აღმოსავლეთის რეგიონი (განა)
აღმოსავლეთის რეგიონი (ინგლ. Eastern Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მდინარე ვოლტის დასავლეთით. ადმინისტრაციული ცენტრი — კოფორიდუა.
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთ ბონოს რეგიონს, აღმოსავლეთიდან ვოლტის რეგიონს, სამხრეთით, გვინეის ყურის სანაპიროსთან მდებარე, ცენტრალურ და დიდი აკრის რეგიონებს, დასავლეთით აშანტის რეგიონს.
1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის სანაპირო რეგიონი გაიყო აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონებად. 1975 წელს აღმოსავლეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო დიდი აკრის რეგიონი.

2021 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით რეგიონს მესამე ადგილი უკავია ქვეყანაში დიდი აკრისა და აშანტის რეგიონების შემდეგ. 1977 წლის მდგომარეობით აღმოსავლეთის რეგიონში ქალაქების განვითარების საქალაქო აგლომერაციების ჩამოყალიბების დონეზე პროცესი მიმდინარეობდა უფრო ნაკლებად, ვიდრე დასავლეთის რეგიონში. აშანტის და აღმოსავლეთის რეგიონებში არსებობს ბოქსიტის საბადოები ალუმინის ოქსიდის მდიდარი შემცველობით (63 %-მდე). 1963 წლის მდგომარეობით ალმასის მოპოვება თითქმის მთლიანად თავმოყრილია აღმოსავლეთის რეგიონის მდინარე ბირიმის რაიონში და დასავლეთის რეგიონში მდებარე ქალაქ ტარკვის სამხრეთით — მდინარე ანკობრის შენაკად ბონსის ხეობაში. პირველი, უფრო დიდი, საბადო იმყოფება უცხოური კომპანიების ხელში, რომლებიც მანქანებს იყენებენ, მეორე საბადო მუშავდება ადგილობრივი მეწარმეების მიერ. აღმოსავლეთის რეგიონში (ნკოკო და სხვა) მიმდინარეობს ძირითადი ხე-ტყის ჭრა და მასალების დამზადება.
1985 წლის მდგომარეობით აღმოსავლეთის რეგიონში აკანები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ს, ხოლო ევე — 30 %-ს.