ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესიის კარი და წარწერა
ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერა ახლო ხედით

ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ღვთისმშობლის ეკლესიაზე, დაახლოებით, X საუკუნის II ნახევრისა. წარწერა, რომელიც კარგადაა შენახული, 1940 წელს იპოვა ლ. რჩეულიშვილმა. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეკლესია რატი ერისთავს აუშენებია.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა თორმეტ სტრიქონიანია:

  1. ქ~ე ადიდე ორსა
  2. ვე ცხოვრებასა
  3. აქა ჴორციელებ
  4. რ და წ~ე შ~ნსა სოლ
  5. იებრ რატ ერისთ
  6. ავი ძე იგი ლპ~რტ
  7. ერისთვისაი რ~ლნ
  8. აღაშენა ესე სახ–
  9. ლი ღ~თისაი და ბჭეი
  10. ცათაი წ~ი ეკლესი
  11. აი სალოცველად
  12. სულისა მათისა

ანუ:

  1. ქრისტე, ადიდე ორსა–
  2. ვე ცხოვრებასა –
  3. აქა ჴორციელებ–
  4. რ და წ~ე შ~ნსა სულ–
  5. იე(რე)ბრ რატ ერისთ–
  6. ავი, ძე იგი ლიპარიტ
  7. ერისთვისაი, რომელმან
  8. აღაშენა ესე სახ–
  9. ლი ღმრთისაი და ბჭეი
  10. ცათაი – წმიდაი ეკლესი–
  11. აი სალოცველად
  12. სულისა მათისა

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერაში გვხვდება აი, ეი გრაფემათმიმდევრობანი, რომლებიც გამოხატავენ /აი/, /ეი/ ხმოვანთკომპლექსებს (ერისთვისაი, ღმრთისაი, ბჭეი, ცათაი, ეკლესიაი). ეს მოვლენა ასახავს დამავალ დიფთონგთა ადგილას ორი სრული ხმოვნის ჩამოყალიბებას, რაც მოხდა ქართული ენის გავრცელების გარკვეულ არეალში.

ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე: სალოცველად სულისა მათისა. ამ შემთხვევაში დამწერმა გამოიყენა პატივისცემის მრავლობითი. ეს სტილისტური ხერხი X საუკუნიდან გვხვდება ქართულ წერილობით ძეგლებში.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერაში მოხსენიებულია კლდეკარის ერისთავი რატი, ლიპარიტის ძე, რომელსაც კლდეკარი (და შესაძლოა, ატენიც) ჩამოართვა ბაგრატ III-მ. ამ ისტორიულ ცნობაზე დაყრდნობით, ნ. შოშიაშვილი წარწერას 982–989 წლებით ათარიღებს, რაც არსებითად ეთანხმება ლ. რჩეულიშვილისეულ დათარიღებას – X საუკუნის II ნახევარი. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეკლესია რატი ერისთავს აუშენებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 202–203
  • ლ. რჩეულიშვილი, ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია, „ქართული ხელოვნება“, I, თბ., 1942 გვ. 33–37
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 42–43