ასტრონომიული კალენდარი
„ასტრონომიული კალენდარი“ — წელიწდეული, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიული კათედრისა და ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების თბილისის საქალაქო განყოფილების გამოცემა. გამოდის თბილისში 1961 წლიდან (რედაქტორი ე. ხარაძე). სტრუქტურით უახლოვდება საზღვარგარეთის ანალოგიურ კალენდრებს, ოღონდ, ციურ მოვლენათა მომენტებს იგი იძლევა იმ სახით, როგორც მოხერხებულია საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში გამოსაყენებლად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961-2008 წლებში მას ერთობლივად გამოსცემდა ე. ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2009-2020 წლების ასტრონომიული კალენდრები გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
2021 წლის ატრონომიულ კალენდარს გამოცემულია სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტოფიზიკური ობსერვატორიის მიერ.
შიგთავსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ასტრონომიული კალენდარი“ შეიცავს 3 ძირითად განყოფილებას: ცვალებად ნაწილს, მუდმივ ნაწილს და დამატებას.
ცვალებადი ნაწილი იძლევა ციურ მოვლენათა მსვლელობის წინასწარ გამოთვლილ პარამეტრებს საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტისთვის, სახელდობრ, წლის სხვადასხვა დროს მზის, მთვარისა და კაშკაშა პლანეტების ამოსვლისა და ჩასვლის მომენტებს და სათანადო წერტილთა აზიმუტებს, აგრეთვე კულმინაციათა მომენტებს, მზისა და მთვარის დაბნელების, აგრეთვე მთვარის მიერ კაშკაშა ვარსკვლავებისა და პლანეტების დაფარვის მომენტებსა და დამზერით მახასიათებლებს; მზისა და მთვარის ფიზიკურ კოორდინატებს წლის სხვადასხვა დღისთვის; განსაკუთრებით საინტერესო მონაცემებს მცირე ცთომილების, კომეტების, ცვალებადი ვარსკვლავების შესახებ; თანავარსკვლავედების და ზოგიერთი ციური სხეულის ხილვადობის პირობებს სხვადასხვა თვეში და სხვა.
მუდმივი ნაწილი შეიცავს რეფრაქციის ცხრილებს, აგრეთვე ცნობებს უკაშკაშესი ვარსკვლავების, ორჯერად ვარსკვლავთა სისტემების, ვარსკვლავთა გროვების, ნისლეულებისა და გალაქტიკების შესახებ, ვარსკვლავიერი დროისა და საშუალო დროის ურთიერთგადასაყვან ცხრილებს.
დამატებაში რეგულარულად ქვეყნდება წერილები უახლეს ასტრონომიულ აღმოჩენებზე, პასუხები მკითხველთა შეკითხვებზე, საზღვარგარეთ ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარებული ასტრონომიული კონფერენციების ანგარიშები, საზოგადოდ, ასტრონომიული ცხოვრების ქრონიკა და მნიშვნელოვანი ასტრონომიული თარიღები.
„ასტრონომიული კალენდარი“ განკუთვნილია პედაგოგების, მოსწავლეების და ასტრონომიული მოვლენებით დაინტერესებული ყველა პირისათვის. პრაქტიკულად იყენებენ ობსერვატორიებში, პლანეტარიუმებში, მეტეოროლოგიურ სადგურებში, აგრეთვე სკოლებში ასტრონომიის სწავლებასთან დაკავშირებული პრაქტების სავარჯიშოების შესასრულებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 238.