აფხაზეთის აჯანყება (1918)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთის აჯანყება.

აფხაზეთის აჯანყება (16 თებერვალი17 მაისი, 1918) — სოხუმის ოკრუგში აფხაზეთის ბოლშევიკთა აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების საქმეში დიდი როლი შეასრულა გაზეთმა „სუხუმსკაია პრავდამ“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერი) რუსეთში მომხდარმა ოქტომბრის რევოლუციამ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაშიც. 11 ნოემბერს თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის დროებითი მთავრობა — ამიერკავკასიის კომისარიატი ე. გეგეჭკორის თავმჯდომარეობით. ბოლშევიკების მიერ დამფუძნებელი კრების გარეკვის (1918 წლის იანვარი) შემდეგ ამიერკავკასიამ გეზი დამოუკიდებლობისაკენ აიღო.

1918 წლის 10 თებერვალს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სეიმი, რომლის წევრები გახდნენ ძალადობის გზით დაშლილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ამიერკავკასიიდან. 9 აპრილს სეიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალ მთავრობას სათავეში ა. ჩხენკელი ჩაუდგა.

1917 წლის 19-23 ნოემბერს I ეროვნულმა ყრილობამ მოისმინა ნ. ჟორდანიას მოხსენება და რუსეთის შემადგენლობაში საქართველოსათვის სრული თვითმმართველობის მინიჭების პროგრამა წამოაყენა, აირჩია ეროვნული საბჭო. სამურზაყანოს სახელით გამოსულმა ივანე გეგიამ ყრილობის დელეგატებს შეახსენა ისტორიულად აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების შესახებ; აღნიშნა, რომ სამურზაყანო არ შეუერთდა აფხაზებს მთიელებთან კავშირის საკითხში, მაგრამ მუდამჟამს ვიყავით და ვრჩებით მეგობრებად; სამურზაყანო თამაშობს მომრიგებლის როლს და მომავალშიც ხიდად გაიდება საქართველოსა და აფხაზეთს შორის. „მოქალაქენო! ჩვენი სურვილია, აფხაზეთი საქართველოს შეუერთდეს“, — განაცხადა ორატორმა და თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „დასასრულ, ჩვენი სურვილია, აფხაზეთ-სამურზაყანო, სოხუმის ოლქი დარჩეს უცვლელად და მიეცეს ეროვნულკულტურული ავტონომია თავის საზღვრებში“[1]. აფხაზეთსაც გულისხმობდა I ეროვნული ყრილობა, როცა თავის რეზოლუციაში „დღევანდელი მომენტი და საქართველოს თვითმმართველობა“ ჩაწერა: „ფართო თვითმმართველობა მიენიჭება ყველა იმ განაპირა ადგილებს, რომელთა მცხოვრებნი მოისურვებენ საქართველოს თვითმმართველ ერთეულში შემოსვლას“.

სულ მალე ეს საკითხი ქართველთა და აფხაზთა წარმომადგენლების განხილვის საგანი გახდა. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციების შეხვედრა, რომელიც შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრას წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი. ინიციატივა საქართველოს ეროვნული საბჭოსაგან მოდიოდა. 1918 წლის დასაწყისში მან წინადადებით მიმართა აფხაზთა საბჭოს, გამართულიყო ერთობლივი თათბირი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის გასარკვევად. ამ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სამურზაყანოს წარმომადგენლებიც მოიწვია და სთხოვა მათ, ხელი შეუწყონ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძმური კავშირის განმტკიცებას.

9 თებერვლის შეხვედრას თბილისში აფხაზთა მხრიდან ესწრებოდნენ ა. შარვაშიძე, მ. ემუხვარი, ნ. მარღანია, პოლკოვნიკი რ. ჩხოტუა, ბ. ცაგურია. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ეროვნული საბჭოს აღმასკომის წევრები ა. ჩხენკელი, კ. მესხი, გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, ნ. ქარცივაძე. აფხაზური დელეგაცია რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ითხოვდა. ეროვნული საბჭოს ლიდერები არ დაეთანხმნენ აფხაზეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეას და საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური უფლებებით მისი შესვლის სურვილი გამოთქვეს. ამასთანავე, ა. ჩხენკელმა აფხაზებს აღუთქვა დახმარება 1904 წელს შავიზღვისპირეთის ოლქისათვის მიერთებული გაგრის ზონის დაბრუნებაში; მოსაგვარებელი იყო ასევე ურთიერთობა სამურზაყანოსთან, ვინაიდან ის ფაქტობრივად გამოვიდა სოხუმის ოლქის შემადგენლობიდან მთიელთა კავშირთან აფხაზების მიერთების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. „ჩვენი მიზანია, — განაცხადა ა. ჩხენკელმა, — სოხუმის ოლქის როგორც აფხაზეთის აღდგენა“[2]. აფხაზები დათმობაზე წავიდნენ. მიღებული შეთანხმების პირველი პუნქტი შეიცავდა საერთო მისწრაფებას - „საზღვრებში მდინარე ენგურიდან მდ. მზიმთამდე აღდგეს ერთიანი, განუყოფელი აფხაზეთი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო“. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებდა მომავალში აფხაზეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხის დემოკრატიულ საწყისებზე მოწვეულ დამფუძნებელ კრებაზე გადაჭრას; მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ, სხვა ერებთან თუ სახელმწიფოებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლამდე ამ საკითხზე ერთმანეთთან წინასწარ გამართონ მოლაპარაკებები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 9 თებერვლისათვის აფხაზთა და ქართველთა წინაშე აღნიშნული პრობლემა არ იდგა, აფხაზები ფაქტობრივად არ გაწევრიანებულან მთიელთა კავშირში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ რუსეთში სამოქალაქო ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირი ვერ ხერხდებოდა, მთიელთა ორგანიზაციებიც ვერ ფუნქციონირებდნენ.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ბოლშევიკებმა, რომლებიც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის საერთო ამოცანებით ხელმძღვანელობდნენ, დაიწყეს შეიარაღებული აჯანყების მომზადება. აჯანყების გეგმა შეიმუშავეს 1918 წლის თებერვლის ბოლოს ქალაქ ბათუმში გამართულ თათბირზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მ. ორახელაშვილი, ე. ეშბა, ნ. ლაკობა და გ. ათარბეგოვი.

1918 წელს რსდმპ (ბ) კავკასიის კომიტეტის მოწოდებისამებრ დაიწყო მზადება აჯანყებისათვის. მასში ჩაებნენ აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციებიც. სამურზაყანოში ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდა პავლე ე. ძიგუა, რომლის უახლოესი თანაშემწე იყო ფ. თორია. ისინი ქმნიდნენ მებრძოლ რაზმებს და აიარაღებდნენ მათ. 1918 წლის 16-20 თებერვალს სოხუმი ბოლშევიკებმა აჯანყების გზით ჩაიგდეს ხელში, შექმნეს რევოლუციური კომიტეტი ე. ეშბას მეთაურობით და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. ძირითადად იგი ეყრდნობოდა პატიმრობაში მყოფ და კომუნისტების მიერ გათავისუფლებულ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც უმოწყალოდ ძარცვავდნენ მოსახლეობას. მათ ხელში ჩაიგდეს სერიოზული შეიარაღება და ნაძარცვი ქონება, 20 თებერვალს რევოლუციურმა კომიტეტმა „უფლებამოსილება“ მოიხსნა, მისი მოთავეები კი საზღვაო გზით რუსეთში გაიქცნენ.

21 თებერვლის ღამეს სოხუმი კვლავ სამთავრობო ფორმირებებმა დაიკავეს. ყოველივე მომხდარის შესახებ საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქალაქის თავმა ბ. ჩხიკვიშვილმა შეატყობინა. იგი წერდა, რომ განთავისუფლებული და შეიარაღებული დამნაშავეები დრანდის რაიონში გაიქცნენ, თავი ბოლშევიკებად გამოაცხადეს და დაიწყეს ადგილობრივი ქართული (მეგრული) მოსახლეობის დარაზმვა „აფხაზებისა და მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით“[3]; „სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა“ აფხაზებმა, — აგრძელებდა ბ. ჩხიკვიშვილი, — რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი მეგრელებისა და სხვათა მიმართ, „შესაძლოა თურქეთს სთხოვონ დესანტი, თუ თქვენი მხრიდან არ იქნება დახმარება წესრიგის აღსადგენად“.

სულ მალე აფხაზეთში ეროვნული საბჭოს წევრები დ. სულიაშვილი და ქრ. რაჭველიშვილი, ასევე ზუგდიდელი გლეხების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი დაესწრნენ სოხუმის ოლქის გლეხთა II ყრილობას (1918წ. 4-9 მარტი), რომელმაც მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, აფხაზეთი შესულიყო კავკასიელი ერების საერთო ოჯახში, როგორც მისი თანასწორუფლებიანი წევრი და თავისი საუკეთესო მომავალი დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად გამოჭედოს. ყრილობამ აირჩია გლეხთა საბჭო და მისი აღმასრულებელი კომიტეტი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის, დიმიტრი გულიას, მ. ცაავას, მ. ცაგურიას, ვ. ესვანჯიას, კ. ძიძარიას, აბუხბას, ბარციცის, დოცენკოს შემადგენლობით (მდივანი გახდა გ. აჯამოვი)[4].

1918 წლის აპრილში თურქეთმა აჭარა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკავა. ზუსტად იმ დღეებში აფხაზეთს რუსეთიდან შემოჭრილი ბოლშევიკები დაეუფლნენ[5].

სოხუმში საბჭოტა ხელისუფლების დამყარებით აღფრთოვანებულმა სამურზაყანოელმა ბოლშევიკებმა მოიწვიეს გლეხთა კრება, რომელიც გალში 11 აპრილს გაიხსნა. კრებამ მხარი დაუჭირა ბოლშევიკთა ლოზუნგებს და მიიღო რეზოლუცია სამურზაყანოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ. ფ თორია შევიდა პ. ძიგუას ხელმძრვანელობით შექმნილი უბნის რევკომის, აგრეთვე სამხედრო საქმეების საგანგებო სამეულის შემადგენლობაში. იგი დაინიშნა უბნის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარ მეთაურად, რომელშიც რამოდენიმე ათეული კაცი შედიოდა.

მარტში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება გაგრაში. 8 აპრილი (26 მარტი) აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი სოხუმი და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. კონტრრევოლუციამ მხოლოდ კოდორის უბანში მოახერხა გამაგრება. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დროებითი ცენტრალური ორგანო გახდა საოლქო სამხედრო რევკომი, რომელსაც ე. ეშბა ხელმძღვანელობდა.

მათ „დაავიწყდათ“ დაპირებები ერთა თვითგამორკვევის, ავტონომიის შესახებ და აღადგინეს სოხუმის ოლქი. ხელისუფლების ბოლშევიკურმა ორგანომ — ე.წ. რევოლუციურმა კომიტეტმა (რევკომი), რომლის დოკუმენტებში „აფხაზეთი“ საერთოდ არ ფიგურირებს, აფხაზთა სახალხო საბჭო ფაქტობრივად დაშალა, მისი თავმჯდომარე და წევრების დიდი ნაწილი დააპატიმრა. ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის დავალებით ეროვნულმა გვარდიამ ვ. ჯუღელის მეთაურობით 1918 წელს. 17 მაისს ქ. სოხუმი გაათავისუფლა ბოლშევიკებისაგან და შემდგომში მტერი აფხაზეთის ფარგლებიდანაც განდევნა. იმავე წლის 29 მაისს ვ. ჯუღელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით მოახსენებდა, თუ როგორ აღვივებდნენ და ამწვავებდნენ ბოლშევიკები შუღლს ქართველებსა და აფხაზებს შორის, ასევე ქართველებსა და სომხებს შორის, მაგრამ ბოლომდე მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. „არსად ისე აღფრთოვანებით არ მივუღივართ მცხოვრებთ, როგორც ოჩამჩირეში, რამდენი ტაში, რამდენი ყვავილები, რამდენი დღესასწაული... კოდორის აფხაზები ჩვენთან იყვნენ, გუდაუთისა — ბოლშევიკების მხარეზე“[6], — აცხადებდა ვ. ჯუღელი. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ მოსახლეობას ბოლშევიკურ ავანტიურაში აქტიური მონაწილეობა მართლაც არ მიუღია, თუმცა რევკომის თავმჯდომარედ, გასაგები მიზეზების გამო, ე. ეშბა დაინიშნა. ამბოხების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ჩრდილოეთიდან მოვლენილი რუსი და უფრო მეტად ქართული ეროვნების ბოლშევიკები[7], რომლებიც სამშობლოს ღალატობდნენ. ამ დროს, მტკიცება, თითქოს ბრესტის ზავიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთს არ ჰქონდა აფხაზეთისათვის (ასეთ პოლიტიკურ ერთეულს ბოლშევიკები საერთოდ არ სცნობდნენ) დახმარების გაწევის შესაძლებლობა[8], უსაფუძვლოა. თანამედროვე სეპარატისტები, ისევე როგორც თავის დროზე ს. ბასარია, არაფერს ამბობენ არნახულ ბოლშევიკურ ძალადობაზე, ძარცვაზე, სახალხო საბჭოს, თვით ს.ბასარიას დაპატიმრებაზე და წერენ ქართველთა „იმპერიული“ მიზნების, საბჭოთა ხელისუფლების ჩახშობის შემდეგ მენშევიკური „სამხედრო დიქტატურის“ დამყარების შესახებ. სინამდვილეში კი ბოლშევიკური ტირანიისაგან „სოხუმის ოლქის“ განთავისუფლებას მოჰყვა პოლიტიკური ერთეულის — აფხაზეთის ფაქტობრივი აღდგენა და რამდენადმე განახლებული (მეორე მოწვევის) აფხაზთა სახალხო საბჭოსათვის მთელი ძალაუფლების გადაცემა.

სეპარატისტები, ერთი მხრივ, საბჭოთა ხელისუფლებას (რომელმაც სოხუმის ოლქი აღადგინა) მისტირიან; მეორე მხრივ, 1918წ. 11 მაისს, როცა სოხუმში ჯერ კიდევ ბოლშევიკები ბატონობდნენ, „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის“ დღედ აცხადებენ იმ მოტივით, რომ მაშინ ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე თურქეთმა აღიარა მთიელთა რესპუბლიკა, ამ უკანასკნელის შემადგენლობაში კი ვითომ აფხაზეთიც შედიოდა. 1918 წლის 17 მაისამდე, ბოლშევიკების დამარცხებამდე, პოლიტიკური ერთეული — აფხაზეთი არც არსებობდა; ბოლშევიკთა ხელში მყოფ სოხუმის ოლქს კი არანაირად არ შეეძლო „სახელმწიფოებრიობის“ აღდგენა. გარდა ამისა, 1918 წლის 20 მაისს აფხაზთა სახალხო საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური რეზოლუცია, „რომლის მიხედვით, კატეგორიულად მტკიცდება აფხაზთა სახალხო საბჭოს და საოლქო გლეხთა საბჭოს (4-10 მარტი) გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ხალხთა საზოგადო ოჯახში, როგორც მისი თანასწორი წევრი, რაც დაუყოვნებლივ ეუწყება ბათუმის საზავო კონფერენციას საკუთარი დელეგატების პირით“[9]. საბჭოს ნების წინააღმდეგ, ალ. შარვაშიძის ხელმძღვანელობით რამდენიმე პირის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას (ისინი არც კონფერენციის მონაწილეები იყვნენ და არც სახალხო საბჭოს წარმომადგენლები) არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი შედეგი ასეთ განცხადებას არ მოჰყოლია[10]. მთიელთა რესპუბლიკის დეკლარაციაში აფხაზეთი მის შემადგენელ ნაწილად არ დასახელებულა. მასში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ რესპუბლიკის სამხრეთის საზღვარი ამიერკავკასიის მთავრობასთან შეთანხმებით დადგინდება[11].

სამოქალაქო ომის მძიმე ვითარებამ და ამიერკავკასიის კონტრრევოლუციურმა აქტიურმა მოქმედებამ გააძნელა აფხაზეთისათვის მხარდაჭერა. ქართველი მენშევიკების ინიციატივით ამიერკავკასიის სეიმმა საბჭოთა აფხაზეთის წინააღმდეგ გაგზავნა სამხედრო შენაერთები, რომელთაც ადგილობრივი თავადაზნაურთა და მემამულეთა შეიარაღებული რაზმებიც შეუერთდნენ. რევკომმა თავი მოუყარა მთელ თავის ძალებს. გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა მდინარე კოდორთან. 4 (17) მაისს კონტრრევოლუციურმა ჯარმა, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა სოხუმი დაიკავა.

6 (19) მაისს თბილისის აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულ საზოგადო წესრიგის კომისიამ სოხუმიდან დეპეშა მიიღო, რომ წითელ გვარდიას რაზმმა ჯუღელის და პოლკოვნის კონევის ხელმძღვანელობით აიღო ქალაქი სოხუმი. ბოლშევიკებს ირაღი აჰყარეს. ხელთ იგდეს 11 ზარბაზანი, 21 ტყვიამრქვევი, დიდძალი იარაღი, სურსათი და წამოიყვანეს 500 ტყვე. წითელგვარდიელებს მოუკლეს 1, დაიჭრა რამდენიმე კაცი[12].

1918 წლის შემოდგომისათვის მთელ აფხაზეთში დროებითი კონტრრევოლუციური რეჟიმი დამყარდა.

სოხუმში საბჭოთა ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, მდგომარეობა სამურზაყანოში გართულდა. სამურზაყანოელი ბოლშევიკები ზომებს ღებულობდნენ ბლოკადის გასარღვევად. 1918 წლის ივნისის ბოლოს ფ. თორიას მეთაურობით ბრძოლით იქნა აღებული ანაკლია, ჯარი შეიჭრა ზუგდიდში, დაიკავეს ფოსტა, ტელეგრაფი, ციხე და დაეპატრონეს ქალაქის დიდ ნაწილს. მაგრამ ძალები უთანასწორო იყო და ამიტომ აჯანყებულებმა უკან დაიხიეს.

1918 წლის სექტემბერში სამურზაყანოს უბანში, რომელიც მაშინ ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების ერთადერთ კუნძულს წარმოადგენდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაგზავნა მსხვილი სამხედრო ძალა. ამის შესახებ ფ. თორია წერდა: „გენერალ ჯუღელის გვარდიულმა რაზმმა ჩვენი რაზმის წინააღმდეგ განახორციელა შეტევა, გახსნა საარტილერიო და ტყვიამფრქვევის ცეცხლი ზუგდიდისა და კოდორის მხრიდან, აგრეთვე ზღვიდან. ჩვენმა რაზმმა, რომელსაც მე ვმეთაურობდი, ვერ გაუძლო მტრის შემოტევას...“ ფ. თორია დააპატიმრეს და ზუგდიდის ციხეში მოათავსეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძიძარია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 30.;
  • Дзидзария Г. А., Советская власть в Абхазии в 1918 году, Сухум, 1972;
  • Дзидзария Г. А., Очерки истории Абхазской АССР, ч. 2, Сухум, 1964.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალიონი, 1917, 30 ნოემბერი.
  2. А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998, გვ. 16.
  3. საქართველო, 1918, 18 იანვარი
  4. ერთობა, 1918, 22, 24 მარტი
  5. ერთობა, 1918, 17 აპრილი
  6. საქართველო, 1918, 1 თიბათვე (ივნისი)
  7. ჯ. გამახარია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ისტორიიდან, გვ. 46-47
  8. О. Бгажба, С. Лакоба. История Абхазии, გვ. 294
  9. საქართველო, 1918, 23 მაისი.
  10. А. М. Чочуа. Избр. соч. Тб., 1987, gv. 69-70.
  11. ერი, 1992, 14 თებერვალი.
  12. გაზ. „საქართველო“, №96, 21 მაისი, 1918