შინაარსზე გადასვლა

ასტრახანის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტრახანისა და ყაზანის სახანოების რუკა

ასტრახანის სახანო (თათრ. Хаҗитархан ханлыгы, حاجی‌ ترخان خانلغی) — თათართა ფეოდალური სახელმწიფო (დედაქალაქი ასტრახანი) 1466-1560 წლებში.

ასტრახანის სახანო შეიქმნა ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. XV საუკუნეში ოქროს ურდოს ემირმა ჰაჯი ჩერქეზმა ასტრახანი დაიკავა და დამოუკიდებელ სამფლობელოდ აქცია. 1459-1460 წლებში ასტრახანის სახანო საბოლოოდ განცალკევდა. მის შემადგენლობაში შედიოდა ქვემო ვოლგისპირეთი და წინაკავკასიის ველები. სახანო ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული ცალკეული ფეოდალური სამფლობელოების — ულუსებისაგან შედგებოდა. დასახლებული იყო თურქულენოვანი ტომებით, რომლებიც ძირითადად მომთაბარე მესაქონლეობას მისდევდნენ. ყმები (ულუსების „შავი ხალხი“) იასაღს უხღიდნენ ხანს და ამას გარდა, განიცდიდნენ ექსპლუატაციას სხვა, უფრო მცირე საერო და სასულიერო ფეოდალთაგან. ხანის ხელისუფლებაც ფაქტობრივად ამ ფეოდალთა მიერ იყო შეზღუდული. XV საუკუნის ბოლოს, ასტრახანის სახანო ყირიმის სახანოს, ნოღაის ურდოსა და სხვა პოლიტიკურ ერთეულთა სადავო ობიექტი გახდა. მათთან ბრძოლა რომ გაადვილებოდა, სახანო რუსეთს დაუახლოვდა და 1533 წელს სამოკავშირო ხელშეკრულება დადო მასთან. 1554 წელს რუსეთის მთავრობამ სამხედრო ძალით მოახერხა ასტრახანიდან ყირიმის სახანოს ორიენტაციის მომხრე იამგურჩეი ხანის განდევნა და მის მაგივრად ტახტზე ისმაილ დერვიშ-ალი აიყვანა. 1556 წელს როდესაც დერვიშ-ალიმ ყირიმის სახანოსა და ნოღაის ურდოს დახმარებით მოსკოვის ვასალობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, რუსეთის მთავრობამ ახალი ლაშქრობა მოაწყო და საბოლოოდ შეიერთა ასტრახანის სახანო.