შინაარსზე გადასვლა

ასანსორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასანსორის ლიფტის კოშკი იზმირში, თურქეთი
ლიფტის ხედი ქვემოდან
კოშკის ზედა ნაწილის ხედი მომიჯნავე ქუჩიდან
კოშკის ქვედა შესასვლელი დარბაზი

ასანსორი (თურქ. Asansör), რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც ლიფტი, სიტყვა ფრანგულიდანაა წარმოშობილი — ascenseur) — ლიფტიანი კოშკი და ისტორიული ნაგებობა იზმირში, თურქეთში, კონაქის რაიონის ქარათაშის კვარტალში. აშენდა 1907 წელს, რათა ადამიანებს გაადვილებოდათ ზღვასთან მდებარე ქარათაშის კვარტლიდან, მაღლობზე მდებარე ხალილ რიფათ-ფაშას კვარტალში ასვლა.[1][2] ეს ორი უბანი ერთმანეთთან მხოლოდ ციცაბო საფეხურებით იყო დაკავშირებული, და ლიფტმა გადაადგილება ბევრად მარტივი და სწრაფი გახადა.

აგურისგან აშენებული ლიფტის კოშკი ორი ლიფტით 1907 წელს ქველმოქმედების მიზნით ააშენა ებრაელმა ბანკირმა და ფილანთროპმა ნესიმ ლევი ბაირაქლიოღლუმ (თურქ. Nesim Levi Bayraklıoğlu), რათა გაემარტივებინა გადაადგილება მითათ-ფაშას ქუჩიდან (თურქ. Mithatpaşa Caddesi) ხალილ რიფათ-ფაშას ქუჩამდე (თურქ. Halilrıfat Paşa Caddesi), რომელიც დაახლოებით 40 მეტრით ზემოთ მდებარეობს გორაკის დაქანებაზე. ლიფტის აშენებამდე ამ ორ ქუჩას შორის ასასვლელად გამოიყენებოდა 155 საფეხურისგან შემდგარი კიბე.

1930-იან წლებში ლიფტის კოშკში განთავსებული იყო კინოთეატრი, თეატრალური სცენა და ფოტოსტუდია.[2][3] 1942 წელს ნაგებობა შეიძინა შერიფ რეზმი რეიენტმა (თურქ. Şerif Remzi Reyent). მისი გარდაცვალების შემდეგ ნაგებობა მემკვიდრეობით გადავიდა მის დისშვილზე, რომელმაც იგი 1983 წელს ქალაქს აჩუქა. 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ლიფტი განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

კონსტრუქცია, სტრუქტურა და ხედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგმით კვადრატული კოშკი შედგება ოთხი იარუსისგან. ქვედა, ოთხსართულიანი იარუსი აშენებულია ქვით, ხოლო ზედა ორი იარუსი აგებულია აგურით, რომელიც ჩამოტანილი იყო მარსელიდან. თითოეული ზედა იარუსი ოდნავ ვიწროა ქვემოთ მდებარე იარუსთან შედარებით, და იარუსები ერთმანეთისგან გამოყოფილია აგურის ორნამენტული ზოლებით (მოლდინგებით). კოშკში შესასვლელი მოიცავს სამ კარიბჭეს და მდებარეობს მის ჩრდილოეთ მხარეს. შესასვლელის ზემოთ, კედელზე განთავსებულია მრგვალი მედალიონი, რომელზეც ამოტვიფრულია ნაგებობის დამკვეთის სახელი ფრანგულ და ლადინურ ენებზე:„ლიფტი აშენდა ნესიმ ლევი ბაირაქლიოღლუს მიერ, 1907“ (თურქ. Ascenseur Construit par Nesim Levi Bayrakoğlu, 1907). ნაგებობის პროექტირება იტალიელმა და ფრანგმა ინჟინრებმა განახორციელეს, რადგან დამკვეთს სურდა, რომ ის თანამედროვე ევროპული სტილისთვის ყოფილიყო შესაბამისი. თითოეული აგურის იარუსის წინა კედელზე მდებარეობს ოთხ-ოთხი ფანჯარა. მესამე იარუსი მთავრდება ხალილ რიფათ-ფაშას ქუჩის დონეზე. ამ ადგილზე კოშკს გარს არტყავს ხის აივანი, რომელიც დამაგრებულია ფოლადის ბრჯენებზე. აივნის თუჯის მოაჯირი მორთულია ორნამენტებით, რომლებიც ტრადიციული იყო იზმირისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში. ყველაზე ზედა, მეოთხე იარუსი აივნის დონის ზემოთ აღიმართება. მას აქვს ორი ფანჯარა წინა (ჩრდილოეთის) მხარეს და ორი კარი სამხრეთის მხარეს, რომლებიც ხალილ რიფათ-ფაშას ქუჩაზე გადის. კოშკს აგვირგვინებს მეტალის გვირგვინი შუბით და დეკორატიული მორთულობით.

ლიფტის კოშკის აშენების დროს თითოეულ ლიფტს სხვადასხვა ტიპის მექანიზმი ჰქონდა: მარცხენა ლიფტი მოქმედებდა ორთქლის ძრავით, ხოლო მარჯვენა — ელექტროძრავით. ორთქლის ლიფტი 1985 წელს ელექტრულით ჩაანაცვლეს, ამიტომ დღეს ორივე ლიფტი ელექტროენერგიაზე მუშაობს. კოშკის ჰოლში შესვლისას მითხათფაშას ქუჩის მხრიდან, მარცხენა მხარეს მდებარეობს დაცული ძველი საორთქლე ოთახი და სატუმბი სადგური. მარჯვენა მხარეს განთავსებულია პერსონალის ოთახები. შესასვლელის პირდაპირ კი მდებარეობს ორი ლიფტის კარი. ჰოლი მორთულია დეკორატიული არქიტექტურული ელემენტებით. ლიფტების მექანიზმების განყოფილება (საოპერაციო ოთახი) კოშკის ზედა ნაწილშია მოთავსებული — ლიფტის მარცხენა მხარეს, ხალილ რიფათ-ფაშას ქუჩიდან შესვლის შემთხვევაში.[4][5]

მნიშვნელობა ქალაქისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასანსორის კოშკი იზმირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. 1990-იანი წლების რესტავრაციის შემდეგ, კოშკის მწვერვალზე გაიხსნა რესტორანი, რომელიც იმავე სახელს ატარებს — „ასანსორი“.[2][6] კოშკის აივანზე მდებარეობს კაფე-ტერასა. აივნიდან იშლება ულამაზესი ხედი იზმითის ყურესა და მის მიმდებარე ურბანულ ნაწილზე.

მას შემდეგ, რაც ნაგებობა აშენდა, მალევე მასთან მისასვლელ პატარა შესახვევს დაარქვეს „ლიფტის ჩიხი“ (თურქ. Asansör Çıkmazı). ამ ჩიხში, რომელსაც ძირითადად ებრაელი მოსახლეობა შეადგენდა, 11 ნომერ სახლში ცხოვრობდა ცნობილი მომღერალი და მსახიობი დარიო მორენო. დღესდღეობით ეს ჩიხი მის სახელს ატარებს — „დარიო მორენოს შესახვევი“ (თურქ. Dario Moreno Sokağı).[4]

  1. Asansör — Karataş. № 14. Mekan / Space (March—April, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  2. 2.0 2.1 2.2 İzmir Asansörü. İzmirde Yaşam. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  3. Welcome to Izmir Guide. ondokuz.gen.tr. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  4. 4.0 4.1 Asansör (the Elevator). İzmir. Kültür ve Turizm Dergisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-02. ციტირების თარიღი: 2013-09-30.
  5. Tuğçe Bostan. (2012-04-30) Harika manzarasıyla tarihi Asansör. Haber Elül. Dokuz Eylül Üniversitesi Haber Eylül İnternet Gazetesi. ციტირების თარიღი: 2013-09-30.[მკვდარი ბმული]
  6. Asansor. TripAdvisor. ციტირების თარიღი: 2013-09-30.