ასტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასტამი — რკინის პატარა ნიჩაბი. იხმარება პურის ცხობისას. ვარცლის ასტამით (ხოწი) ვარცლიდან ცომს ფხეკენ, თორნის ასტამით გამომცხვარ პურს თორნიდან იღებენ და მიმწვარს ჩაფხეკენ. კერის ასტამით კი კერიდან ღველფს იღებენ და თავდახურულ კეცს აყრიან. ასტამსა და საკეცს „ნაწილიან“ (წმინდა) საგნებად თვლიდნენ და ქალებს მზითვად ატანდნენ. ყოველ ბარბარობას სრულდებოდა ოჯახის ახალი დიასახლისისათვის ასტამ-საკეცის გადაცემის რიტუალი.

ძველი ქართული ენის ლექსიკონში ასტამი განმარტებულია როგორც „ცეცხლის საჩხრეკი“. პირველად ასტამი „შუშანიკის წამებაში“ იხსენიება: „მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თვისითა დასთრგუნვიდა მას [შუშანიკს], და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეხვიაშვილი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 642, თბ., 1975