აქსაის საბაჟო საგუშაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქსაის საბაჟო საგუშაგო
Аксайская таможенная застава

საბაჟო საგუშაგოს შესასვლელი
მდებარეობა აქსაი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1763[1]
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100580000

აქსაის საბაჟო საგუშაგო (რუს. Аксайская таможенная застава) — მიწის ქვეშ მდებარე საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ქალაქ აქსაიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, დონელი ყოფილი თავადის ნაკვეთზე, მალი-ლოგის შესართავთან. ციხესიმაგრე აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველად მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამეფო საგუშაგო, შემდეგ კი - საბაჟო. ამჟამად ნაგებობა აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის კუთვნილებაშია[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის მშენებლობა მიმდინარეობდა ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი რედუტების მსგავსად. მშენებლობის დაწყებამდე გააკეთეს ღია ორმოები და დატოვეს სივრცე სათოფურებისთვის. ნაგებობის ჭერში დატანებული იყო სავენტილაციო არხები. მიწის სახურავის სისქე 10 მეტრი იყო, რაც განაპირობებდა მაღალი დონის დაცვას საარტილერიო დაბომბვის პერიოდში[3].

აქსაის მიწისქვეშა ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულდა 1763 წელს. საბოლოო ვარიანტში იგი წარმოადგენდა 15X10 მეტრის პარამეტრების ბორცვს.

XVIII საუკუნის შუა წლებში ციხესიმაგრის ადგილზე მდებარეობდა ჯერ სამეფო, ხოლო შემდეგ საბაჟო საგუშაგო და მცირე დასახლება უსტ-აქსაისკი. აქსაის ციხესიმაგრის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას განაპირობებდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა რვა სავაჭრო გზის გადაკვეთაზე. რუსეთ-ოსმალეთის ომების პერიოდში ციხესიმაგრის დანიშნულება იყო აზოვის დაცვა, რომელიც ოსმალეთმა რუსეთს დაუთმო 1700 წლის კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით[4].

რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კედლის ნაწილი

1941 წლამდე მიწისქვეშა ციხესიმაგრე გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საწყობი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბომბების შესანახად გამოიყენებდნენ. 1948 წლიდან აქსაის საბაჟო საგუშაგო ეკუთვნოდა საკონსერვო ქარხანას, რომელსაც გამოიყენებდნენ პროდუქციის შესანახად. თანამედროვე სასაწყობო შენობის აშენების შემდეგ საგუშაგო მიატოვეს, თუმცა მას არაერთხელ ეწვია მხარეთმცოდნე და ისტორიკოსი ვ. გლადჩენკო.

1977 წელს ისტორიული და საარქივო კვლევის საფუძველზე აქსაის საქალაქო აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ანგარიშზე აეყვანა საბაჟო საგუშაგო. ამ ობიექტს ოფიციალურად ეწოდა „თოფის წამლის XVIII საუკუნის საწყობი“. დიდი ხნის განმავლობაში ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ მნახველებისათვის დაიხურა. 1981 წელს მუზეუმის დირექტორმა ვ. გლადჩენკომ ადგილობრივი აღმასკომიდან მიიღო ნებართვა ჩაეტარებინა საგუშაგოს რესტავრაცია და შემდეგ გამოეყენებინათ, როგორც სამუზეუმო ჩვენებების ობიექტი. ამის შემდეგ დაიწყო მიწისქვეშა სათავსოების ნაგვისაგან გაწმენდის სამუშაოები.

1985 წლის ბოლოს რაიონის კულტურის განყოფილებამ მოამზადა საფორტიფიკაციო ნაგებობის სარესტავრაციო გეგმა. სარემონტო თანხები გამოიყო კულტურის საოლქო განყოფილების ბიუჯეტიდან. სარესტავრაციო სამუშაოების დაპროექტებას ხელმძღვანელობდა ი. სოლნიშკინი. 1986 წლისათვის პროექტი მზად იყო. პროექტი ითვალისწინებდა ფუნდამენტის კონსერვაციას, მიწისქვეშა შესასვლელის რესტავრაციას, შიდა სათავსოების რესტავრაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, ავტოსადგომის მოწყობას. სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო 1987 წელს.

სამუზეუმო კომპლექსის „საბაჟო საგუშაგოს“ ოფიციალური გახსნა მოხდა 1991 წლის სექტემბერში[4].

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაჟო საგუშაგოს ტერიტორიაზე მოქმედებს ორი მუდმივი გამოფენა: ექსპოზიცია „საბაჟო სამსახური დონში XVIII საუკუნეში“ მდებარეობს მიწისქვეშა სათავსოებში. მეორე გამოფენას ეწოდება „ბუნების მუზეუმი“, რომელიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ, სადაც დაცულია ხელშეუხებელი სტეპის მცენარეულობა, რომელთაგან მრავალი სახეობა შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში. აქვე წარმოდგენილია XX საუკუნეში დამზადებული სასოფლო-სამეურნეო იარაღების გამოფენაც[5].

ძირითადი ექსპოზიცია მდებარეობს მიწისქვეშა გამოქვაბულებში, რომელთა საერთო ფართობიცაა 350 მ². მუზეუმში წარმოდგენილია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, მებაჟეების ცხოვრების ამსახველი ნივთები და საბაჟო სამსახურის საგნები, ხელნაწერი დოკუმენტები[6].

კომპლექსის ექსპოზიცია მოგვითხრობს საბაჟო სამსახურის ისტორიაზე, ასევე ამ ადგილების ბუნებაზე და ეკოლოგიაზე[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Таможенная застава. Исторический центр города. ФГУП ГИВЦ Минкультуры России. ციტირების თარიღი: 2016-12-24.[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 История аксайского военно-исторического музея. Аксайский военно-исторический музей. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  3. Достопримечательности Аксайского района. Администрация Аксайского района. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  4. 4.0 4.1 Черняева Любовь. Таможенная застава». Автор Дона. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  5. «Таможенная застава». Аксайский военно-исторический музей. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  6. Аксайский военно-исторический музей (Аксай). Vetert.ru. ციტირების თარიღი: 2016-12-25.