ნიკოლოზ აფხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აფხაზი, ნიკოლოზ)
ემიგრანტი
ნიკოლოზ აფხაზი

ნიკოლოზ აფხაზი (დ. 14 მაისი, 1899, თბილისი ― გ. 25 დეკემბერი, 1987, ქ. ვიქტორია, კანადა) ― ქართველი იურისტი, სამხედრო პირი. დაიბადა ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის ოჯახში.

ნიკოლოზ აფხაზის წინაპრები დიდგვაროვანი აფხაზი თავადები – შარვაშიძეები იყვნენ, რომელთაც აფხაზეთი მუსლიმანთა მოძალებისას XVII საუკუნეში დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში დასახლდნენ. შარვაშიძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული. მათ აფხაზის ფსევდონიმი დაიმკვიდრეს.

ნიკოლოზ აფხაზმა 1918 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათვადაზნაურო გიმნაზია. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში.

ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ ნიკოლოზი და ელენე საფრანგეთში გაიხიზნენ და პარიზში კოტე აფხაზის ჩასვლასაც ელოდნენ.

საქართველოში დარჩენილი კოტე აფხაზი კი შეურიგებლად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1922 წელს, ხევსურეთისა და სვანეთის აჯანყებების დამარცხების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებლობის კომიტეტს და მისი ინიციატივით შექმნილი კომიტეტის სამხედრო ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევდა საყოველთაო–სახალხო ეროვნული ამბოხების მომზადებას. 1923 წლის თებერვალში კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის 14 წევრი დააპატიმრეს. 20 მაისს საშინელი წამების შემდეგ ყველანი დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

ნიკოლოზ აფხაზი და დედამისი ქართული სათვისტომოს აქტიური წევრები იყვნენ. ელენე მეგობრობდა ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთ ლიდერთან გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟის ჯამლეთის ნათლიაც გახდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო დოქტორის ხარისხი, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა საადვოკატო პრაქტიკა. ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები, მათ შორის ამერიკელი ცოლ–ქმარი კელები. მათ ნიკოლოზ აფხაზს სამეურვეოდ მიანდეს კარ–მიდამო და 120 ოთახიანი სასახლე, სადაც II მსოფლიო ომამდე დედასთან ერთად ცხოვრობდა.

1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გახდა გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით გაშლილი „საფრანგეთის წინააღმდეგობის“ მოძრაობის აქტიური წევრი. იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენით. ერთ–ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა, იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში. ამ ამბავმა დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. ნიკოლოზი ტყვეობიდან 1944 წელს განთავისუფლდა.

აფხაზების ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერადოვანი როდოდენდრონები აფხაზების ბაღში (ქ. ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა).

1921 წელს ნიკოლოზ აფხაზმა პარიზში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერი (1902–1994), რომელსაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. პეგი 3 წლის ასაკში დაობლდა, მეურვეები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბოლოოდ ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა, მამობილის გარდაცვალების შემდეგ, დედობილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მას მიმოწერა ჰქონდა და მეგობრობდა ნიკოლოზთან, ხოლო პარიზში ჩამოსვლის დროს ხვდებოდა.

1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი და მარჯორი ნიუ–იორკში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ, შემდეგ დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს კანადის მკაცრ კლიმატურ პირობებში. ცოლ–ქმარი 40 წელი ატარებდა ექსპერიმენტებს, ანახლებდა და ალამაზებდა ბაღს, რომელიც პეგის სიტყვებით „სიყვარულით აშენდა“.

„აფხაზების ბაღი“ არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული.

გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს, მარჯორი ჰემბერტონ–კარტერი — 1994 წელს. წყვილს შთამომავლობა არ დარჩენია. ანდერძის თანახმად, კრემაციის შემდეგ, მათი ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს.

აფხაზების გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთ–ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელს ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა. 2000 წლის 17 თებერვალს ბაღი გამოისყიდა ბრიტანეთის კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ. „აფხაზების ბაღი“ დღესაც ცოცხლობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზების ცხოვრება აღწერა კატერინა გორდონმა წიგნში „უცნაური ცხოვრება“, სადაც მოთხრობილია ბაღისა და მისი პატრონების ისტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]