აფშარები

აფშარები (ასევე ცნობილნი როგორც ავშარები; აზერ. Əfşarlar; თურქმ. Owşarlar) — თურქულენოვანი ეთნოსი[1]. ისინი განეკუთვნებიან ოღუზური ტომების იმ 24 ისტორიულ ჯგუფს, რომელთაც სხვადასხვა შუა საუკუნეების ავტორები სისტემატურად მოიხსენიებენ თავიანთ ნაშრომებში[2][3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიის მიხედვით, აფშარები მიეკუთვნებიან თურქომანთა ეთნო-კულტურულ წრეს[4], ხოლო მრავალი თანამედროვე კვლევა მათ განიხილავს, როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ერთ-ერთ ქვეეთნოსს[5]. თურქმენეთის რესპუბლიკაში არსებული აფშარული მოსახლეობა შედის ქვეყნის ხუთ ეთნოგრაფიულ ქვეჯგუფში[6]. დიდი რუსული ენციკლოპედიის მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ ირანში მცხოვრები აფშარები ეთნიკურად და კულტურულად აზერბაიჯანელებთან არიან დაახლოებულნი, მაშინ როცა ავღანეთსა და ირანის სხვა რეგიონებში ისინი თურქმენებთან ავლენენ მეტ სიახლოვეს[2].
აფშარების გადასახლდნენ ცენტრალური აზიიდან დასავლეთ აზიისკენ დათარიღებულია XIII–XIV საუკუნეებით[7].
ეთნონიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფშართა ეთნონიმი დოკუმენტურად პირველად XII საუკუნის თურქი ლექსიკოგრაფის, მაჰმუდ ალ-ქაშგარის, კრებულში დივან ლუღათ ატ-თურქ-ში დასტურდება. ასევე გვხვდება XIV საუკუნის სპარსული უნივერსალისტის, რაშიდ ად-დინის, ისტორიულ თხზულებაში ჯამი ატ-ტავარიხ, რომელშიც მოცემულია ოღუზთა გენეალოგიური მითოლოგია. აღნიშნული წყაროს თანახმად, ტომის სახელწოდება უკავშირდება აფშარ ხანის სახელს — ოღუზ-ხანის შვილიშვილისას, ხოლო სიტყვა „აფშარი“ შეიძლება ითარგმნოს როგორც „მორჩილი“ ან „გარდამავალი“[8]. იმავე ეპოქაში მმართველისა და ისტორიკოსის, აბუ ალ-ღაზის, ნაშრომში აღნიშნულია, რომ აფშართა ტომის სახელწოდება გულისხმობს შრომისმოყვარე, საქმისადმი სწრაფვაში გამორჩეულ პიროვნებას.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფშარული ენის ტიპოლოგიური კუთვნილების საკითხი სადავოა. ზოგიერთი მკვლევარი მას დამოუკიდებელ ენობრივ ერთეულად მიიჩნევს ოღუზური ჯგუფის სამხრეთ შტოში[9][10], ხოლო სხვათა აზრით, აფშარული ენა წარმოადგენს აზერბაიჯანული ენის დიალექტურ ფორმას[11][12]. თვითონ აფშარები საკუთარ ენას „აზერბაიჯანულს“ უწოდებენ[13]. აფშარული ენის გავრცელების არეალი მოიცავს ირანსა და ავღანეთს[10].
ავღანეთის აფშარების ნაწილი მონღოლურ ენასაც[14] ფლობს, რაც XX საუკუნის პირველ ნახევარში დაადასტურა უნგრელმა თურქოლოგმა ლაიოშ ლიგეტიმ, რომელმაც მონღოლურენოვანი აფშარების არსებობა დაადასტურა. ასეთი პირები, როგორც წესი, ბილინგვურები არიან და მათ მონღოლურ დიალექტზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სპარსულ-ტაჯიკური ენოვანმა გარემომ. მონღოლური ენის გავრცელება აფშარებში დაკავშირებულია XIII საუკუნის მონღოლთა ექსპანსიასთან[14]. ლიგეტი ხაზს უსვამს, რომ აფშარული ენა არ ჰგავს თანამედროვე თურქმენულს[11].
გეოგრაფია და დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფშარების დასახლების არეალები მოიცავს ირანის ჩრდილოეთსა და დასავლეთს, თურქეთს, აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონს (მათ შორის, აჯაბედეს რაიონს) და ავღანეთს. 1960-იანი წლების მონაცემებით, მათი მოსახლეობა 350,000 ადამიანს აღწევდა.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსის, სარა აშურბეილის, ცნობით, ნადირ შაჰის მმართველობისას აფშარების ნაწილი გადაასახლეს ბაქოს მახლობლად მდებარე აფშერონში — ზაბრატის, კეშლას და საბუნჩის სოფლებში — სადაც მათ სპეციფიკური ადმინისტრაციულ-სამხედრო როლი ჰქონდათ[15].
თურქმენეთის ტერიტორიაზე აფშარები წარმოდგენილნი არიან თურქმენი ეთნოგრაფიული ჯგუფების: არსარი, გოკლენი, მურჩელი, ესგი და ალილის შემადგენლობით.
აფშარების უმრავლესობა მიჰყვება შიიტურ ისლამს, მაშინ როცა თურქმენეთის აფშარები ძირითადად სუნიტური მაზჰაბის მიმდევრები არიან.
მრავალი აფშარი მისდევს ნახევრად მომთაბარე ყოფას, განსაკუთრებით ქერმანის რეგიონის სამხრეთში, და დაკავებულია მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით.
კლანური სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფშარებს ჰყავთ რამდენიმე ტრადიციული კლანი, რომელთაგან გამოირჩევიან: ალპლუ, არაშლუ, ბეკეშლუ, გუნდუზლუ, იმირლუ, კოსე აჰმედლუ, პაპალუ, კასემლუ, კერეკლუ და კირკლუ. კლანი იმირლუ შესაძლოა უკავშირდებოდეს ოღუზთა ერთ-ერთ უძველეს ტომს — იმირს. აფშარებად ასევე მიიჩნევიან აინალუს, უსალუს და უსტაჯლუს კლანების წარმომადგენელთა ქვეჯგუფები[16].
თურქმენი ისტორიკოსის ო. გუნდოგდიევის თანახმად, აფშარები შესაძლოა აღწერილნი იყვნენ ძველი სომეხი და ქართველი ავტორების მიერ, როგორც ალან-ასის ტომების ნაწილი — „ოვსურების“ სახელწოდებით[17].
შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფშარების ისტორიული სოფელი აუჩარი, რომელიც X საუკუნეში მოიხსენია არაბმა გეოგრაფმა ალ-მუკადასიმ, ბუხარასთან ახლოს მდებარეობდა[51]. XI–XIII საუკუნეებში აფშარები დასახლებული იყვნენ თანამედროვე თურქმენეთის ბალკანის რეგიონში, ბალხანის მთების მიდამოებში და მანგიშლაკის ნახევარკუნძულზე (დღევანდელი ყაზახეთი)[18].
აფშარები, 24 ოღუზური ტომიდან ერთ-ერთი, ბოზოკის ფრთის წარმომადგენლები არიან. სელჩუკთა მიერ ახლო აღმოსავლეთის დაპყრობების პერიოდში, აფშარებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და რეგიონის სხვადასხვა ნაწილში განმტკიცდნენ. XII საუკუნეში ისინი სელჩუკთა ადმინისტრაციული მმართველების სახით იხსენიებიან ხუზისტანში[1].
XIII–XIV საუკუნეებში ეთნონიმი „აფშარი“ ნაკლებად გამოიყენებოდა ისტორიულ წყაროებში, რაც განპირობებული იყო იმდროინდელი ზოგადი ტერმინით „თურქმანი“, რომელიც გამოიყენებოდა ყველა თურქული ტომისთვის.
აფშარების ეთნონიმი აქტუალური ხდება XIV–XV საუკუნეებიდან, როდესაც ისინი აქტიურად ერთვებიან ყარა ყოიუნლუსა და შემდგომში აყ ყოიუნლუს დინასტიების მხარდაჭერაში. სეფიანთა ეპოქაში აფშარებმა მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს ყიზილბაშურ-შაჰსევენურ ტომურ კოალიციებში. მათგან გამოსულან მაღალი რანგის სამხედრო და სამოხელეო პირები, მათ შორის — ყურჩი-ბაშები[1].
შაჰ აბას I-ის პერიოდში, უსაფრთხოების მიზნებით, აფშარების ნაწილი გადაასახლეს ხორასანში; კერძოდ, 4500 აფშარული ოჯახი ურმიიდან გადაიყვანეს აბივარდსა და დერეგეზში[19].
მიუხედავად სეფიანთა სახელმწიფოში მათი აქტიური სამხედრო-პოლიტიკური ჩართულობისა, აფშარების ტომის შიდა ერთიანობა თანდათანობით დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა გარკვეულწილად შენარჩუნებული იყო, ტომი დასუსტდა და გაიფანტა.
1736 წელს, ნადირ შაჰმა — აფშარების წარმომადგენელმა — შაჰ თამაზ II-ის და აბას III-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ თავი ირანის შაჰად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა აფშარიდების დინასტიას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 v. PEOPLES OF IRAN
- 1 2 АФША́РЫ
- ↑ ДИВАН ТЮРКСКИХ ДИАЛЕКТОВ
- ↑ Iran
- ↑ Richard V. Weekes. Muslim peoples: a world ethnographic survey. AZERI. — Greenwood Press, 1978 — p. 56 — ISBN 978-0-8371-9880-4
- ↑ Словарь туркменских этнонимов
- ↑ Петрушевский И. П. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI — начале XIX веков. — Л., 1949. — С. 48.:
- ↑ Рашид ад-Дин «Огуз-наме», часть 3 «Возвращение Огуза на родину и последние годы его жизни»:
- ↑ Turkic languages
- 1 2 TURKIC LANGUAGES OF PERSIA: AN OVERVIEW
- 1 2 Louis Ligeti. Sur la langue des Afchars d'Afghanistan (фр.) // Acta Orientalia Academiae Scientiarum Hungaricae. — 1957. — Vol. 7, no 2/3. — P. 109-156.
- ↑ South Azerbaijani
- ↑ Дебец Г. Ф. Антропологические исследования в Афганистане // Советская этнография. — М.: Наука, 1967. — № 4. — С. 87. «…афшары либо ещё сохранили в быту тюркский язык, либо помнят, что на этом языке (они называют его азери) говорили их предки»
- 1 2 V_M_Masson_V_A_Romodin__Istoria_Afganistana_Tom_1_1964.pdf
- ↑ Ашурбейли С. История города Баку. Период Средневековья. — Баку: Азернешр, 1992. — С. 223.
- ↑ AFŠĀR
- ↑ О.Гундогдыев «Туркмены и народы мира». Ашхабад: Туркменская государственная издательская служба, 2012 г.. - 288 стр. «Напротив, армянские и грузинские авторы Средневековья указывали на тюркоязычность аланов-асов, которых они знали под названием овсуров и дигоров. А ведь это главные огузские племена, зафиксированные в списках «Огуз-нама» - овсар (афшар) и дукер (тюгер). Эти этнонимы до сих пор бытуют у туркмен: овшар и тувер (тогар)...»
- ↑ Етническая история Северо-Западной Туркмении в средние века
- ↑ «Cambridge History of Iran», vol. 7, p. 4