ატენის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატენის ბრძოლა — ქართველთა ლაშქრის ბრძოლა 1724 წელს ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ. 1724 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს მიმართეს, რათა იგი სათავეში ჩასდგომოდა აჯანყებას. კონსტანტინე II კახთა, თუშთა და ფშავ-ხევსურთა ლაშქრით ქართლში მივიდა. აჯანყებულთა ლაშქარი 10 000-ს კაცს ითვლიდა. აჯანყებულებმა გადაწყვიტეს ჯერ გორის ციხის, შემდეგ კი თბილისის ციხის აღება და ქართლის მტრისაგან მთლიანად გათავისუფლება. ქართლის გამგებელმა რეჯებ-ფაშამ გორის მეციხოვნეთა დასახმარებლად ჯარი გაგზავნა ახალციხის ფაშის ისაყ I-ის მეთაურობით. 15 სექტემბერს, სოფელ ატენთან გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა, იერიშზე თავდაპირველად ქართველები გადავიდნენ და მტერი უკუაქციეს, მაგრამ მოღალატეთა დახმარებით ოსმალებმა საბოლოოდ მაინც მოახერხეს ქართველთა დამარცხება. მტერი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა; დახოცილ ქართველთა თავები თბილისში ურმით გაუგზავნეს რეჯებ-ფაშას.

ატენის ბრძოლის შემდეგ ერთგვარი შესვენება დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ძალები მოეკრიბათ და შემდეგ ხელახლა შეეტიათ დამპყრობლისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965