აქვსენტი გოგვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქვსენტი გოგვაძე (დ. 1 ნოემბერი, 1902, ოჩხათი, ოზურგეთის რაიონი — გ. 1991) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით.

სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში მოსკოვში იმავე წელს, სადაც პარალელურად მუშაობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში - არქიტექტორად, შემდეგ რაციონალიზაციისა და გამოგონებათა ბიუროს გამგედ. ასევე მუშაობდა მოსკოვის "ბურთულა საკისრების" ქარხნის მშენებლობაზე. გაიმარჯვა ქალაქ ტაშკენტის საქსოვი კომბინატის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში 1933 წელს და თავად მონაწილეობდა თავისი პირველი პროექტის განხორციელებაში 1935 წლიდან. ამ ფაქტმა და მისმა სადისერტაციო თემამ "საქსოვი ფაბრიკის არქიტექტურული ტიპოლოგია" განსაზღვრეს მისი პროფესიული გზა, როგორც სამრეწველო არქიტექტურის პრაქტიკოსი არქიტექტორის. სამამულო ომის წლებში გათავისუფლებულ იქნა უშუალოდ საფრონტო სამხედრო სამსახურისგან და დაევალა თბილისის №31 საავიაციო ქარხნის დაპროექტებასა და მშენებლობაში მონაწილეობა. ის ასევე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", რომელიც შემდგომ მისი მონაწილეობით რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტად", სადაც გაგრძელდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა. იყო სამასამდე რეალიზებული პროექტის ავტორი, მათ შორის მცხეთის ატომური რეაქტორის პროექტის. როგორც კლასიკურ მემკვიდრეობაზე აღზრდილ არქიტექტორთა თაობის ღირსეული წარმომადგენელი, ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სამრეწველო არქიტექტურაზე დახელოვნებული, ნაყოფიერად მუშაობდა სამოქალაქო არქიტექტურაშიც. მისი პროექტით იქნა აშენებული ტექნიკური უნივერსიტეტის "ქიმიკოსების" კორპუსი და მიმდებარე საერთო საცხოვრებლის შენობა კოსტავას ქუჩაზე, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობა პეკინის ქუჩაზე თბილისში. აღსანიშნავია მისი საცხოვრებელი სახლები გორგასლის ქუჩაზე ქალაქ თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ტყიბულში, ტყვარჩელში და გორში. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა გასული საუკუნის 50-იანი წლების პერიოდში პროგრესულად ქცეული "ლენტური ფანჯრების" თემა თბილისის "იზოტოპების" ქარხნის პროექტირებისას. იყო ეროვნული სამეცნიერო კადრების პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი; ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო მრავალი საუწყებო ჯილდოს მფლობელი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია წიგნი 2 - თბ., 2021, გვ. 95-96

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]