ასკანია-ნოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასკანია-ნოვა

უკრ. Асканія-Нова

IUCN კატეგორია Ib (ველური ბუნება)
მდებარეობა ხერსონის ოლქი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უახლოესი ქალაქი არმიანსკი, კახოვკა
ფართობი 330 კმ²
დაარსდა 1874
მმართველი ორგანო უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ოფიციალური საიტი askania-nova-zapovidnik.gov.ua

ასკანია-ნოვა (უკრ. Асканія-Нова) — ნაკრძალი სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში. ფართობი დაახლ. 110 კმ², ბიოსფერულ პოლიგონთან ერთად — 330 კმ²-ზე მეტი. 1828 წელს დაარსდა როგორც მეცხვარეობის მსხვილი მეურნეობა; მაშინვე ჩაეყარა საფუძველი პეიზაჟური დაგეგმარების პარკს. 1874 წელს მიწათმფლობელ ფრიდრიხ ფალც-ფაინის ორგანიზებით მოეწყო სამოყვარულო ზოოპარკი. 1898 წელს იოზეფ პაჩოსკის ინიციატივით სამეურნეო სარგებლობიდან გამოყვეს ველის ნაკრძალი მონაკვეთი. 1919 წელს ასკანია-ნოვა ეროვნულ ნაკრძალ პარკად გამოცხადდა, 1921 წელს — სახელმწიფო ველის ნაკრძალად, რომლის მიზანი იყო ყამირი წივანა-ვაციწვერიანი ველის ბუნების შენარჩუნება და შესწავლა, ასევე ცხოველთა და მცენარეთა ძვირფასი სახეობების აკლიმატიზაცია. ნაკრძალთან შეიქმნა სამეცნიერო საველე სადგური, ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი და ზოოტექნიკური სადგური სანაშენე მეურნეობით. 1932 წელს ასკანია-ნოვას ბაზაზე დაარსდა ცხოველთა ჰიბრიდიზაციისა და აკლიმატიზაციის საკავშირო ინსტიტუტი [შემდგომში. უკრაინის მ. ივანოვის სახელობის ველის რაიონების მეცხოველეობის ინსტიტუტი („ასკანია-ნოვა“)]. დიდი სამამულო ომის დროს ნაკრძალს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა: დაიკარგა სამეცნიერო და საარქივო მასალა, ზოოპარკში დაიღუპა ცხოველთა სულადობის 80%.[1]

ასკანია-ნოვა უნიკალური კომპლექსია, რომელიც მოიცავს ნაკრძალი ყამირი ველის ევროპაში ერთადერთ მასივს, სააკლიმატიზაციო ზოოპარკსა და სარწყავ დენდროპარკს (ფართობი დაახლ. 2 კმ²). ნაკრძალის ველის ფლორა, რომლის ძირითად ნაწილს მარცვლოვნები შეადგენენ, მოიცავს 400-ზე მეტ სახეობას (მ.შ. დაახლ. 70 — იშვიათი და გადაშენების საფრთხეში მყოფი, დაახლ. 40 — ენდემური). ასკანია-ნოვას ფაუნა დამახასიათებელია სამხრეთის მშრალი ველებისათვის. ძუძუმწოვრებს შორის მრავლადაა მცირე თრია, საზოგადოებრივი მემინდვრია, ადგილ-ადგილ — რუხი კურდღელი. უფრო იშვიათად გვხვდება რუხი ზაზუნა, ველის თაგვანა, დიდი მიწის კურდღელი, ჩვეულებრივი ზაზუნა; რეაკლიმატიზებულია ველის ვირზაზუნა. ყამირ ველზე ბუდობს 20-მდე სახეობის ფრინველი, ყველაზე მრავალრიცხოვანია ტოროლა, მეღორღია, მწყერი, კირკიტა, გვხვდება სავათი, ველის არწივი, რუხი წერო, თვალჭყეტია.[1]

ტბორებიანი პარკის შექმნამ ასკანია-ნოვა გადააქცია წყალსატევებთან და ტყის მცენარეულობასთან დაკავშირებული ფრინველების ბუდობისა და გადაფრენის დროს დროებითი გაჩერების მოსახერხებელ ადგილად. ზოოპარკში სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილია გარეული ცხოველების კოლექცია. განსაკუთრებით ბევრია ანტილოპები (გნუ, კანა, ნილგაუ, კუდუ, იმპალა და სხვ.); აგრეთვე წარმოდგენილია აფრიკული კამეჩი, ბიზონი, დომბა, ზებრა, ფაფრიანი ცხვარი, ლამა, ირემი და სხვ.; ფრინველებიდან — აფრიკული სირაქლემა, ნანდუ, ემუ, კაზუარი, გედი, ფლამინგო, წერო და სხვ. წარმატებით მრავლდება პრჟევალსკის ცხენი, ტარდება ჰიბრიდიზაციის ცდები, გამოიყენება გარეული ცხოველების ნახევრად თავისუფალი და თავისუფალი შენახვის მეთოდები. დენდროპარკში მშრალი სამხრეთის პირობებში წარიმართა 150-ზე მეტი სახეობისა და ფორმის ხის და ბუჩქის ხანგრძლივი აკლიმატიზაცია (მ.შ. იფანი, თეთრი აკაცია, თელა, ყუნწიანი მუხა, ცაცხვი, ცხრატყავა, იასამანი).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Аскания-Нова // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 358.