანკოს მიერ აშენდა; აქ ინახება ხელოვნების ნიმუშებისა და უძველესი ტექსტების კოლექციები.
- აჩი პლატანის გლეხური ტრადიციების მუზეუმი: აქ წარმოდგენილია მეცხრამეტე საუკუნის ეტნას რეგიონის გლეხის ოჯახის ტიპური სახლის რეკონსტრუქცია.
- უნიფორმების მუზეუმი: განთავსებულია მუნიციპალიტეტის სასახლეში, პიაცა დუომოზე; ინახავს ისტორიული უნიფორმების კოლექციას მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან.
- მარიონეტების ოპერის მუზეუმი ალესის ქუჩაზე.
- კარნავალის მუზეუმი: მდებარეობს ტურიზმის სასახლეში), რუჯერო სეტიმოს ქუჩა N11-ში.
- ფლორისტელას მონეტების კოლექცია: აგოსტინო პენისი ფლორისტელას ნუმიზმატიკური კოლექცია ამჟამად სიცილიის რეგიონალურ არქეოლოგიურ მუზეუმშია განთავსებული და ქალაქში საკუთარ ადგილს ელოდება.
- კაპომულინის მარიონეტების ოპერის თეატრი: საგამოფენო სივრცეებში კონცენტრირებულია აჩესის მარიონეტების მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა (და სხვა სიცილიურ მარიონეტულ ტრადიციებთან ერთად იუნესკოს მიერ აღიარებულია კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად).
- ეპარქიის მუზეუმი ჯენუარდის ქუჩაზე
რელიგიური შენობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სანტა მარია ანუნციატას კათედრალი
- სანტ-ანტონიო დი პადუა
- სან ბიაჯო[5]
- სან კამილო
- სან დომენიკო
- სანტა მარია დელი აგონიცანტი
- სანტა მარია დელ სუფრაჯიო
- ორატორიის ეკლესია
- სანტი პიეტრო ე პაოლოს ბაზილიკა
- სან სებასტიანოს კოლეგიური ბაზილიკა
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მითები და ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჩირეალეს ისტორიას ხშირად თან ახლავს ლეგენდები, რაც განსაკუთრებით მისი დაარსების მითში ვლინდება. ლეგენდებს შორისაა აკისი და გალათეა, ოდისევსის თავგადასავალი ციკლოპ პოლიფემეს წინააღმდეგ, ზევსის მიერ გიგანტებზე შურისძიების შედეგად აღმოცენებული ტყე და ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია კართაგენელთა არმიის გაქცევასთან ეტნას მთის ლავის ნაკადის წინაშე.
პარონიმული ლეგენდა, საიდანაც მომდინარეობს ქალაქისა და მისი დასახლებების სახელწოდება, არის აკისისა და გალატეას სიყვარულის იდილია. ეს ამბავი აღწერილია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“, აგრეთვე თეოკრიტეს, ვირგილიუსის, პოსიდიპეს, ფილოქსენეს, კალიმახეს, ჰერმენენატესა და ეუფორიონის მიერ.
ულამაზეს ნიმფა გალატეას მწყემსი აკისი უყვარდა. მათ სიყვარულს ხელს უშლიდა პოლიფემე, საშინელი ციკლოპი, რომელმაც, ეჭვიანობით განრისხებულმა, მწყემს ბიჭს ქვა ესროლა და მოკლა. გალატეამ, აკისის დაკარგვით სასოწარკვეთილმა, ღმერთებს მისი გაცოცხლება სთხოვა. მათ შეისმინეს ვედრება და მწყემსი გარდასახეს მარადიულ მდინარედ, რომელსაც იაჩი (აკისი) ეწოდა. მდინარე იაჩი, რომელსაც გაურკვეველი მიწისქვეშა გზა აქვს და ეტნას მდიდარი სადრენაჟო სისტემის ნაწილია, მიედინება როგორც „აკვე გრანდის“ ტერიტორიაზე აჩირეალესა და კაპომულინის შორის, მასიური ლავის ფენის ქვეშ, ისე სოფელ სანტა მარია ლა სკალაში („ტესტა დი ლაკვა“), „მოლინო დი მიუჩიოსთან“, სადაც წყალი კრისტალურად სუფთა და ყინულოვანია. ასევე, იგი გაედინება სანტა კატერინას რაიონის ჩრდილოეთით („აკვე ფერუ“), სადაც წყალს დამახასიათებელი მოწითალო შეფერილობა აქვს. ეს გამოწვეულია რკინის ოქსიდების არსებობით, რასაც ხალხური რწმენა, ოვიდიუსის ლექსებზე დაყრდნობით, აკისის სისხლს („უ სანგუ დი იაჩი“) მიაწერს.
ვილა ბელვედერეში გამოფენილია აკისისა და გალატეას სკულპტურული ჯგუფი. ეს არის მარმარილოს ასლი, რომელიც დამზადებულია ძელანტეას ბიბლიოთეკაში დაცული პატინირებული თაბაშირის მოდელის მიხედვით. ნამუშევარი ეკუთვნის როსარიო ანასტაზის (1846) და ასახავს მითის ეპილოგს — უკანასკნელ აქტს, როდესაც გალატეა დრამატული ვედრებით სთხოვს ღმერთებს პოლიფემეს მიერ ქვით მოკლული საყვარელი აკისის მკვდრეთით აღდგენას.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრანიტა, რომელიც საზაფხულო ჩახუთულობისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალებაა, აჩირეალეში თითქმის რიტუალად ითვლება. ის სავარაუდოდ „ნევაროლების“ ტრადიციიდან იშვა, რომლებსაც ეტნადან თოვლი ზღვის სანაპირომდე ჩამოჰქონდათ, როდესაც მაცივარი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ქალაქში გრანიტას გამოგონებას მიაწერენ გამჭრიახ ფრანჩესკო პროკოპიო დეი კოლტელის, აჩიტრეცადან, რომელმაც მე-17 საუკუნის პარიზში კაფე „ლე პროკოპით“ დიდ წარმატებას მიაღწია.
როგორც წესი, მას ძირითადი, ნუშის არომატით მიირთმევენ და თან ახლავს ბრიოში. ასევე ძალიან გავრცელებულია ლიმონის გრანიტა. აჩესის ზაფხულის კიდევ ერთი დამახასიათებელი სასმელია სელცერი ლიმონითა და მარილით, რომელიც ქალაქის ქუჩებში მდებარე მრავალ ჯიხურში იყიდება.
გარდა ამისა, განთქმულია საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა შორისაც „გვირგვინის სამკაულს“ წარმოადგენს ბრინჯის ძეპოლე თაფლით, შოკოლადის, თეთრი კრემის ან რიკოტას შიგთავსით სავსე კანოლი, მცირე საკონდიტრო ნაწარმი და ხელნაკეთი ჯელატო. ასევე პოპულარულია ახლად გამომცხვარი კერძები (არანჩინი, „კარტოჩატე“, „ჩიპოლინე“ და ა.შ.) და საუზმის ტკბილი პროდუქტები (კრუასანები, პანძეროტი, რიკოტათი სავსე „რავიოლე“, შოკოლადის ან თეთრი კრემის შიგთავსიანი „ირისი“). მეთევზეთა სოფლებში მრავალი რესტორანია, რომელიც მხოლოდ ახალი თევზისგან მომზადებულ მენიუს სთავაზობს სტუმრებს.
აჩირეალე და მისი მიმდებარე რაიონი ასევე ცნობილია „ეტნას ლიმონით“, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან პრესტიჟული აღიარება I.G.P. (დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა) მიიღო.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჩირეალეში კარნავალის სეზონზე იმართება კოსტიუმირებული მსვლელობები და სადღესასწაულო პლატფორმების პარადები.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჩირეალე დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://demo.istat.it/?l=it
- 1 2 Resident population. ISTAT.
- 1 2 Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 1 (11th ed.). Cambridge University Press. p. 148.
- ↑ Antonine Itinerary, p. 87 ed. Parthey;
- ↑ The church contains relics of the Venerable Gabriele Allegra, who had entered the Franciscan seminary in 1918.